საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
74
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2004-12-27
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №74

2004 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამი­ნის­ტროს თანდართული დებულება.

2.    ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სახელმწიფო უში­შ­როების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართვე­ლოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულება.

3.    ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 მარტის ბრძანებულება №104 - სსმ III, №34, 26.03.2004 წ., მუხ.280

2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აპრილის ბრძანებულება №127 - სსმ III, №43, 23.04.2004 წ., მუხ.359

3. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ივნისის ბრძანებულება №196 - სსმ III, №57, 04.06.2004 წ., მუხ.486

4. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ივნისის ბრძანებულება №236 - სსმ III, №64, 25.06.2004 წ., მუხ.558

5. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №276 - სსმ III, №74, 22.07.2004 წ., მუხ.652 (ამოქმედდეს 2004 წლის 1 სექტემბრიდან).

6. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 ივლისის ბრძანებულება №292 - სსმ III, №78, 31.07.2004 წ., მუხ.689

7. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №310 - სსმ III, №82, 09.08.2004 წ., მუხ.722

8. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება №335 - სსმ III, №88, 19.08.2004 წ., მუხ.766

9. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №435 - სსმ III, №110, 06.10.2004 წ., მუხ.966

10. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 2 ნოემბრის ბრძანებულება №478 - სსმ III, №126, 05.11.2004 წ., მუხ.1102

11. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება №546 - სსმ III, №141, 03.12.2004 წ., მუხ.1259

12. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 დეკემბრის ბრძანებულება №564 - სსმ III, №144, 08.12.2004 წ., მუხ.1294

13. ძალადაკარგულია - საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება №614 - სსმ III, №152, 27.12.2004 წ., მუხ.1389

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულება

 

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო (შემდგომ­ში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სპეციალური დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფოს უშიშროებას საშინაო და საგარეო წყაროებისაგან მომდი­ნარე საფრთხისაგან.

2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოად­გენს სახელმწიფოს.

3. საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად და საქართვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთაშორისო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრო თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან საერთაშორისო ნარკობიზნესის, ტერორიზმისა და სხვა საერთაშორისო ხასიათის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.

4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, თავისი ნამდვილი და პირობითი სახელწოდებით და დამოუკიდებელი ბალანსი. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა), რომელიც რეგისტრირდება დადგენილი წესით. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 9 აპრილის ქუჩა №4.

5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

6. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქარ­თველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ", „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ", „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ", საქარ­თველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძა­ნე­ბულებები და განკარგულებები, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები.

7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სასწავლო ცენტრი.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ივნისის ბრძანებულება №196 - სსმ III, №57, 04.06.2004 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 19 ივლისის ბრძანებულება №276 - სსმ III, №74, 22.07.2004 წ., მუხ.652 (ამოქმედდეს 2004 წლის 1 სექტემბრიდან).

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება №335 - სსმ III, №88, 19.08.2004 წ., მუხ.766

II. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

8. სამინისტროს საქმიანობის სფეროა სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფა, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციათა და პირთა მოქმედებების, გეგმების, მიზნების, რეალური და პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენა ინფორმაციის მოპოვებითა და მისი ანალიზით, აგრეთვე საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის მეშვეობით.

9. სამინისტროს ამოცანებია:

ა) საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის სუვე­რენი­ტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედ­რო პოტენციალის დაცვა სხვა ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებისაგან;

ბ) სახელმწიფოს უშიშროებისათვის არსებითი საფრთხის შემქმნე­ლი, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ორ­გა­ნი­ზებული ხასიათის დანაშაულების გამოვლენა და თავიდან აცილება, საქართველოს კანონმდებლობით სამინისტროს ქვემდებარე დანაშაულთა გამოვლენა, თავიდან აცილება, მოკვლევა და წინასწარი გამოძიება;

გ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა – სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებში და ამ საქმიანობის კოორდინაცია;

დ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სადაზვერვო (პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, სამხედრო-სტრატეგიული) ინფორმაციების მოპოვება, მისი ანალიზი და დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობისთვის მიწოდება;

ე) საქართველოს სახელმწიფოსათვის მოსალოდნელი საფრთხის პროგნოზირება და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის სათა­ნადო რეკომენდაციების მიწოდება;

ვ) საქართველოს საგარეო-პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო-სტრატეგიული კურსის გატარებისათვის ხელის შეწყობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

10. მისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტროს კომპეტენცი­ას განეკუთვნება:

ა) კონტრსადაზვერვო საქმიანობა უცხოეთის სპეცსამსახურებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სადაზვერ­ვო და მტრული საქმიანობის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით;

ბ) სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით კონტრსადა­ზვერვო საქმიანობა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სასაზღვრო ჯარებში, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ სხვა შეიარა­ღებულ ფორმირებებში;

გ) კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიე­ბათა განხორციელება, მათ შორის ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება, ელექტრონული კონტროლი, კავშირგაბმუ­ლობის ტექნიკური არხებიდან (ტელეფონი, ტელეგრაფი, ფაქსი, ტელექსი, რადიოკავშირი და სხვ.) ინფორმაციის მოპოვება, გარე მეთვალყურეობა, იმ საქმეების მოკვლევა და წინასწარი გამოძიება, რომლებიც კანონმდებ­ლობით მის კომპეტენციას განეკუთვნება, დანაშაულში ეჭვმიტანილ ან დამნაშავე პირთა ძებნა და დაკავება;

დ) პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინის­ტროსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ორგანიზებულ დანაშაულობასთან, კორუფციასთან და ნარკობიზნესთან, აგრეთვე საერთაშორისო დანა­შაულთან ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმ დანაშაულთა პროფილაქტიკა, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად სამინისტროს ქვემდებარეა;

ვ) სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დროებითი ყოფნის იზოლატორის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს თანამშრომელთათვის იმ სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სპეცსაშუალებების შენახვისა და ტარების ნებართვის მიცემა, რომელთა გამოყენება მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლო­ბით დადგენილი წესის თანახმად;

თ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავე­ბასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, ორგანიზაციებსა და საწარმოებში მისი დაცვის კონტროლი, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა;

ი) დადგენილი წესით იმ პირების შემოწმება, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან;

კ) პირთა ნებაყოფლობითი დახმარების გამოყენება ღია ან ფარული ფორმით;

ლ) სათანადო უწყებებთან ერთად შესაბამის ღონისძიებათა განხორ­ციელება საქართველოს საზღვრების, ქალაქებისა და სამრეწველო ცენტრების სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრატეგიული დანიშნულების, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს ქვემდებარე ობიექტების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საშუალებათა უშიშროების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების გაფრთხილება იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს უშიშროებას;

მ) საქართველოს პრეზიდენტის, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღ­ლესი ორგანოებისა და დაინტერესებული უწყებების ინფორმირება სახელ­მწიფო უშიშროებისათვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ;

ნ) დადგენილი წესით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღ­ლესი თანამდებობის პირებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვის ოპერატიული უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურ­თან თანამშრომლობით;

ო) დადგენილი წესით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან და სხვა სათანადო უწყებებთან თანამშრომლობით თანამდებობის პირების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სატელეფონო, სატე­ლეგ­რაფო, რადიო და სხვა კავშირებით უზრუნველყოფა;

პ) სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად, კონტრსადაზვერვო საქმია­ნობით საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის წარმომადგენლობების, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს დაწესებულებებისა და მოქალაქეების უშიშროების უზრუნ­ველყოფა;

ჟ) საქართველოს პრეზიდენტის ან პარლამენტის გადაწყვეტილებით საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებათა უშიშროების უზრუნველყოფა;

რ) სახელმწიფო უშიშროების ორგანოების სრული სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა;

ს) სახელმწიფო ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ტ) საკუთარი უშიშროების უზრუნველყოფა;

უ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სხვა სახელმწიფოთა ფარული სადაზვერვო საქმიანობის, აგრეთვე საერთაშორისო ტერორიზმის, ნარკობიზნესისა და ორგანიზებული დამნაშავეობის გამოვლენის ღონისძიებებში მონაწილეობა;

ფ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმო­მადგენლობებში საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად დამტკიცებული რიცხოვ­ნობის ფარგლებში დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენელთა დანიშვნა;

ქ) სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნისა და დანერგვის კოორდინაცია;

ღ) საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება.

 

III. სახელმწიფო უშიშროების მინისტრი

11. სამინისტროს ხელმძღვანელობს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი (შემდგომში –მინისტრი), რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

12. მინისტრი:

ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) წარმოადგენს სამინისტროს ან უფლებას ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვა­ლისწინებული;

გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქარ­თვე­ლოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება;

დ) ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სა­მი­ნისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს;

ვ) განსაზღვრავს სამინისტროს ქვედანაყოფების უფროსთა უფლება­მოსილებას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დის­ცი­პ­ლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომ­ლებს;

თ) სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სახელმწიფო უშიშროების განმტკიცების საქმეში, აჯილდოებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით კანონმდებლობით დადგენილი წესით, უწყებრივი ჯილდოებით, სიგელებით, ფულით, ფასიანი საჩუქრებით;

ი) სამინისტროს თანამშრომლების, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სახელმწიფო უშიშროების განმტკიცების საქმეში, დაჯილდოების მიზნით აწესებს უწყებრივ ჯილდოებს (მედლებს და სამკერდე ნიშნებს), აგრეთვე სიგელებს; ამტკიცებს დებულებებს ასეთი ჯილდოების, სიგელების და მათი აღწერილობის შესახებ; ქმნის ჯილდოების და ფასიანი საჩუქრების (მათ შორის ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის) ფონდს;

კ) დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტთან შეაქვს წარდგინებები სამინისტროს თანამშრომლების დაჯილდოების თაობაზე, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სახელმწიფო უშიშროების განმტკიცების საქმეში;

ლ) ანიჭებს სამხედრო წოდებებს კანონმდებლობით დადგენილი წე­სით;

მ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამინის­ტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციას;

ნ) მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით, კონტ­რაქ­ტის საფუძველზე, ცალკეულ შემთხვევებში ადგენს პერსონალურ თა­ნამ­დე­ბობრივ განაკვეთებს;

ო) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისათვის საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს საკანონმდებლო აქტების პროექტებსა და წინადადებებს სახელმწიფო უშიშროების საკითხებზე;

პ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობისას უზრუნველყოფს სამი­ნის­ტროს პირადი შემადგენლობის გადაყვანას მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე:

ჟ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ბრძანებებს;

რ) თავისი მმართველობის სფეროში, თავისივე ბრძანებით, ქმნის სათათბირო ორგანოს – კოლეგიას, განსაზღვრავს მის მოვალეობას და საქმიანობის წესს, ხელმძღვანელობს მის მუშაობას;

ს) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებუ­ლებებს;

ტ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავისივე ბრძანე­ბით ქმნის კომისიებს სათათბირო ხმის უფლებით;

უ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს თანამშრომ­ლებს აძლევს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, სამსახუ­რებრივ-საშტატო იარაღის, სპეციალური საშუალებების შენახვისა და ტარების უფლებას;

ფ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული უშიშროების საბჭოში სამინისტროს იმ ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სამხედრო მოსამსახურეთა სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ წარდგენის თაობაზე, რომლებმაც მიაღწიეს სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს;

ქ) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამინისტროს საერ­თა­შორისო ორგანიზაციებში;

ღ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს;

ყ) დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატე­რიალურ ფასეულობებს;

შ) ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

IV. მინისტრის მოადგილეები

13. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი.

14. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

15. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამო­სი­ლება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

16. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობას მი­ნის­ტრის არყოფნისას.

17. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, მინისტრის დავალებით, ახორ­ცი­ელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

 

V. სამინისტროს სტრუქტურა, ტერიტორიული ორგანოები, მათი ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია

18. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი;

ბ) საგარეო დაზვერვის დეპარტამენტი;

გ) კონტრტერორისტული დეპარტამენტი;

დ) საგამოძიებო დეპარტამენტი;

ე) კონსტიტუციური წყობილების დაცვის დეპარტამენტი;

ვ) (ამოღებულია);

ზ) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);

თ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;

ი) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;

კ) ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და საკუთარი უსაფრთხოების დეპარტამენტი;

ლ) ანალიტიკური დეპარტამენტი;

მ) სპეციალური ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი);

ნ) რადიოკონტრდაზვერვის ცენტრი („დეპარტამენტი);

ო) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი).

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 მარტის ბრძანებულება №104 - სსმ III, №34, 26.03.2004 წ., მუხ.280

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აპრილის ბრძანებულება №127 - სსმ III, №43, 23.04.2004 წ., მუხ.359

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ივნისის ბრძანებულება №196 - სსმ III, №57, 04.06.2004 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ივნისის ბრძანებულება №236 - სსმ III, №64, 25.06.2004 წ., მუხ.558

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 ივლისის ბრძანებულება №292 - სსმ III, №78, 31.07.2004 წ., მუხ.689

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №310 - სსმ III, №82, 09.08.2004 წ., მუხ.722

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №435 - სსმ III, №110, 06.10.2004 წ., მუხ.966

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 ნოემბრის ბრძანებულება №546 - სსმ III, №141, 03.12.2004 წ., მუხ.1259

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 დეკემბრის ბრძანებულება №564 - სსმ III, №144, 08.12.2004 წ., მუხ.1294

19. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;

გ) ქ. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო;

დ) დასავლეთ რეგიონის მთავარი სამმართველო;

ე) შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო;

ვ) ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო;

ზ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო;

თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო;

ი) კახეთის რეგიონალური სამმართველო.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ივნისის ბრძანებულება №196 - სსმ III, №57, 04.06.2004 წ., მუხ.486

20. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 მარტის ბრძანებულება №104 - სსმ III, №34, 26.03.2004 წ., მუხ.280

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ივნისის ბრძანებულება №196 - სსმ III, №57, 04.06.2004 წ., მუხ.486

21. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია:

ა) კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხოეთის წარმომადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სადაზვერვო საქმიანობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, ასევე სამხედრო ძალებისა და სხვა შეიარაღებული ფორმირებების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას;

ა1) საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის კომპეტენციაა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციათა და პირთა მოქმედებების, გეგმების, მიზნების, რეალური და პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენა; საქართველოს სახელმწიფოსათვის მოსალოდნელი საგარეო საფრთხის პროგნოზირება; საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სადაზვერვო (პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ, სამეცნიერო-ტექნიკურ, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში) ინფორმაციის მოპოვება, მისი ანალიზი და დადგენილი წესით სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;

ბ) კონტრტერორისტული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ტერორიზმის, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების, საერთაშორისო ნარკობიზნესის, იარაღით, კერძოდ, მასობრივი განადგურების იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებრივი უშიშ­რო­ებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართულ ცალკეულ დანაშაულთა გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა; კანონმდებლობით დადგე­ნილი წესით გარე მეთვალყურეობის, პიროვნების იდენტიფიკაციისა და ძებნის ფუნქციის განხორციელება;

გ) საგამოძიებო დეპარტამენტი ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით სამინისტროს ქვემდებარე დანაშაულთა წინასწარ გამოძიებას და უზრუნველყოფს დროებითი ყოფნის იზო­ლა­ტორის ფუნქციონირებას;

დ) კონსტიტუციური წყობილების დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა დაწესებულებათა ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი გარემოებების, უცხოეთის სპეცსამსახურების ინტერესების, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხის პროგნოზირება, გამოვლენა-აღკვეთა და ნეიტრალიზება, ამ მიზნით ინფორმაციის მოპოვება და ანალიტიკური დამუშავება; სპეცსამსახურების საქმიანობის ფორმებითა და მეთოდებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემისა და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლისაგან დაცვის უზრუნველყოფა. დეპარტამენტი აგრეთვე ახორციელებს „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო უშიშროებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში დანიშნული უშიშროების საკითხთა ოფიცრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებას. იმ უწყებათა და დაწესებულებათა ჩამონათვალი, სადაც ინიშნება ოფიცერი უშიშროების საკითხებში, განისაზვღრება ამ დებულებით (იხ. დანართი). ცალკეულ შემთხვევებში ოფიცერი უშიშროების საკითხებში შეიძლება დაინიშნოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრისა და შესაბამისი უწყებისა და დაწესებულების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ხელმძღვანელთან შეთანხმებით;

ე) (ამოღებულია);

ვ) სამინისტროს ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია; საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და სტრატეგიული პროექტების რეალიზაცია; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების უზრუნველყოფა; ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ დაწესებულებებთან საქმიანობის წარმართვა და სამინისტროს თანამშრომელთა უფლებების დაცვა; საკანცელარიო საქმიანობის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში გარეშე პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზება;

ზ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა სპეციალური ოპერატიულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელების გზით უზრუნველყოს ოპერატიული დანაყოფების საქმიანობა;

თ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კომპეტენ­ციაა: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა სწავლების, სამხედრო სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო-ფიზიკური მომზადებისა და სამობილიზაციო მზადყოფნის ღონისძიებათა განხორციელება; სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მისი ქვედანაყოფების სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია, კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მომსახურება, სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება; სამინისტროს და მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების, უმაღლესი სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების განცალკევებული დახურული საქალაქთაშორისო სატელეფონო „მაღალი სიხშირის“, ასევე რადიო და სატელეგრაფო კავშირით უზრუნველყოფა; სამინისტროს ოპერატიული აღრიცხვის და საარქივო საქმიანობის წარმოება; სამინისტროს თანამშრომელთა სამედიცინო მომსახურება; საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეცია­ლუ­რი გამოკვლევებით სამინისტროს ოპერატიული დანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, აგრეთვე მოკვლევის, წინას­წარი გამოძიების და სასამართლო ორგანოების მომსახურება;

ი) ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და საკუთარი უსაფრთხოების დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენას; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში წარმოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კონტრსადაზვერვო თანხლებას, ინსპექტირებას, კონტროლსა და ანალიზს; სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმებას, სამინისტროს თანამშრომელთა ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემების შესწავლას, სამინისტროს სისტემაში ფინანსური შემოწმების ჩატარებას და სამინისტროს საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოებას;

ი1) ანალიტიკური დეპარტამენტის კომპეტენციაა ღია და ფარული წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება, მოპოვებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და განზოგადება; სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი საინფორმაციო-ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების ანალიტიკური საქმიანობის კოორდინაცია; სამინისტროს საინფორმაციო ბანკის ფორმირება და ეტაპობრივი შევსება;

კ) სპეციალური ოპერაციების ცენტრის დანიშნულებაა სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა, სამინისტროს ობიექტების ოპერატიული და ფიზიკური დაცვა, ამ ობიექტებში განთავსებული მატერიალური ფასეულობების, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და მასალების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა;

ლ) (ამოღებულია);

მ) რადიოკონტრდაზვერვის ცენტრის დანიშნულებაა კანონმდებ­ლობის შესაბამისად რადიოეთერის კონტრდაზვერვითი კონტროლი;

ნ) გენერალური ინსპექცია უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 26 მარტის ბრძანებულება №104 - სსმ III, №34, 26.03.2004 წ., მუხ.280

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აპრილის ბრძანებულება №127 - სსმ III, №43, 23.04.2004 წ., მუხ.359

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ივნისის ბრძანებულება №196 - სსმ III, №57, 04.06.2004 წ., მუხ.486

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ივნისის ბრძანებულება №236 - სსმ III, №64, 25.06.2004 წ., მუხ.558

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 ივლისის ბრძანებულება №292 - სსმ III, №78, 31.07.2004 წ., მუხ.689

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №310 - სსმ III, №82, 09.08.2004 წ., მუხ.722

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულება №435 - სსმ III, №110, 06.10.2004 წ., მუხ.966

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 2 ნოემბრის ბრძანებულება №478 - სსმ III, №126, 05.11.2004 წ., მუხ.1102

22.„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს ცალკეულ ქვედანაყოფთა დასახელება, შინაგანი სისტემა და კომპეტენცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. მათ დებულებებს ამტკიცებს მინისტრი.

23. სამინისტროს საიდუმლო ნორმატიული აქტები კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვთ სპეციალურ სახელმწიფო რეესტრში.

თავი VI

დასკვნითი დებულებები

24. წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

25. სამინისტროს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით

 

 

 

დანართი:

იმ უწყებათა და დაწესებულებათა ნუსხა, სადაც ინიშნებიან ოფიცრები უშიშროების საკითხებში

 

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

2. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო

3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

4. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო

5. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო

6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

7. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

10. საქართველოს კონტროლის პალატა

11. საქართველოს ეროვნული ბანკი

12. სს „თბილგაზი”

13. თბილისის მერია

14. სს „მეტროპოლიტენი”

15. სს „საქნავთობი”

16. სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი

17. სს „თბილსრესი”

18. „საქაერონავიგაცია”

19. სს „აეროპორტი თბილისი”

20. კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი

21. საავიაციო გაერთიანება „ავიამშენი”

22. სს „საქართველოს რკინიგზა”

23. ქუთაისის აეროპორტი

24. სენაკის აეროპორტი

25. ფოთის ნავსადგური

 

* შენიშვნა: უშიშროების საკითხებში ოფიცერთა რაოდენობა და სტატუსი განისაზღვრება უწყების ან ორგანიზაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.

კრებსითი — სრული ვერსია