საქართველოს კანონი
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 218) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-10 მუხლის მე-2 და 21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი წარმოადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრს, ერთი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს, ერთი – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა ან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრს, ხოლო ერთი – ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს. საბჭოს საქმიანობაში წევრის სახით მონაწილეობს მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე.
21. საბჭოს სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ დირექტორი და იურიდიული დახმარების ბიუროს 2 წარმომადგენელი, რომლებიც არ არიან საბჭოს წევრები და უშუალოდ არ მონაწილეობენ კენჭისყრასა და გადაწყვეტილების მიღებაში.“.
2. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ეს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ, დაცვის სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელების შემთხვევებში ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 25 თებერვალი.
№4254–Iს