ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება № 13-63
2011 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. ,,ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს №9-63 გადაწყვეტილებით (სსმ V, №21, 03.09.2010, მუხლი 578, გვ.9) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-2 მუხლის ,,ბ ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) აუქციონი (საჯარო აუქციონი, ელექტრონული აუქციონი, პირობებით გამოცხადებული აუქციონი, განმეორებითი ან ვადაგაგრძელებული აუქციონი) – ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის აუქციონზე გატანილი/საპრივატიზებო ქონების (უძრავი და მოძრავი ნივთები, აქციები, წილი, სარგებლობის უფლება და სხვ.) საჯარო რეალიზაცია, სადაც აუქციონატორი წარმოადგენს ოფერენტს, ხოლო აქცეპტანტი ხდება აუქციონის გამარჯვებული მონაწილე;“ ;
ბ) მეორე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ გ) აუქციონატორი – ქ. თბილისის მთავრობის წარმომადგენელი (რწმუნებული პირი), – ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრული საპრივატიზაციო ქონების დადგენილი ფასით და პირობებით აუქციონის გზით რეალიზაცია, აუქციონატორი აუქციონის შედეგების გაფორმებისას მოქმედებს, როგორც აუქციონზე გატანილი/საპრივატიზებო ქონების მესაკუთრე;“ ;
გ) მეორე მუხლის „თ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ თ) ლოტი – ქ. თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრულ აუქციონზე გატანილი/საპრივატიზებო ქონება (უძრავ-მოძრავი ნივთები, აქციები, წილი, სარგებლობის უფლება და სხვ.). ერთ ლოტში შესაძლებელია გაერთიანდეს რამდენიმე ობიექტი;“ ;
დ) მეორე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ი) საწყისი ფასი – ქ. თბილისის მთავრობის მიერ აუქციონზე გატანილ/საპრივატიზებო ქონებაზე დადგენილი სააუქციონო კონკურენციის დასაწყები ფასი“ .
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი