საქართველოს მთავრობის
დადგენილება №94
2005 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით რეგულირებული მთელი რიგი საზოგადოებრივი ურთიერთობები ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების გამო რეალურად აღარ არსებობს ან განიცადა მნიშვნელოვანი სახეცვლილება. ამასთან, მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნაწილი არსებითად მოძველებულია და ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის კუთხით განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაციისა და საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით შეიქმნას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარე
დიმიტრი ბარამია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ლილი ბეგიაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
გიორგი გოდაბრელიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ნინო ენუქიძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
დავით კერესელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
დავით კორახაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსი
სერგო მესხი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
დავით მოდებაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი
ზაზა ნანობაშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზის განყოფილების უფროსი
დავით ნერგაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
გიორგი ნოზაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი
თეა ონიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი
ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
ქეთევან ქოქრაშვილი – რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი
ირაკლი ღვალაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №209-სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1505
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 ივლისის დადგენილება №137-სსმIII, №97, 10.07.2007წ., მუხ.1037
2. დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.
3. საქართველოს სამინისტროებმა ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 5 დღეში უზრუნველყონ თავიანთ მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის განხორციელებისა და აღნიშნულის საფუძველზე სამთავრობო კომისიისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფების შექმნა და ამის თაობაზე სამთავრობო კომისიის ინფორმირება.
4. სამინისტროებმა 2006 წლის 30 მარტამდე უზრუნველყონ თავიანთი მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში დაურეგისტრირებელი სამართლებრივი აქტების გადარჩევა-ანალიზის პროცესის დასრულება და აღნიშნულის საფუძველზე სამთავრობო კომისიისათვის შემდეგი ინფორმაციის წარმოდგენა:
ა) იმ მოქმედი ნორმატიული აქტების ნუსხის შესახებ, რომლებიც ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს;
ბ) იმ მოქმედი ნორმატიული აქტების ნუსხის შესახებ, რომლებიც საჭიროებენ გადასინჯვას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
გ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში დაურეგისტრირებელი იმ სამართლებრივი აქტების ნუსხის შესახებ, რომლებიც პრაქტიკაში გამოიყენება და რომელთა დადგენილი წესით ძალაში შესვლა აუცილებელია (ნუსხაში მითითებულ ყოველ სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით შემუშავდეს რეკომენდაცია სათანადო არგუმენტაციით – მათი ძალადაკარგულად გამოცხადების, კორექტირების ან მოქმედი რედაქციის საჭიროების აუცილებლობის დასაბუთებით).
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №209-სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1505
5. სამთავრობო კომისიამ 2006 წლის 30 აგვისტომდე განიხილოს სამინისტროების მიერ ამ დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების ნუსხა (სათანადო არგუმენტაციით) და შესაბამისი წინადადებებით მიმართოს საქართველოს მთავრობას.
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №209-სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1505
6. სამთავრობო კომისიის წინადადებების განხილვის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს:
ა) შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ცალკეული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ;
ბ) სამინისტროების სამოქმედო გეგმის დამტკიცება იმ ნორმატიული აქტების გადასინჯვისათვის, რომელთაც არ დაუკარგავთ აქტუალურობა და საჭიროებენ გარკვეულ კორექტირებას.
7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №209-სსმIII, №136, 24.11.2005წ., მუხ.1505
2.საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 ივლისის დადგენილება №137-სსმIII, №97, 10.07.2007წ., მუხ.1037
საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეისწავლის სამინისტროებისა და მათ გამგებლობაში არსებული დაწესებულებების მიერ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გადარჩევა-ანალიზის შედეგად შემუშავებულ წინადადებებს და რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს მთავრობას.
2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 ივლისის დადგენილება №137-სსმIII, №97, 10.07.2007წ., მუხ.1037
მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს სამინისტროებისა და მათ გამგებლობაში არსებული დაწესებულებების მიერ თავიანთი მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის საქმიანობის კოორდინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს მთავრობის ინფორმაციული უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროების მიერ წარმოდგენილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთიანი ნუსხისა და ცალკეული კანონქვემდებარე ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების განხილვა, აღნიშნულის შესწავლის საფუძველზე საქართველოს მთავრობისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 ივლისის დადგენილება №137-სსმIII, №97, 10.07.2007წ., მუხ.1037
მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:
ა) მომზადდეს შესაბამისი წინადადებები საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების გადარჩევა-ანალიზის თაობაზე;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან, ორგანიზაციებიდან და თანამდებობის პირებისაგან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია;
გ) სამინისტროების მიერ მოწოდებული ნუსხისა და წარმოდგენილი დასაბუთების გათვალისწინებით მოამზადოს წინადადებები იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც ექვემდებარებიან საქართველოს მთავრობის მიერ ძალადაკარგულად გამოცხადებას;
დ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები სამინისტროების მიერ მოწოდებული იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ გარკვეულ კორექტირებასა და გადამუშავებას. ასევე აღნიშნულ საკითხზე წარადგინოს რეკომენდაციები საქართველოს სამინისტროების ნორმაშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით;
ე) სამინისტროების მიერ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების თაობაზე არასრული და არასაკმარისი დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში დააბრუნოს იგი უკან სათანადო მითითებებით;
ვ) კანონმდებლობის ცალკეული დარგების მიხედვით შექმნას სამუშაო ჯგუფები ან კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად მოიწვიოს სპეციალისტები.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 ივლისის დადგენილება №137-სსმIII, №97, 10.07.2007წ., მუხ.1037
მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.
3. კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის მდივანს, რომელიც ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველი დოკუმენტაციის მომზადებას, სხდომის ოქმის შედგენას.
4. კომისიის მდივანი:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ორგანიზებას;
ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის.
5. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა შესაბამისი უწყების წარდგინებით 10 დღეში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.
მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წინადადებების სახით კომისიის სხდომებზე.
2. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს უჭერს დამსწრეთა 2/3 მაინც, მაგრამ არანაკლებ კომისიის წევრთა 1/3-ისა.
მუხლი 6. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის კანცელარია. საჭიროებისამებრ, სამთავრობო კომისიის არგუმენტირებული მოთხოვნის შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას სამთავრობო კომისიის აპარატი.
მუხლი 7. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა
კომისია საქმიანობას წყვეტს საქართველოს მთავრობის დადგენილებით.