საქართველოს კანონი
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს 1996 წლის 29 მაისის კანონში (პარლამენტის უწყებანი, „17 ივლისი, 1996 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მეორე წინადადებას სიტყვის ,,შემოსავალის” შემდეგ დაემატოს სიტყვები “და დაფინანსების წყაროების”, პუნქტის აბზაცები აღინიშნოს ანბანის მიხედვით, ქვეპუნქტებად, ხოლო პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “დ” და “ე” ქვეპუნქტები:
„დ) დაცული მუხლების გარდა, დამტკიცებული ბიუჯეტებით განსაზღვრული საერთო ხარჯების წლიური მოცულობის 10 პროცენტამდე ოდენობით სეკვესტრის განხორციელების გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისად:
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სეკვესტრზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ხარჯების სეკვესტრზე - აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ფინანსთა მინისტრები;
საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯების სეკვესტრზე _ შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანო.
ე) იმ შემთხვევაში, თუ სეკვესტრის განხორციელებისათვის საჭიროა დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრული წლიური ხარჯების მთლიანი მოცულობის 10 პროცენტზე მეტის შემცირება, ამ კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად მზადდება წინადადება დამტკიცებულ ბიუჯეტებში ცვლილებების შეტანის შესახებ.
2. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 21. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავალი
1. საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავალში, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მთლიანად ჩაირიცხება საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსებით გათვალისწინებული შემდეგი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები:
ა) დამატებული ღირებულების გადასახადი;
ბ) აქციზი;
გ) საბაჟო გადასახადი.
2. გარდა ამისა, საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ჩაირიცხება საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების მიხედვით სხვა ბიუჯეტებში გადასაცემი ანარიცხების გამოკლების შემდეგ დარჩენილი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის ნაწილი.
3. საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში არასაგადასახადო შემოსავლის სახით, შესაბამისი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესის თანახმად, ჩაირიცხება:
ა) ნებართვების, ლიცენზიების გაცემისა და სხვა სახის სახელმწიფო (ან სახელმწიფოს სახელით) მომსახურების გაწევიდან მიღებული მოსაკრებელი და საფასური;
ბ) სახელმწიფო ბაჟი;
გ) სახელმწიფო ქონების იჯარიდან მიღებული შემოსავალი;
დ) მთლიანად სახელმწიფო ქონებით ანდა სახელმწიფო ქონების მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისაგან მიღებული დივიდენდები და მოგების ნაწილი;
ე) როიალტები;
ვ) სახელმწიფო სესხის, დეპოზიტის, ვექსელის და სხვა პროცენტი (სარგებელი);
ზ) შემოსავალი სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან;
თ) შემოსავალი სახელმწიფო მარაგის გაყიდვიდან;
ი) შემოსავალი მიწისა და არამატერიალური აქტივების გაყიდვიდან;
კ) შემოსავალი ტრანსფერტებიდან;
ლ) შემოსავალი გრანტებიდან;
მ) სხვა არასაგადასახადო შემოსავალი.”.
3. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავალი და ხარჯები
1. სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავალში ჩასარიცხი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების სახეები და ამ გადასახადების განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსით და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით.
2. სპეციალურ სახელმწიფო ფონდებში შეიძლება ჩაირიცხოს არასაგადასახადო შემოსავალი, რომელთა ჩამონათვალი და ფონდების შემოსავალში ჩარიცხვის წესები განისაზღვრება შესაბამისი სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ ნორმატიული აქტის შესაბამისად.
3. ამ კანონით განსაზღვრული საქართველოს ცენტრალურ, ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ჩასარიცხი საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავალი არ შეიძლება შეტანილ იქნეს სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლის სახეებში.
4. სპეციალური სახელმწიფო ფონდების ხარჯების კონკრეტული მიმართულება და მოცულობა ყოველწლიურად განისაზღვრება “საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.“.
4. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 30. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავალი
1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში მთლიანად ჩაირიცხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები:
ა) მიწის გადასახადი;
ბ) ქონების გადასახადი;
გ) გადასახადი ქონების გადაცემისათვის;
დ) გადასახადი მავნე ნივთიერებებით გარემოს დაბინძურებისათვის;
ე) გადასახადი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის.
2. პირველ პუნქტში ჩამოთვლილ საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებთან ერთად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ჩაირიცხება საქართველოს პარლამენტის მიერ მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებიდან ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივებით განსაზღვრული შემოსავალი.
3. გამონაკლის შემთხვევებში ,,სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ” საქართველოს კანონით შესაძლებელია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს დედაქალაქისათვის არაპირდაპირი გადასახადებიდან ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების განსაზღვრა.
4. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში მთლიანად ჩაირიცხება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ადგილობრივი გადასახადები:
ა) სამეწარმეო საქმიანობის გადასახადი;
ბ) სათამაშო ბიზნესის გადასახადი;
გ) საკურორტო გადასახადი;
დ) სასტუმროს გადასახადი;
ე) რეკლამის გადასახადი;
ვ) მანქანების პარკირების გადასახადი;
ზ) გადასახადი ადგილობრივი სიმბოლიკის გამოყენებისათვის.
5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში არასაგადასახადო შემოსავლის სახით, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვედებარდ ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესის თანახმად, ჩაირიცხება:
ა) ნებართვების, ლიცენზიების გაცემისა და სხვა სახის სახელმწიფო (ან სახელმწიფოს სახელით) მომსახურების გაწევიდან მიღებული მოსაკრებელი და საფასური;
ბ) სახელმწიფო ბაჟი;
გ) ადგილობრივი მმართველობის გამგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და მიწის იჯარიდან მიღებული შემოსავალი;
დ) ადგილობრივი მმართველობის გამგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონებით ანდა ასეთი ქონების მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისაგან მიღებული დივიდენდები და მოგების ნაწილი;
ე) როიალტები;
ვ) სესხის, დეპოზიტის, ვექსელისა და სხვა პროცენტები (სარგებელი);
ზ) შემოსავალი ლატარიების ჩატარებიდან;
თ) შემოსავალი ადგილობრივი მმართველობის გამგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან;
ი) შემოსავალი ტრანსფერტებიდან;
კ) შემოსავალი გრანტებიდან;
ლ) სხვა არასაგადასახადო შემოსავალი.”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1997 წლის 12 დეკემბერი.
№1176-Iს