,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დავალებით საქართველოს ეროვნულ ბანკში აკრედიტივებით ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
182
მიმღები ორგანო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2008-07-16
გამოქვეყნების თარიღი
2010-09-16
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.18.011.012.042
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დავალებით საქართველოს ეროვნულ ბანკში აკრედიტივებით ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.012.042

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №182

2008 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დავალებით საქართველოს ეროვნულ ბანკში აკრედიტივებით ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 46-ე მუხლის პირველი პუნქტის, 67-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დავალებით საქართველოს ეროვნულ ბანკში აკრედიტივებით ოპერაციების წარმოების თანდართული წესი.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი  დ. ამაღლობელი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №121/01 - სსმ III, №120, 21.09.2010 წ., მუხ.1784

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დავალებით საქართველოს ეროვნულ ბანკში აკრედიტივებით ოპერაციების წარმოების

წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

აღნიშნული წესი არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დავალებით დოკუმენტური აკრედიტივების გახსნისა და წარმოების პირობებსა და პროცედურებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. კლიენტი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური.

2. ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკი.

3. აკრედიტივის განაცხადი – სპეციალური ფორმა, რომელსაც კლიენტი წარუდგენს ბანკს, და სადაც მითითებულია აკრედიტივის პირობები.

4. ოფიციალური გაცვლითი კურსი – ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი უცხოური ვალუტის მიმართ.

5. კორესპონდენტი ბანკი – ბანკი, სადაც ეროვნულ ბანკს გახსნილი აქვს ანგარიში და საიდანაც ხდება აკრედიტივთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.

6. აკრედიტივის ანგარიში – ანგარიში, რომელზეც დეპონირებულია აკრედიტივის უზრუნველყოფისათვის დაჯავშნული თანხები და რომელზეც აისახება აკრედიტივთან დაკავშირებული თანხის ყოველი მოძრაობა.

7. დაჯავშნული თანხები – აკრედიტივის დახურვამდე აკრედიტივის მოქმედების მთელი პერიოდის ვადით გაყინული თანხები, რომლებიც განკუთვნილია მხოლოდ აკრედიტივთან დაკავშირებული ხარჯების გასაწევად და რომლის გამოყენება არ შეიძლება სხვა მიზნებისათვის.

    მუხლი 3. განაცხადი აკრედიტივის გახსნაზე

1. კლიენტი ბანკში წარმოადგენს სპეციალურ განაცხადს ბანკის მიერ შემუშავებული ფორმით (დანართი №1) აკრედიტივის გახსნის თაობაზე.

2. აკრედიტივის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დადგენილ სტანდარტებს (UCP, ISP, URR ბოლო ვერსია ან სხვა), რის შესახებაც უნდა მიეთითოს განაცხადში.

3. სწორად შევსებული აკრედიტივის განაცხადი უნდა მოიცავდეს ყველა აუცილებელ რეკვიზიტს; განაცხადის ყველა გვერდი, დანართების ჩათვლით, დამოწმებული უნდა იყოს ორი უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდით.

4. არასწორად შევსებული განაცხადი დაუბრუნდება კლიენტს.

5. აკრედიტივის პირობებში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემთხვევაში კლიენტი ბანკს აცნობებს წერილობით, რომელიც დამოწმებულია ორი უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №121/01 - სსმ III, №120, 21.09.2010 წ., მუხ.1784

    მუხლი 4. აკრედიტივის უზრუნველყოფა

1. აკრედიტივის უზრუნველყოფას წარმოადგენს:

ა) აკრედიტივით ანგარისწორებისათვის ბანკში კლიენტის სპეციალურ (მიზნობრივ) სავალუტო ანგარიშზე დაჯავშნული თანხები;

ბ) აკრედიტივით ანგარისწორებისათვის ბანკში კლიენტის სპეციალურ (მიზნობრივ) ანგარიშზე დაჯავშნული თანხები ეროვნული ვალუტით;

გ) ბანკში ხაზინის ერთიან ანგარიშზე აკრედიტივით ანგარისწორებისათვის დაჯავშნული თანხები ეროვნული ვალუტით;

დ) საერთაშორისო საფინანსო (სუპრანაციონალური) ინსტიტუტის მიერ მიმღების ან მიმღების ბანკის სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი.

2. აღნიშნული უზრუნველყოფიდან ერთ-ერთის გამოყენების შესახებ მიეთითება აკრედიტივის განაცხადში.

3. პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში თანხების დაჯავშნა ხდება აკრედიტივის თანხის ეკვივალენტური მოცულობით ლარებით, განაცხადის მიღების დღისათვის მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით.

31 პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მითითებული უზრუნველყოფით გახსნილი აკრედიტივის შემთხვევაში, აკრედიტივის თანხის ანაზღაურების ვალდებულება გადადის საგარანტიო წერილის გამცემ ორგანიზაციაზე.

4. შესაბამისი უზრუნველყოფის არსებობა წარმოადგენს აკრედიტივის გახსნის პროცედურების დაწყების აუცილებელ პირობას.

5. ეროვნული ვალუტით აკრედიტივის თანხების დაჯავშნის შემთხვევაში საკურსო სხვაობით გამოწვეული დანაკლისის შევსება მოხდება ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს კლიენტის მიერ, ბანკის შეტყობინების საფუძველზე.

6. ეროვნული ვალუტით აკრედიტივის თანხების დაჯავშნის შემთხვევაში საკურსო სხვაობით გამოწვეული ნამეტის დაბრუნება მოხდება ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს ბანკის მიერ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №121/01 - სსმ III, №120, 21.09.2010 წ., მუხ.1784

    მუხლი 5. აკრედიტივის გახსნა და თანხების ჩამოწერა

1. აკრედიტივის განაცხადის შესაბამისად, ბანკი ხსნის აკრედიტივს და ახდენს განაცხადში მითითებული თანხების დეპონირებას (დაჯავშნას) კორესპონდენტ ბანკში უცხოურ ვალუტაში შესაბამის მიზნობრივ ანგარიშზე.

11 მესამე მხარის მიერ საგარანტიო წერილის საფუძველზე გახსნილი აკრედიტივის შემთხვევაში თანხების დეპონირება არ ხდება.

2. ბანკი უფლებამოსილია უარი განაცხადოს აკრედიტივის გახსნაზე, რაზეც წერილობით აცნობებს კლიენტს.

3. აკრედიტივის პირობების შესაბამისად, კორესპონდენტი ბანკის მიერ ბანკის ანგარიშიდან თანხების ჩამოწერისას კლიენტის შესაბამისი ანგარიშიდან აკრედიტივის ძირითადი და მომსახურების (საკომისიო) თანხის ჩამოჭრას ბანკი ახორციელებს თავადვე, ანგარიშის პირდაპირი დებეტის გზით, თანხების ჩამოწერის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, რაც დაუყოვნებლივ აისახება შესაბამისი აკრედიტივის ანგარიშზე.

4. ინფორმაცია აკრედიტივის ანგარიშზე თანხების ყოველი მოძრაობის შესახებ კლიენტს გაეგზავნება იმავე საბანკო დღის განმავლობაში.

5. იმ შემთხვევაში, თუ კურსის ცვლილებით წარმოიშობა დანაკლისი, ხოლო კლიენტი ვერ უზრუნველყოფს თანხების საკმარისობას შესაბამის ანგარიშზე ყოველი თვის ბოლოსათვის, ან თანხების ჩამოწერა მოხდება თვის განმავლობაში, დანაკლის თანხას ბანკი აინაზღაურებს აკრედიტივის განაცხადში მითითებული ანგარიშიდან, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობებს კლიენტს.

6. ბანკს აქვს უპირობო და უპირატესი უფლება აკრედიტივებთან დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს აკრედიტივის ანგარიშზე დაჯავშნული თანხებიდან და კლიენტის ანგარიშებზე რიცხული ნებისმიერი სხვა თანხებიდან, ან მომავალ პერიოდში მიღებული შემოსულობებიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №121/01 - სსმ III, №120, 21.09.2010 წ., მუხ.1784

    მუხლი 6. აკრედიტივის მომსახურების ხარჯები

1.  ბანკი არ იღებს საკომისიოს აკრედიტივით ანგარიშსწორებისას უშუალოდ მის მიერ გაწეული მომსახურებისათვის.

2. კლიენტი აანაზღაურებს მხოლოდ კორესპონდენტი ბანკის ან აკრედიტივით ანგარიშსწორების მონაწილე სხვა ბანკის მიერ დაკავებულ საკომისიო და სხვა მომსახურების ხარჯებს.

კრებსითი — სრული ვერსია