საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №172/ნ
2011 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანებით (სსმ, 19.08.2005წ., №97, მუხ.1096) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესდების მე-8 მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. სკოლის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე. სკოლის დირექტორი დანიშვნიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარმოადგენს შესათანხმებლად დირექტორის მოადგილეების კანდიდატურებს.
8. სკოლის დირექტორის მოადგილეების კომპეტენცია განისაზღვრება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
9. სკოლის ახალი დირექტორის დანიშვნა იწვევს სკოლის დირექტორის მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას.”.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი