საქართველოს კანონი
„საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 9.03.1996, №002) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31
1. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება პარლამენტის კომიტეტის აპარატი, რომელიც წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.
2. კომიტეტის აპარატი:
ა) მონაწილეობს კომიტეტისა და ქვეკომიტეტების სამუშაო გეგმების, კომიტეტის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში; ახორციელებს საკონსულტაციო, ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;
ბ) ასრულებს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კომიტეტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ოდენობას კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით და პარლამენტის აპარატის უფროსთან შეთანხმებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.”.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32-ე მუხლი:
„მუხლი 32
1. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის აპარატის უფროსი და სპეციალისტები.
2. კომიტეტის აპარატის უფროსი:
ა) კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად ახორციელებს კომიტეტის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას, კომიტეტის აპარატის მუშაკთა შორის ანაწილებს ფუნქციებსა და დავალებებს, პასუხისმგებელია კომიტეტის აპარატზე დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებაზე, უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატისა და პარლამენტის აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ურთიერთობათა კოორდინაციას;
ბ) ორგანიზაციას უწევს კომიტეტის სხდომების მომზადებას, მიღებულ გადაწყვეტილებათა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;
გ) უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატის მუშაკთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას, შეაქვს წინადადებები მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;
დ) ახორციელებს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. კომიტეტის სპეციალისტები:
ა) მუშაობენ კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ დარგობრივ მიმართულებათა საკითხებზე; მონაწილეობენ კომიტეტის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, ანალიზსა და განზოგადებაში, კანონპროექტებზე დასკვნების, მოხსენებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში; ასრულებენ კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის დავალებებს;
ბ) ახორციელებენ კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
4. კომიტეტის აპარატის უფროსსა და სპეციალისტებს კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.”.
3. 32-ე მუხლი ჩაითვალოს 33-ე მუხლად.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 29 მაისი.
№1400–IIს