სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.013.225
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2009 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესის დამტკიცების თაობაზე
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 113-ე მუხლის მე-12 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის თანდართული წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან.
ზ. ადეიშვილი
კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესი
1. კერძო აღმასრულებელს სავალდებულოა ჰქონდეს სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო) და სადეპოზიტო ანგარიში ბანკში.
2. ორ ან ორზე მეტ კერძო აღმასრულებელს შეიძლება ჰქონდეს საერთო სამუშაო ადგილი (ოფისი, ბიურო). კერძო აღმასრულებელთა უფლება-მოვალეობანი საერთო სამუშაო ადგილის მიმართ განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში თითოეული კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობას ახორციელებს საკუთარი სახელით და პირადად აგებს პასუხს თავისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის.
3. სამუშაო ადგილის შეცვლის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს და წარუდგინოს მას სამუშაო ადგილის მისამართი და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი იმ უძრავი ქონების საკუთრების თაობაზე (მესაკუთრის ვინაობა), სადაც უნდა განთავსდეს კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილი, ან ამ უძრავი ქონების მესაკუთრის თანხმობა სააღსრულებო საქმიანობის განხორციელებაზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 6 ივნისის ბრძანება №88 - ვებგვერდი, 06.06.2012 წ.
4. კერძო აღმასრულებლის ოფისი (ბიურო) უნდა იყოს არანაკლებ 20 მ2 კაპიტალური ფართობის, სათანადოდ დაცული (ხმოვანი სიგნალიზაციით ან სპეციალური დაცვით) და საკომუნიკაციო-საოფისე ტექნიკით (ტელეფონი, ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერი, რომელშიც აგრეთვე განთავსებულია სააღსრულებო საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა, პრინტერი, სკანირების აპარატი, დოკუმენტაციის განთავსებისა და სათანადო შენახვისათვის აუცილებელი სხვა ინვენტარი) აღჭურვილი.
5. აკრძალულია ოფისის (ბიუროს) განთავსება საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სანოტარო ბიუროს, საგანმანათლებლო ან გასართობი დაწესებულების შენობაში.
6. ოფისის შესასვლელში უნდა იყოს განთავსებული შესაბამისი აბრა, სააღსრულებო საქმიანობისა და კერძო აღმასრულებლის (საერთო ოფისის შემთხვევაში, თითოეულს) სახელისა და გვარის აღნიშვნით. აბრა შეიძლება შეიცავდეს დამატებით აღნიშვნებსაც. კერძო აღმსრულებლის ოფისში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გამოკრული სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზია.