სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.13.007.006.053
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №12/2003
2003 წლის 4 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 29-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი I. “საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2003 წლის 20 ივნისის №4/2003 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. რეგლამენტის პირველი მუხლის მე-14 პუნქტის “დ” ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნას მე-2 წინადადება: “ამასთან, კომისიის აპარატის ყველა სამუშაო ოთახში, გარდა სპეციალურად გამოყოფილი ოთახისა (ოთახებისა), უცხო პირთა შესვლა დაიშვება მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა ან აპარატის უფროსის სათანადო ნებართვის საფუძველზე.”
2. რეგლამენტის მე-7 მუხლის “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“გ) ყველა განყოფილება, როგორც წესი, ვალდებულია:
გ.ა) კომისიის სხდომის წინა დღის არა უგვიანეს 12 საათისა, კომისიის სხდომებზე განსახილველი, საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბებული, მათ მიერ მომზადებული და ხელმოწერილი დადგენილების ან/და განკარგულებების პროექტები გადასცეს საოქმო-სარეგისტრაციო განყოფილებას.
გ.ბ) კომისიის სხდომის მომდევნო დღის არა უგვიანეს 12 საათისა საბოლოო რედაქციით ჩამოყალიბებული მათ მიერ მომზადებული დადგენილებები ან/და განკარგულებები გადასცეს საოქმო-სარეგისტრაციო განყოფილებას.”
მუხლი II. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) მისი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი III. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ნ. დევდარიანი
კომისიის მდივანი გ. მიქანაძე
1. ძალადაკარგულია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 16 იანვრის დადგენილება №6/2004 – სსმIII, №4, 20.01.2004 წ., მუხ.71