საქართველოს კანონი
„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №21-22, მუხ. 450) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების გავრცელება-განვითარების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების განხორციელება.“ .
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები:
„ვ) მცენარეთა დაცვის დარგში სპეციალისტების მომზადებას და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზაციას, მცენარეთა დაცვის საშუალებების მიმოქცევისა და გამოყენების კონტროლს;
ზ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის კონსულტაციისა და საინფორმაციო დახმარების გაწევას.“ .
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) ახორციელებს სათესლე და სარგავი პროდუქციის სისაღის შემოწმებას და ექსპორტ-იმპორტის დროს ახდენს მათ სერტიფიცირებას.“ .
4. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) თესლისა და სუბსტრატების შემოტანა და გაყიდვა, რომლებიც შეიცავენ საქართველოში არარეგისტრირებულ მცენარეთა დაცვის საშუალებებს (მოქმედ ნივთიერებას) ან რომლებიც არ შეესაბამებიან საქართველოში რეგისტრირებული საშუალებების შემადგენლობასა და მათ მოქმედებას.“ .
5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 და 121 მუხლები:
„მუხლი 91. ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებები მცენარეთა დაცვის სფეროში
სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანისა და რეალიზაციის დროს ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან:
ა) არ დაუშვან პესტიციდებით მცენარეული პროდუქციისა და გარემოს დაბინძურება, მათი მავნე ზემოქმედება ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობაზე;
ბ) განახორციელონ რეკომენდებული ღონისძიებანი მცენარეთა იმ მავნე ორგანიზმების მასობრივი განვითარებისა და მომიჯნავე ტერიტორიაზე გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც საშიშია მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობისათვის.“ .
„მუხლი 121. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელ პირთა უფლებები
1. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის განხორციელება ევალებათ მცენარეთა დაცვის სამსახურის სახელმწიფო ინსპექტორებს.
2. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის განმახორციელებელ პირებს უფლება აქვთ:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმონ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის, პესტიციდების საწყობების, სათესლე საცავების, მიწის ნაკვეთების ფიტოსანიტარიული მდგომარეობა, გაატარონ მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის ღონისძიებების კომპლექსი, დაიცვან მცენარეთა დაცვის საშუალებების შენახვის, ტრანსპორტირების, წარმოების (დაფასოების), რეალიზაციისა და გამოყენების დადგენილი რეგლამენტები;
ბ) ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიიღონ ინფორმაცია ნათესებისა და მრავალწლიანი ნარგავების, ტყეების, სათიბ-საძოვრების, სათესლე და სარგავი მასალის ფიტოსანიტარიული მდგომარეობისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ;
გ) ინსტრუქციების, რეკომენდაციების, ტექნოლოგიებისა და რეგლამენტების დარღვევის შემთხვევაში შეაჩერონ მცენარეთა დაცვის სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) კონტროლის მიზნით აიღონ მცენარეული პროდუქციისა და ნიადაგის ნიმუშები მათში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრისათვის, პესტიციდების, ბიოლოგიური და სხვა საშუალებების, შეწამლული თესლის ნიმუშები მათი ხარისხის დასადგენად სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად.“ .
6. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული კონტროლი – მცენარეთა დაცვის სამსახურის საქმიანობა, მიმართული მავნებლების, დაავადებებისა და სარეველების მასობრივი გავრცელების გამოვლენისა და თავიდან აცილებისათვის, მცენარეთა დაცვის ღონისძიებების დარღვევათა გამოსავლენად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სახელმწიფო ფიტოსანიტარიული ზედამხედველობა – საშიში მავნე ორგანიზმების აღმოჩენისას მასობრივი გავრცელების მიზეზების გამოვლენა და დადგენა, მავნე ორგანიზმებისაგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვის რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება, მცენარეთა დაცვის ღონისძიებების გატარებასა და საშუალებების გამოყენებაზე რეგლამენტების მოთხოვნათა შესრულება.“
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 16 აპრილი.
№1890 –IIს