სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.014.091
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №2
2010 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №209 ბრძანებით (სსმ III, 15.03.2007, №35, მუხ. 418) დამტკიცებული „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. მეურნეობის ფარგლებში არსებული ტერიტორიის (105 ჰექტარი) მართვა.“;
ბ) დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 4. თავის კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოსა და საზღვარგარეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებების (მათ შორის, საიჯარო) გაფორმება სარგავი და სათესი მასალის მიწოდებაზე, აგრეთვე მათი ფასიანი მომსახურება.“;
გ) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„ 7. საჭიროების შემთხვევაში, საჯარო მიზნებისთვის ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ გამწვანების ან/და განაშენიანების ღონისძიებებისთვის სარგავი მასალის უსასყიდლოდ გაცემა.“;
დ) დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. მეურნეობის საქმიანობას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“;
ე) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ თ) მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში მინისტრს წარუდგენს მეურნეობის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურას.“;
ვ) დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ ბ) სამეურნეო-ტექნიკური სამსახური.“;
ზ) დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 3. სამეურნეო-ტექნიკური სამსახურის ფუნქციებია:
ა) მეურნეობის მიზნებიდან გამომდინარე, ტყის რესურსების განვითარება და ნერგების გამოყვანის უზრუნველყოფა;
ბ) მეურნეობის ტერიტორიაზე მეურნეობის ქონების დაცვა.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე