ადვოკატთა ტესტირების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2002-01-16
გამოქვეყნების თარიღი
2003-08-07
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.05.002.002.
ადვოკატთა ტესტირების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №15

2002 წლის 16 იანვარი

ქ. თბილისი

ადვოკატთა ტესტირების ჩატარების წესისა და საკვალიფიკაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

1. „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონის თანახმად დამტკიცდეს თანდართული ადვოკატთა ტესტირების ჩატარების წესი და საკვალიფიკაციო კომისიის დებულება.

2. ეს ბრძანებულება ძალაშია ადვოკატთა ასოციაციების ამოქმედებამდე.

ე. შევარდნაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 7 აგვისტოს ბრძანებულება №382 - სსმ III, №85, 11.08.2003 წ., მუხ.742

ადვოკატთა ტესტირების ჩატარების წესი და საკვალიფიკაციო კომისიის დებულება

თავი I

 ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ადვოკატთა ტესტირების ჩაბარების უფლების მქონე პირები

1. ადვოკატთა ტესტირების ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.

2. უმაღლესი იურიდიული განათლების მქონედ ითვლება პირი, თუ მას დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სრული კურსი სპეციალობით „სამართლისმცოდნეობა“ ან „საერთაშორისო სამართალი“ და სახელმწიფო საგამოცდო კომისიის მიერ მინიჭებული აქვს „იურისტის“ კვალიფიკაცია.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 7 აგვისტოს ბრძანებულება №382 - სსმ III, №85, 11.08.2003 წ., მუხ.742

    მუხლი 2. ადვოკატთა ტესტირების მომზადებისა და ჩატარების სამდივნო და ტესტირებაზე დასაშვებად საბუთების მიღება

1. საკვალიფიკაციო კომისიის შექმნამდე 60 დღით ადრე, ტესტირების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, იქმნება ადვოკატთა ტესტირების მომზადებისა და ჩატარების საქართველოს იუსტიციის საბჭოს სამდივნო.

2. ტესტირების მომზადებისა და ჩატარების სამდივნოს მუშაობას ხელმძღვანელობს იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

3. სამდივნოს ევალება ტესტირების მოსამზადებლად აუცილებელი ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, ტესტირების ჩაბარების მსურველთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება.

4. ადვოკატთა ტესტირების მომზადებისა და ჩატარების სამდივნო ტესტირების დამთავრებისა და შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ არსებობას წყვეტს.

5. ტესტირებაზე დაშვების მიზნით განცხადების მიღება სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს. განცხადების მიღების ბოლო დღის შემდეგ საბუთების რეგისტრაციის ჟურნალი ილუქება და დაგვიანებით შემოსული განცხადება არ მიიღება.

6. ტესტირების ჩატარებისას დარბაზში უნდა დარიგდეს ზუსტად იმდენი ტესტი, რამდენი კანდიდატიც არის ტესტირებაზე დაშვებული.

7. ტესტირებაზე გამოცხადებულ პირთათვის ტესტების დარიგების შემდეგ ადვოკატთა ტესტირების მომზადებისა და ჩატარების სამდივნო ითვლის დარჩენილი ტესტების რაოდენობას, ადგენს აქტს და ლუქავს ტესტებს სპეციალურ ყუთში.

8. ადვოკატთა ტესტირების მომზადებისა და ჩატარების სამდივნო არ გაითვალისწინებს ტესტირებაზე გამოუცხადებლობის მიზეზს და არ დააკმაყოფილებს გამოსაცდელის მოთხოვნას დამატებითი ტესტირების ჩატარების შესახებ. გამოსაცდელი დაიშვება მომდევნო ტესტირებაზე, რისთვისაც საბუთების ხელმეორედ შეტანა სავალდებულო არ არის.

9. ადვოკატთა ტესტირების ჩატარების წესსა და ვადებს, აგრეთვე ტესტირებაზე დაშვების მიზნით განცხადებების მიღების ვადებს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

10. ტესტირების ჩაბარების მსურველს განცხადება შეაქვს ადვოკატთა ტესტირების მომზადებისა და ჩატარების სამდივნოში. მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება ადვოკატთა ტესტირების ერთ-ერთ სახეობაზე დაშვების შესახებ;

ბ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ასლი ჩაბარებული საგნების დანართითურთ);

შენიშვნა: საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დედანი, რომლის ასლის ნამდვილობის შემოწმების შემდეგ სამდივნოს თანამშრომელი დიპლომს უბრუნებს კანდიდატს.

გ) ავტობიოგრაფია;

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) ოთხი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

11. ტესტირების დაწყებამდე ხუთი დღით ადრე თითოეულ კანდიდატზე გაიცემა საატესტაციო ფურცელი, რომელშიც აღინიშნება კანდიდატის სახელი, გვარი და სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის.

12. თუ კანდიდატი ვერ აკმაყოფილებს წაყენებულ მოთხოვნებს ან წარმოდგენილი საბუთები არ შეესაბამება დადგენილ წესს, კანდიდატის საბუთები არ მიიღება და იგი ტესტირებაზე არ დაიშვება.

13. ადვოკატთა ტესტირების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ტესტირებაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობის გათვალის­წინებით, შემოსული განცხადებების რიგითობის დაცვით საქართველოს იუსტიციის საბჭოს უფლება აქვს თითოეული ტესტირება დაყოს ეტაპებად.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 7 აგვისტოს ბრძანებულება №382 - სსმ III, №85, 11.08.2003 წ., მუხ.742

    მუხლი 3. ტესტირების ჩატარების ენა

ტესტირება ტარდება ქართულ ენაზე, აფხაზეთში _ აგრეთვე აფხაზურ ენაზე.

    მუხლი 4. ტესტირების ჩაბარება ხელმეორედ

ადვოკატთა ტესტირებაზე გასვლის უფლება პირს ეძლევა შეუზღუდავად.

თავი II

 ტესტირება

    მუხლი 5. ტესტირების სახეები

ტესტირება არის საერთო ან სპეციალიზაციის (სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის) მიხედვით.

    მუხლი 6. ტესტი

1. ტესტირება ტარდება სწორ პასუხებთან ერთად წინასწარ გამოქვეყნებული ტესტებიდან ასი საკითხის შერჩევის გზით. ის ასი საკითხი, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს, ტესტირებისას აირჩევა უშუალოდ ტესტირების დაწყების წინ.

2. საერთო ტესტირებისას საკითხები აღებულია სამართლის შემდეგი დარგებიდან: საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლება­თა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართ­ლის პროცესი, ადმინისტრაციული სამართალი და ადმინისტრაციული სამართლის პროცესი. სულ ცოტა სამოცდაათი ტესტი აღებულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობიდან.

3. სისხლის სამართლის დარგში სპეციალიზაციის მსურველ­თათვის საკითხები აღებულია სამართლის შემდეგი დარგებიდან: სა­კონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, ადმინისტრაციული სამართალი და ადმინისტრაციული სამართლის პროცესი. სულ ცოტა ორმოცდაათი ტესტი აღებულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობიდან.

4. სამოქალაქო სამართლის დარგში სპეციალიზაციის მსურველ­თათვის საკითხები აღებულია სამართლის შემდეგი დარგებიდან: საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი, ადმინისტრაციული სამართალი და ადმინისტრაციული სა­მართ­ლის პროცესი. სულ ცოტა ორმოცდაათი ტესტი აღებულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებ­ლობიდან.

5. გამოსაცდელის ამოცანაა თითოეული ტესტის ოთხი სავარაუდო პასუხიდან გამოიცნოს სწორი პასუხი და სათანადო აღნიშვნა გააკეთოს პასუხის ფურცელში.

6. ტესტის ოთხი პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი. გამო­საცდელმა უნდა აღნიშნოს მხოლოდ ერთი პასუხი, მაშინ ტესტის ამოხსნა შეფასდება 0-ით. თუ არ არის აღნიშნული არც ერთი პასუხი, ასეთი ამოხსნაც შეფასდეს 0-ით. შეფასება 0-ს დაიმსახურებს ტესტის ისეთი ამოხსნაც, როცა ტესტის პასუხი გადასწორებულია.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 7 აგვისტოს ბრძანებულება №382 - სსმ III, №85, 11.08.2003 წ., მუხ.742

    მუხლი 7. ტესტის საკითხების შეფასება

1. ტესტის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 ქულით.

2. ტესტირების მინიმალური შეფასება არის 0, ხოლო მაქსიმალური შეფასება – 100.

    მუხლი 8. გამსვლელი ქულა

გამოსაცდელი, რომელიც ტესტირებაში მოაგროვებს 75 ან მეტ ქულას, ითვლება ადვოკატთა ტესტირებაგავლილად.

    მუხლი 9. ტესტირების დრო

1. ტესტირების ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა ექვსი ასტრონომიული საათი. დროის გადაცილების შემდეგ ნამუშევარი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება 0.

2. გამოსაცდელები მიიღებენ გაფრთხილებას საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – დროის დამთავრებამდე 30 წუთით ადრე და 15 წუთით ადრე. 30-წუთიანი გაფრთხილების შემდეგ არავის არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი ტესტის ჩაბარების გარეშე.

    მუხლი 10. ტესტების დარიგების წესი

1. ტესტირების დაწყების წინ ყოველ გამოსაცდელს გადაეცემა დალუქული ტესტების წიგნი, კითხვის ფურცელი და პასუხის ფურცელი.

2. ტესტების წიგნის გახსნამდე თითოეული გამოსაცდელი ვალ­დებულია შეამოწმოს ლუქის მთლიანობა. გამოსაცდელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, ვიდრე იგი დაიწყებდეს კითხვებზე პასუხის გაცემას, განაცხადოს თავისი პრეტენზია. ასეთ შემთხვევაში მას მიეცემა ახალი სათანადო მასალა. დაგვიანებით შემოსული პრეტენზია არ მიიღება.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 7 აგვისტოს ბრძანებულება №382 - სსმ III, №85, 11.08.2003 წ., მუხ.742

    მუხლი 11. სავალდებულო ინსტრუქტაჟი ტესტირების დაწყებამდე

„ტესტის კითხვებზე პასუხის გაცემამდე იუსტიციის საბჭოს წარმო­მადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაც­დელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, პასუხის ფურცლის შევსების წესი და სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია ტესტირების ნორმალურად ჩატარებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 7 აგვისტოს ბრძანებულება №382 - სსმ III, №85, 11.08.2003 წ., მუხ.742

    მუხლი 12. საკანონმდებლო მასალის გამოყენების აკრძალვა

1. ტესტირებისას გამოსაცდელს ეკრძალება ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის გამოყენება. გამოსაცდელი, რომელიც შემჩნეული იქნება ამ მა­სალის გამოყენებაში, მოიხსნება ტესტირებიდან და დაეწერება შეფასება 0.

2. ტესტირებაზე დაუშვებელია პირველ პუნქტში აღნიშნული მასა­ლის, ასევე აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა.

    მუხლი 13. ტესტირების შედეგების შემოწმება

ტესტების პასუხების გასწორება ხდება კომპიუტერის ან სხვა საა­მისოდ გამიზნული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ადვოკატთა ტესტირების მომზადებისა და ჩატარების სამდივნოს მეთვალყურეობით.

თავი III

ტესტირებაზე გამოცხადების წესი და ზედამხედველობა ტესტირების მიმდინარეობაზე

    მუხლი 14. ტესტირებაზე გამოცხადების დრო

1. ტესტირების დღეს ყველა გამოსაცდელი უნდა გამოცხადდეს ტეს­ტირების ჩატარების ადგილზე დილის 8 საათსა და 30 წუთზე. გამო­საცდელებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და საატესტაციო ფურცელი.

2. პირადობის დამადასტურებელი საბუთისა და საატესტაციო ფურ­ცლის გარეშე გამოცხადებული პირი ტესტირებაზე არ დაიშვება.

3. 10 საათზე იხურება შენობის შესასვლელი კარები და დაგვი­ანებული პირები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.

    მუხლი 15. ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შედეგები

1. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა პირს უფლებას ართმევს მოით­ხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება. ამ დროს არა აქვს მნიშვნელობა ტესტირებაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზითაა გამოწვეული თუ არა.

2. ტესტირებაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში კანდიდატი დაშ­ვებული იქნება მომდევნო ტესტირებაზე. საამისოდ საბუთების ხელ­მეორედ შეტანა სავალდებულო არ არის.

    მუხლი 16. საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი

1. საგამოცდო დარბაზში შესვლამდე გამოსაცდელები იღებენ ადგი­ლის აღმნიშვნელ ბარათებს და ამ ბარათების ნომრის მიხედვით იკავებენ ადგილს.

2. საგამოცდო დარბაზში ადგილის თვითნებურად დაკავების შემ­თხვევაში გამოსაცდელი მოიხსნება ტესტირებიდან.

    მუხლი 17. საგამოცდო დარბაზში შესვლის უფლება

1. საგამოცდო დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ გამოსაცდელები და სპეციალური საშვის მქონე პირები.

2. უცხო პირთა შესვლა საგამოცდო დარბაზში აკრძალულია.

    მუხლი 18. საჯაროობა ტესტირების ჩატარებისას

1. ტესტირების ჩატარებისას საზოგადოებრივი კონტროლისა და სა­ჯა­როობის უზრუნველყოფის მიზნით ტესტირებაზე მეთვალყურეებად და­იშვებიან საზოგადოებრიობის წარმომადგენლები.

2. დაინტერესებულმა პირებმა ტესტირების დაწყებამდე ათი დღით ადრე უნდა გაიარონ აკრედიტაცია ადვოკატთა ტესტირების მომზადებისა და ჩატარების სამდივნოში და მიიღონ საგამოცდო დარბაზში შესასვლელი საშვი.

3. მეთვალყურეები საგამოცდო დარბაზში დაიკავებენ მათთვის სპე­ციალურად გამოყოფილ ადგილებს. ტესტირების პროცესში ჩარევის უფ­ლება მათ არა აქვთ. ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მეთვალყურე დათხოვნილი იქნება საგამოცდო დარბაზიდან.

თავი IV

საკვალიფიკაციო კომისია

    მუხლი 19. საკვალიფიკაციო კომისიის შექმნა. მისი შემად­გენლობის ანონიმურობის უზრუნველყოფა

1. კომისია იქმნება ტესტირების დაწყებამდე არა უგვიანეს 10 დღისა.

2. კომისიის შემადგენლობას საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარ­დგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. საკვალიფიკაციო კომისია შედგება 16 წევრისაგან. მათგან 8 წევ­რი ინიშნება სამართლის შემდეგი დარგებიდან მოწვეული სპეციალისტე­ბი­სა­­გან – საკონსტიტუციო სამართალი, ადამიანის უფლებათა საერთაშო­რი­სო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სამოქალაქო სამართალი, სამოქალაქო სამართლის პროცესი, ადმინისტრაციული სამართალი და ადმინისტრაციული სამართლის პროცესი. 8 წევრი ინიშნება საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერ­თიანებათა (საადვოკატო ფირმა, კავშირი და ა.შ.) წარმომად­გენლე­ბისაგან.

4. კომისიის შემადგენლობა ანონიმურია და იგი არ შეიძლება გამოცხადდეს ტესტირების დამთავრებამდე.

5. საკვალიფიკაციო კომისიის წევრის ვინაობის გამჟღავნება თვით ამ კომისიის წევრის მიერ შეიძლება გახდეს მისთვის კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.

6. გადაწყვეტილებას კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწ­ყვეტის შესახებ იღებს საქართველოს პრეზიდენტი იუსტიციის საბჭოს წარდგინების საფუძველზე.

7. საკვალიფიკაციო კომისია ისმენს ტესტირების მომზადებისა და ჩატარების სამდივნოს ანგარიშს განხორციელებული ღონისძიებებისა და ტესტირების შედეგების თაობაზე.

8. საკვალიფიკაციო კომისია თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

9. ტესტირების შედეგების დამტკიცების შემდეგ კომისია არსებობას წყვეტს.

    მუხლი 20. საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე

საკვალიფიკაციო კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რო­მელ­საც საკვალიფიკაციო კომისიის წევრთაგან საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 21. საკვალიფიკაციო კომისიის წევრობის პირობები

საკვალიფიკაციო კომისიის წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ უმაღ­ლე­სი იურიდიული განათლების მქონე ქმედუნარიანი საქართველოს მო­ქა­ლაქე.

    მუხლი 22. საკვალიფიკაციო კომისიის წევრთა დასახელება

1. საკვალიფიკაციო კომისიის წევრობის კანდიდატთა დასახელების უფლება აქვთ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრებს.

2. თითოეულ დასახელებულ კანდიდატურას ცალკე ეყრება კენჭი. კენ­ჭისყრამდე აუცილებელია კომისიის წევრობის კანდიდატთა წერი­ლო­ბითი თანხმობა.

3. თუ იუსტიციის საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისას ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების ერთნაირი რაოდენობა მიიღო, უპირატესობა მიენიჭება იმას, რომელიც იუსტიციის საბჭოს უფრო მეტი წევრის მიერ იყო დასახელებული, აქვს უფრო მაღალი სამეცნიერო ხარისხი, ანდა პრაქტიკული მუშაობის უფრო დიდი გამოცდილება. ამ გარემოების გათვალისწინება, შესაბამისად, ასეთივე თანმიმდევრობით მოხდება.

    მუხლი 23. საგამოცდო დარბაზში საკვალიფიკაციო კომისიის წევრ­თა დაუშვებლობა

1. ტესტირება ტარდება ადვოკატთა ტესტირების მომზადებისა და ჩა­ტა­რების სამდივნოს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ადგილას.

2. საგამოცდო დარბაზში საკვალიფიკაციო კომისიის წევრთა ყოფნა აკრძალულია. ტესტირების მიმდინარეობის მეთვალყურეობას ახორ­ცი­ელებენ იუსტიციის საბჭოს მიერ საამისოდ დანიშნული პირები.

თავი V

 პრეტენზია და მისი განხილვის წესი

    მუხლი 24. პრეტენზიის მიღება

1. ტესტირების შემდეგ უკმაყოფილო გამოსაცდელი უფლება­მო­სილია განცხადებით მიმართოს საკვალიფიკაციო კომისიას მისი შეფასების გადასინჯვის მოთხოვნით.

2. პრეტენზია მიიღება გამოცდის შედეგების გამოცხადების დღეს სპეციალურად ამისათვის განკუთვნილ ადგილას. დაგვიანებით შემოსული პრეტენზიები არ განიხილება.

    მუხლი 25. პრეტენზიის განხილვის წესი

1. პრეტენზიის განხილვისას კომისიისათვის უცნობია, თუ ვის პრეტენზიას განიხილავს.

2. თუ კომისია დარწმუნდება, რომ ტესტი არ არის სწორი, იგი უფ­ლე­ბამოსილია შეცვალოს შეფასება.

 

კრებსითი — სრული ვერსია