საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 398
2006 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოსათვის 2003-2004 წლებში „სურსათი პროგრესისათვის” პროგრამის ფარგლებში უსასყიდლოდ გადმოცემული ხორბლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გამოყენების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის პროგრამის „სურსათი პროგრესისათვის” შესაბამისად სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ” 2003 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულების „ა” დანართის მე-6 პუნქტისა და „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ” პროგრამის „სურსათი პროგრესისათვის” 2004 წლის 28 აპრილის ხელშეკრულების „ა” დანართის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სასოფლო-სამეურნეო პროგრამებისა და ღონისძიებების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):
ა) ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს 2003-2004 წლებში „სურსათი პროგრესისათვის” პროგრამის ფარგლებში გადმოცემული ხორბლის რეალიზაციის შედეგად საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ № 000700975 ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან 6 552.2 ათასი ლარი, ხოლო № 000700878 ანგარიშზე ჩარიცხული თანხიდან 9 000.0 ათასი ლარი გადარიცხოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესაბამის კონკურსებსა და ტენდერებში გამარჯვებული ფირმების მიერ გახსნილ საბანკო ანგარიშზე;
ბ) „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების მომზადებისას უზრუნველყოს აღნიშნული სახსრების ასახვა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილში;
გ) უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება აღნიშნული სახსრების სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშგებაში ასახვის მიზნით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი