საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
დოკუმენტის ნომერი
6089-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2012-04-26
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-07
სარეგისტრაციო კოდი
010190030.06.001.016005
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

      მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ( საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 25.03.2004, მუხ. 38) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. XXX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პარლამენტის ურთიერთობა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობით ორგანოებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან“.

2. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2011   მუხლი:

„მუხლი 2011

1. საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების საკანონმდებლო პროცესების კოორდინაციის მიზნით საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო.

2. ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში შედის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეების მიერ დანიშნული სამ-სამი წევრი.

3. ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით − მისი ერთ-ერთი მოადგილე.

4. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იმართება 3 თვეში ერთხელ მაინც.“.

3. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 2714   მუხლი:

„მუხლი 2714

1. 2012 წლის 1 მაისიდან საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს როგორც ქალაქ თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში.

2. საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის ჩატარების ადგილის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე იღებს პარლამენტის ბიურო, ხოლო რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევის შემთხვევაში − საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

      მუხლი 2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეებმა ამ რეგლამენტის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყონ ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს წევრთა დანიშვნა.

      მუხლი 3. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე  დ. ბაქრაძე

თბილისი,

2012 წლის 26 აპრილი.

№6089-Iს

კრებსითი — სრული ვერსია