,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
64
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2006-03-16
გამოქვეყნების თარიღი
2010-03-10
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.10.003.000.447
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №64

2006 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდების დამტკიცების შესახებ

1. “მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანდართული წესდება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 ივლისის №383 ბრძანება (სსმ III, 2005 წ., №89, მუხლი 1022) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ზ. ნოღაიდელი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის დადგენილება  №82-სსმ III, №56, 25.04.2006წ; მუხ.682

2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება  №114-სსმ III, №82, 20.06.2006წ; მუხ.1088

3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება  №197-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2040

4. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 დეკემბრის დადგენილება  №303-სსმ III, №186, 28.12.2007წ; მუხ.2084

5. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება  №10-სსმ III, №8, 21.01.2008წ; მუხ.85

6. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება  №13-სსმ III, №16, 13.02.2009წ; მუხ.196

7. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება  №194-სსმ III, №135, 02.11.2009წ; მუხ.1540

8. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №225-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1828

9. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილება  №34-სსმ III, №17, 12.02.2010წ; მუხ.192

10. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება  №65-სსმ III, №29, 17.03.2010წ; მუხ.422

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ივლისის №653 ბრძანებულებით.

2. ფონდი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით, საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით.

3. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთა-რი საბანკო ანგარიში და ბეჭედი.

4. ფონდის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი 0102, უზნაძის ქუჩა №68.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება  №197-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2040

    მუხლი 2. ფონდის მიზნები და ამოცანები

1. ფონდის ძირითადი მიზანია დაფინანსების გზით ხელი შეუწყოს საქართველოში მეცნიერების განვითარებას.

2. ფონდის ამოცანებია:

ა) სამეცნიერო გრანტების გაცემის საშუალებით ხელი შეუწყოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების განხორციელებას;

ბ) უზრუნველყოს საქართველოში არსებული სამეცნიერო და ტექნოლოგიური პოტენციალის შესახებ მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, მოამზადოს წინადადებები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ეროვნული პრიორიტეტების განსახორციელებლად;

გ) ხელი შეუწყოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლას საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის, საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა მონაწილეობას საერთაშორისო პროგრამებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში;

დ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამეცნიერო კვლევათა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორის, უწყებათაშორის შეთანხმებათა და ხელშეკრულებათა პროექტების მომზადებაში;

ე) მოაწყოს სამეცნიერო კონფერენციები, სემინარები და სიმპოზიუმები, გამოაცხადოს კონკურსები სხვადასხვა სახის გრანტებისა და პრემიების მოსაპოვებლად;

ვ) პოპულარიზაცია გაუწიოს სამეცნიერო კვლევებს.

ზ) (ამოღებულია).

3. დასახულ ამოცანათა გადასაწყვეტად ფონდი:

ა) საკონკურსო საფუძველზე ახორციელებს:

ა.ა) სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შერჩევას დასაფინანსებლად იმ მიმართულებათა შესაბამისად, რომლებიც ცხადდება პრიორიტეტულად;

ა.ბ) პროექტების შერჩევას სხვადასხვა სახის გრანტების, მათ შორის, მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების მოსაპოვებლად;

ბ) ხელს უწყობს პრინციპულად ახალი ტექნოლოგიების განვითარებას მათი პროდუქციის წარმოებაში დანერგვის მიზნით, აგრეთვე აღიარებული საბაზო ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების წარმოებაში დანერგვისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით;

გ) ხელს უწყობს ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დამუშავებისა და დანერგვის პროცესს, ქვეყნის ერთიანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცის ფორმირებასა და მსოფლიოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში მის ინტეგრირებას;

დ) ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ აწყობს სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში მიღწევათა გამოფე­ნებს, სემინარებს, კონგრესებს, სიმპოზიუმებსა და სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს და მონაწილეობას იღებს პარტნიორი ქვეყნების ანალოგიური ხასიათის ღონისძიებებში, ხელს უწყობს მეცნიერთა გაცვლის პროცესს;

დ1) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის­ტროსთან შეთანხმებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით ამყარებს საქმიან კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო და არასა­ხელმწიფო სტრუქტურებთან;

ე) რეკომენდაციას უწევს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში;

ვ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოლაპარაკებას და დებს ხელშეკრულებებს საქართველოსა და უცხო ქვეყნების იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;

ზ) ანიჭებს პრემიებს მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის; ასევე, უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთა და წევრ-კორესპონდენტთათვის ყოველთვიური ანაზღაურების გაცემას ,,საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე; (ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან).

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება  №197-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2040

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის დადგენილება  №13-სსმ III, №16, 13.02.2009წ; მუხ.196

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილება  №34-სსმ III, №17, 12.02.2010წ; მუხ.192

    მუხლი 3. ფონდის მართვა

1. ფონდის მართვის ორგანოები არიან:

ა) დირექტორი;

ბ) სამეცნიერო საბჭო.

2. ფონდის მართვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება  №197-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2040

    მუხლი 4. ფონდის სამეცნიერო საბჭო

1. ფონდის მართვის უმაღლესი ორგანოა სამეცნიერო საბჭო, რომელიც შედგება 15 წევრისაგან.

2. სამეცნიერო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.

3. სამეცნიერო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) გარდაცვალება;

გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;

დ) სასამართლოს მიერ მისი ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ე) დაკისრებულ მოვალეობათა სისტემატური შეუსრულებლობა;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევები.

4. სამეცნიერო საბჭო:

ა) ზედამხედველობას უწევს ფონდის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს ფონდის ბიუჯეტსა და მისი შესრულების ანგარიშს;

გ) განსაზღვრავს ფონდის მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს და იღებს რეკომენდაციას კონკურსის გამოცხადების შესახებ;

დ) ამოღებულია;

ე) ამტკიცებს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სამეცნიერო მიმართულებებს შორის თანხის განაწილების მეთოდს, ადგენს დაფინანსების მოცულობას თითოეული მიმართულებისთვის და ამტკიცებს დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტებს;

ვ) სამეცნიერო საგრანტო პროექტის ამოცანების შეუსრულებლობის შემთხვევაში იღებს სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერების ან შეწყვეტის გადაწყვეტილებას. სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება ის პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსების განახლება, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში – პროექტის დაფინანსების შეწყვეტა. სამეცნიერო საგრანტო პროექტის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებაში საბჭო განსაზღვრავს, არის თუ არა დირექტორი უფლებამოსილი კონკრეტული პირობის შესრულების შემთხვევაში საბჭოს თანხმობის გარეშე განაახლოს მისი დაფინანსება.

5. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის მინიმუმ 2/3 არიან მეცნიერები.

6. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიების კვოტით, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისათვის – ერთი კვოტით.

7. საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვოტით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე შემუშავებული წესის შესაბამისად.

8. საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კვოტით, რომელსაც საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

10. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრუ­ლი შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრუ­ლი შემადგენლობის ერთი მესამედისა.

11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საქართველოს მთავრობის კვოტით თანამ-დებობრივად შედის სა­მეც­ნიერო საბჭოს შემადგენლობაში და თავმჯდომარეობს სამეც­ნიერო საბჭოს სხდომებს. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას თავმჯდომარეობს თავმჯდომარის მოადგილე.

111. სამეცნიერო საბჭო, წევრთა სრული შემადგენლობის უმ­რავლესობით, საკუთარ წევრთაგან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავ­მჯდომარის მოადგილეს. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს.

112. სამეცნიერო საბჭო, წევრთა სრული შემადგენლობის უმ­რავლესობით, საკუთარ წევრთაგან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს. სამეცნიერო საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრუ­ლების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სამეცნიერო საბჭოს დავალებით ასრულებს სამეცნიერო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

12. საბჭოს სხდომებს ესწრება ფონდის დირექტორი სათათბირო ხმის უფლებით.

13. საბჭოს ყოველ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება; ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

14. სამეცნიერო საბჭო იკრიბება წელიწადში 4-ჯერ მა­ინც. სამეცნიერო საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს ფონდის დირექტორის ან სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამეცნიერო საბ­ჭოს სხდომა, ასევე შეიძლება მოწვეულ იქნეს სამეცნიერო საბ­ჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის წერილობითი განცხადების საფუძველზე, განცხადების ფონდში რეგის­ტრა­ციიდან ერთი თვის განმავლობაში.

15. სამეცნიერო საბჭოს სხდომის დროს იწარმოება სხდომის ოქმი, რომელიც ფორმდება სხდომის გამართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ სა­მეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება  №197-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2040

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 იანვრის დადგენილება  №10-სსმ III, №8, 21.01.2008წ; მუხ.85

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 ოქტომბრის დადგენილება  №194-სსმ III, №135, 02.11.2009წ; მუხ.1540

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილება  №34-სსმ III, №17, 12.02.2010წ; მუხ.192

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 მარტის დადგენილება  №65-სსმ III, №29, 17.03.2010წ; მუხ.422

    მუხლი 5. ფონდის დირექტორი

1. ფონდის წარმომადგენლობისათვის უფლებამოსილი პირია და მის საქმიანობას ხელმძღვანელობს ფონდის დირექტორი, რო­მელ­საც 4 წლის ვადით, საქართველოს განათლებისა და მეცნიე­რე­ბის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თა­ნამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ერთი და იგივე პირი ფონდის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს ზე­დი­ზედ მხოლოდ ორჯერ.

2. ამოღებულია.

3. ფონდის დირექტორი:

ა) მოქმედებს ფონდის სახელით და სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში;

ბ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით აცხადებს საგრან­ტო კონკურსებს;

გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სახელმწიფო სტიპენდიების, ჰონორარების, პრემიების მინიჭების წესს და აცხადებს კონკურსებს;

დ) ადგენს საგრანტო კონკურსის გამართვისა და საგრანტო განაცხადების მიღების ვადებს, ამტკიცებს საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმებს, დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასების წარმოდგენის ფორმასა და შევსების წესს; საბჭოს მიერ შესაბამისი უფლების მინიჭების შემთხვევაში შეჩერებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის პირობის შესრულების შემდეგ განაახლებს სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსებას, ხოლო პირობის შეუსრულებლობის, აგრეთვე პროექტის ხელმძღვანელის ინიციატივის არსებობის შემთხვევაში იწვევს საბჭოს პროექტის საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;

ე) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორის მოად­გილე(ებ)ს. ფონდის დირექტორის არყოფნის ან მის მი­ერ მოვ­ა­ლე­ობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსა­ზღვრუ­ლი მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვა­ლე­ო­ბას;

ვ) ანაწილებს სამუშაოს ფონდის თანამშრომელთა შორის;

ზ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ფონდის სახსრებსა და რესურსებს;

თ) ფონდის ბიუჯეტის შესაბამისად, საქართველოს განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკი­ცებს ფონდის საშტატო განრიგს და ამ განრიგით გათვალისწი­ნებულ თანამშრომელთა ანაზღაურების ოდენობებს;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფონ­დის თანამშრომლებთან აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკ­რულებებს, საჭიროების შემთხვევაში აწყობს კონკურსს, მათ მი­მართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებ­ლობის ზომებს. ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს;

კ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობას წარუდგენს ფონდის მუშაობის ყოველწლიურ ანგა­რიშს;

ლ) აქვეყნებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ მონაცემებს;

ლ1) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოს­ცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ მოვალეობათა შესასრულებლად ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დირექტორს ვადაზე ადრე უწყდება უფლებამოსილება:

ა) პირადი სურვილით;

ბ) გარდაცვალების შემთხვევაში;

გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შემთხვევაში;

ე) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.

5. დირექტორი პასუხისმგებელია ფონდის საქმიანობის კანონიერების, ეფექტიანობისა და მიზანშეწონილობისათვის.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება  №197-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2040

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 დეკემბრის დადგენილება  №303-სსმ III, №186, 28.12.2007წ; მუხ.2084

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 15 დეკემბრის დადგენილება  №225-სსმ III, №155, 21.12.2009წ; მუხ.1828

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილება  №34-სსმ III, №17, 12.02.2010წ; მუხ.192

    მუხლი 51. ინტერესთა კონფლიქტი

დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო პრო­ექ­­ტების კონკურსში ამავე ფონდის თანამშრომლის მონაწი­ლეო­ბა.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილება  №34-სსმ III, №17, 12.02.2010წ; მუხ.192

 

    მუხლი 6. ფონდის სტრუქტურა

1. ფონდის სტრუქტურა ყალიბდება ფონდის ამოცანების, ფუნქციებისა და შესაძლო დაფინანსების შესაბამისად.

2. ფონდის სტრუქტურას განსაზღვრავს და ამტკიცებს ფონდის დირექტორი სამეცნიერო საბჭოს თანხმობით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის დადგენილება  №82-სსმ III, №56, 25.04.2006წ; მუხ.682

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 ივნისის დადგენილება  №114-სსმ III, №82, 20.06.2006წ; მუხ.1088

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება  №197-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2040

    მუხლი 7. ფონდის ფინანსები

1. ფონდის სახსრები იქმნება:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;

ბ) საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციებისა და სამეცნიერო ფონდების სახსრების მოზიდვით, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროგრამებიდან მიღებული გრანტებით;

გ) საქველმოქმედო შემოწირულობებით, ფიზიკური და იურიდიული პირების ნებაყოფლობითი შენატანებით;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლებით;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ფონდის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ფონდის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

3. ფონდი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 აპრილის დადგენილება  №82-სსმ III, №56, 25.04.2006წ; მუხ.682

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება  №197-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2040

    მუხლი 8. ფონდის სტრუქტურა

ფონდს თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად გადაეცემა სახელმწიფო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება  №197-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2040

    მუხლი 9. სახელმწიფო კონტროლი

1. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

2. სამინისტროს თანხმობით ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვ­რა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონების თაობაზე, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;

ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამო­სა­ყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პი­რის მიერ შე­სა­ძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარ­ჯების ლიმიტების განსაზღვრა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ბ“ და “გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

4. ფონდს უფლება არა აქვს მიღებული სახელმწიფო ქონება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობის უფლებით გადასცეს (კერძოდ, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობისა და დაცვისათვის.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება  №197-სსმ III, №147, 30.10.2006წ; მუხ.2040

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 თებერვლის დადგენილება  №34-სსმ III, №17, 12.02.2010წ; მუხ.192

    მუხლი 10. ფონდის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. ფონდის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ფონდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

 

კრებსითი — სრული ვერსია