საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №66
2012 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის ბრძანება №01-111 - ვებგვერდი, 13.06.2016წ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველოს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საიდუმლო საქმისწარმოების სამმართველო (შემდგომში – სამმართველო ) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და საიდუმლო კორესპონდენციაზე მუშაობის მართვი ს უზრუნველყოფა.
2. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2. სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროში საიდუმლო დოკუმენტთბრუნვის სისტემატიზაცია, საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ბ) სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და შიდა ინფორმაციული წესრიგის უზრუნველყოფა;
გ ) დადგენილი წესით სამინისტროს სახელზე შემოსული და სამინისტროდან გასული საიდუმლო კორესპონდენციის რეგისტრაცია, კლასიფიცირება, სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთათვის და თანამშრომლებისთვის დროული მიწოდება;
დ ) იმ სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია, რომელთაც მინიჭებული აქვს გრიფი „საიდუმლო“ ;
ე) სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების მიზნით საიდუმლო დოკუმენტებთან პირთა დაშვება;
ვ) საიდუმლო დოკუმენტებზე/სამუშაოებზე დასაშვებ პირთა გაფორმებაში მონაწილეობის მიღება, მასალების დროულად წარდგენა დაშვების გასაფორმებლად და მათი მოქმედების ვადის კონტროლის უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს იმ მოსამსახურეთა თანამდებობრივი ნომენკლატურების მომზადება, რომლებიც ექვემდებარება განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ცნობებთან დაშვებას;
თ ) სამინისტროს მიერ საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას სამმართველო უფლებამოსილია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს სამმართველოს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია;
ბ) შესაბამისი უწყებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად;
გ) მოამზადოს ანგარიში სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მუხლი 3. სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი , რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
დ) წარადგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ;
ე) წარადგენს წინადადებებს სამმართველოს შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, სამმართველოს მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) პასუხისმგებელია და ორგანიზებას უწევს სამინისტროს სისტემაში არსებული საიდუმლო კორესპონდენციის კლასიფიცირებისა და დოკუმენტთბრუნვის კოორდინაციის პროცესს;
ზ ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტაციას;
თ ) კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას;
ი ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს სამმართველოს ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე;
კ ) წარადგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ;
ლ ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს.
4 . სამმართველოს დანარჩენ მოსამსახურეთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.