სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამედიცინო პერსონალის საქმიანობის წესების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
245/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2007-08-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-10-15
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.010.770
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამედიცინო პერსონალის საქმიანობის წესების შესახებ

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.770

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №245/ნ

2007 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამედიცინო პერსონალის საქმიანობის წესების შესახებ

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 154-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესი (დანართი 1);

ბ) სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამედიცინო პერსონალის საქმიანობის წესი (დანართი 2).

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება № 01- 66/ნ - ვებგვერდი, 16.10. 2012წ.

დანართი 1

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესი

    მუხლი 1

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა მოიცავს:

ა) გვამების ექსპერტიზას ნაძალადევი სიკვდილის შემთხვევებში;

ბ) გვამის ექსპერტიზას ძალადობაზე ეჭვის ან სხვა გარემოებების არსებობისას, რომლებიც განაპირობებენ სასამართლო სამედიცინო წესით გამოკვლევის აუცილებლობას;

გ) დაზარალებულის, ბრალდებულის ან სხვა პირთა ექსპერტიზებს, ასევე მოქალაქეთა სასამართლო სამედიცინო შემოწმებას, სხეულის დაზიანების ხასიათს და სიმძიმეს, ასაკს, სქესობრივ მდგომარეობას და სხვა საკითხებს;

დ) ექსპერტიზას სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმის მასალებთან დაკავშირებით.

ე)  ექსპერტიზას სამედიცინო დოკუმენტაციით.

    მუხლი 2

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი არის სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც დადგენილი წესით,  საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტი გარდა ამისა, მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში. ამასთან, ექსპერტს ენიჭება მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება № 01- 66/ნ - ვებგვერდი, 16.10. 2012წ.

    მუხლი 3

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სახეებია:

ა) პირველადი;

ბ) დამატებითი;

გ) განმეორებითი;

დ) საკომისიო;

ე) კომპლექსური;

ვ) ალტერნატიული.

    მუხლი 4.

დამატებით სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას ატარებს იგივე ან სხვა სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ჩატარებული გამოკვლევის ან დასკვნის შესავსებად.

    მუხლი 5.

განმეორებითი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება მაშინ, როცა ექსპერტის დასკვნა დაუსაბუთებელია, მისი სისწორე საეჭვოა ან არასარწმუნოა მტკიცებულება, რომელსაც იგი ემყარება, ანდა მოხდა ექსპერტიზის ჩატარების საპროცესო წესის არსებითი დარღვევა. განმეორებითი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ევალება სხვა სასამართლო სამედიცინო ექსპერტს. განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებაში უნდა აღინიშნოს მოტივი, რატომ არის საეჭვო წინა ექსპერტიზის დასკვნა.

    მუხლი 6

საკომისიო ექსპერტიზა შეიძლება ჩაატარონ ერთი სპეციალობის მქონე ექსპერტებმა. საკომისიო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზებში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს თავის სპეციალობაში სერტიფიცირებულმა ნებისმიერმა ექიმმა, როგორც ექიმ-ექსპერტმა. საკომისიო ექსპერტიზის ჩატარებაში რამდენიმე ექსპერტის მონაწილეობის აუცილებლობას განაპირობებს კონკრეტული საქმის სირთულის ხარისხი და შემთხვევის ხასიათი.

    მუხლი 7

რამდენიმე ექსპერტის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა სპეციალობის ექიმი-ექსპერტების, ერთობლივი მონაწილეობა აუცილებელია შემდეგი ექსპერტიზის ჩატარებისას:

ა) საექიმო საქმიანობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ექსპერტიზები;

ბ) პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განსაზღვრის ექსპერტიზები.

    მუხლი 8

კომპლექსური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა შეიძლება ჩაატარონ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა. პროფესიული შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხის განმსაზღვრელი ექსპერტიზები ტარდება კომპლექსური ან კომპლექსურ-კომისიური წესით.

    მუხლი 9

მხარეს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივითა და თავის ხარჯებით ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა იმ გარემოებების დასადგენად, რომელსაც, მისი აზრით, შეუძლია ხელი შეუწყოს მისივე ინტერესების დაცვას.

    მუხლი 10

ექსპერტიზის სირთულის და სპეციალური საკითხების გადაწყვეტისას აუცილებლობის შემთხვევაში სასამართლო სამედიცინო ექსპერტი უფლებამოსილია დააყენოს შუამდგომლობა სათანადო სპეციალისტების მოწვევის შესახებ იმ ორგანოების წინაშე, რომლებმაც დანიშნეს კონკრეტული ექსპერტიზა. არასაექსპერტო სამედიცინო დაწესებულებებში ექსპერტიზის წარმოებისას დაწესებულებების ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ სასამართლო სამედიცინო ექსპერტი სათანადო პირობებით (მორგი, საექიმო კაბინეტი) და აღმოუჩინონ სხვა აუცილებელი დახმარება.

    მუხლი 11

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისა და შემოწმების შედეგად მიღებული დოკუმენტების ფორმებია:

ა) (ამოღებულია - 15.10.2012, №01-66/ნ) ;

ბ) (ამოღებულია - 15.10.2012, №01-66/ნ) ;

გ) ექსპერტის დასკვნა.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება № 01- 66/ნ - ვებგვერდი, 16.10. 2012წ.

    მუხლი 12 (ამოღებულია - 15.10.2012, №01-66/ნ)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება № 01- 66/ნ - ვებგვერდი, 16.10. 2012წ.

    მუხლი 13

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება და დაცვის მხარის მიმართვა სავალდებულოა სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულებისათვის, ექსპერტისათვის და იმ პირისათვის, რომელიც საექსპერტო კვლევის ობიექტია. ექსპერტიზის ჩატარების შესახებ დადგენილებაში და დაცვის მხარის მიმართვაში აღინიშნება ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები, საექსპერტო დაწესებულების დასახელება ან იმ პირის გვარი, რომელსაც დაევალა ექსპერტიზის ჩატარება. ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე მზადდება ექსპერტის დასკვნა ან აქტი დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება № 01- 66/ნ - ვებგვერდი, 16.10. 2012წ.

    მუხლი 14

თუ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წინაშე დასმული საკითხის გადასაწყვეტად წამოიჭრება ლაბორატორიული გამოკვლევის აუცილებლობა, ექსპერტი გამოსაკვლევ ობიექტს მიმართვით აგზავნის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შესაბამის ლაბორატორიაში. მიმართვაში მოკლედ უნდა აისახოს საქმის გარემოება და ექსპერტიზისას გამოვლენილი ობიექტური მონაცემები. ექსპერტის დასკვნა შემდგომში ფორმდება ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით.

    მუხლი 15

გამოსაკვლევი ობიექტები, მათ შორის, ნივთმტკიცებები ექვემდებარება აღრიცხვას და შენახვას. სასამართლო სამედიცინო გამოკვლევისათვის გვამიდან შეიძლება აღებულ იქნეს სხეულის რომელიმე ნაწილი, შინაგანი ორგანო, ქსოვილი, სისხლი, შარდი და ა.შ.

    მუხლი 16

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება იმ შემთხვევაში თუ ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, ასევე თუ სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს აჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თავისებურება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება № 01- 66/ნ - ვებგვერდი, 16.10. 2012წ.

    მუხლი 17

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები საქართველოს სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ფორმდება ექსპერტის დასკვნის სახით, რომელსაც სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ადასტურებს თავისი ხელმოწერით.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება № 01- 66/ნ - ვებგვერდი, 16.10. 2012წ.

    მუხლი 18.

1. ,,ექსპერტის დასკვნა‘‘ შედგება პირობითად სამი ნაწილისაგან:

 ა) შესავალი ნაწილისაგან;

 ბ) აღწერილობითი ნაწილისაგან;

გ) დასკვნითი ანუ სარეზოლუციო ნაწილისაგან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება № 01- 66/ნ - ვებგვერდი, 16.10. 2012წ.

    მუხლი 19

შესავალ ნაწილში მითითებული უნდა იყოს შემდეგი რეკვიზიტები:

ა)  ექსპერტიზის ჩატარების ადგილი, თარიღი და დრო (წელი, თვე, რიცხვი და საათი); ექსპერტიზის ჩატარების პირობები, რაც მნიშვნელოვანია საექსპერტო გამოკვლევისათვის;

ბ) ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვისი დადგენილებით ტარდება ექსპერტიზა;

გ)  ექსპერტის ვინაობა (სახელი, გვარი, განათლება, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატით მინიჭებული სპეციალობა, სპეციალობით მუშაობის სტაჟი, სამეცნიერო ხარისხი და სამეცნიერო წოდება, სამუშაო ადგილი და თანამდებობა) ის რომ ექსპერტი გააფრთხილეს განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველი, ვინ ესწრებოდა მას (თუ ექსპერტიზა კომისიურია უნდა იყოს ჩამოთვლილი თითოეული ექსპერტის მონაცემები);

დ) გვამების ექსპერტიზისას – გარდაცვლილის სახელი, გვარი, ასაკი;

 ე) ცოცხალი პირების ექსპერტიზისას – სახელი, გვარი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები;

 ვ) საქმის მასალებით ან ნივთმტკიცებების ექსპერტიზების ჩატარებისას – სამოქალაქო, სისხლის, ადმინისტრაციული სამართლის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დასახელება და ნომერი, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ობიექტების ჩამონათვალი. სამედიცინო დაწესებულების დასახელება, დოკუმენტების დასახელება და რიგითი ნომერი.

ზ)  დამსწრე პირების გვარი, სახელი, თანამდებობა;

 თ) ექსპერტის ხელის მოწერა, რომელიც გაფრთხილებულია განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ;

ი) წინასწარი ცნობები (საქმის გარემოებანი, მოკლედ);

კ) ექსპერტიზის წინაშე დასმული შეკითხვები.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება № 01- 66/ნ - ვებგვერდი, 16.10. 2012წ.

    მუხლი 20

აღწერილობით (გამოკვლევითი) ნაწილში  მოცემული უნდა იყოს:

ა) გამოსაკვლევი ობიექტის სრული და დეტალური აღწერა მიმდინარე გამოკვლევის თანმიმდევრობის მიხედვით, ქართულ ენაზე უცხო სიტყვებისა და სამედიცინო ტერმინების გარეშე, უნდა აღინიშნოს კვლევისათვის გამოყენებული ყველა მეთოდი, დაწვრილებით უნდა აისახოს საექსპერტო კვლევის პროცესი და ამ დროს ნანახი ყველა ფაქტობრივი მონაცემი, მოხდეს ნანახი ობიექტური მონაცემების ასახვა სქემატური გამოსახულებებით ან/და ფოტოსურათებით.

ბ) გვამის ექსპერტიზისას აღწერილობითი ნაწილი უნდა მოიცავდეს გვამის გარეგან და შინაგან გამოკვლევას შემდეგი თანმიმდევრობით:  ტანსაცმლის აღწერა და გვამის გარეგანი გამოკვლევის მონაცემები; სხეულის ღრუების, ორგანოებისა და ქსოვილების გამოკვლევა გვამის გამოკვლევის წესებით დადგენილი თანმიმდევრობით; სხეულიდან ამოღებული ობიექტების აღწერა, რომლებიც გადასაცემია გამოძიებისათვის სხვა სახის ექსპერტიზების ჩასატარებლად; ლაბორატორიული გამოკვლევისათვის გასაგზავნი ობიექტების ჩამონათვალი.

გ) ცოცხალი პირების ექსპერტიზებისას აღწერილობით ნაწილში უნდა აისახოს საექსპერტო გამოკვლევებით მიღებული ყველა ობიექტური მონაცემი, აღიწეროს ლაბორატორიულ გამოკვლევაზე გასაგზავნი ობიექტები (ნაცხი და სხვ.), დაფიქსირდეს  დამატებითი გამოკვლევის შედეგების მონაცემები, აღინიშნოს დამატებითი გამოკვლევის ჩატარებისა და შედეგების მიღების თარიღი. აისახოს ექიმ-სპეციალისტთა მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები.

დ)      ნივთმტკიცებების ექსპერტიზებისას აღწერილობით ნაწილში უნდა მოხდეს ობიექტის დეტალური აღწერა, დაფიქსირდეს თითოეული გამოკვლევისათვის გამოყენებული მეთოდები, გამოყენებული რეაგენტები, აპარატურა და მოწყობილობა, შედარებისათვის გამოყენებული რეაგენტები, აპარატურა, შესადარებლად გამოყენებული ნიმუშების აღწერილობა.

ე)       სამოქალაქო, სისხლის, ადმინისტრაციული სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებით ექსპერტიზების ჩატარებისას აღწერილობით ნაწილში უნდა მოხდეს ფაქტობრივი მონაცემების დეტალური აღწერა, რაც აუცილებელია შემდგომი საექსპერტო დასკვნებისათვის; საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებული ექსპერტიზებისას მონაცემები, როგორც წესი, მოყვანილი უნდა იყოს სამედიცინო და სხვა ხასიათის დოკუმენტების დედნებიდან ან სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტების ასლებიდან.

ვ) რა გამოკვლევა ჩაატარა  სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა და რა მეთოდები იყო მის მიერ გამოყენებული. პასუხები დასმულ კითხვებზე უნდა იყოს დასაბუთებული. დასკვნაში უნდა აისახოს ექსპერტის ინიციატივით დადგენილი და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებანი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება № 01- 66/ნ - ვებგვერდი, 16.10. 2012წ.

    მუხლი 21

შესავალი და აღწერილობითი ნაწილი იწერება უშუალოდ ექსპერტიზის ჩატარების პროცესში და ხელს აწერენ სასამართლო სამედიცინო ექსპერტი (ან ექსპერტები).

    მუხლი 22

დასკვნით ნაწილში კონკრეტულად უნდა იყოს მოცემული პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც დასმული იყო ექსპერტიზის წინაშე. დასკვნა იწერება ყველა გამოკვლევის დასრულების შემდეგ და ემყარება ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს. ექსპერტის დასკვნა არ უნდა სცილდებოდეს ექსპერტის სპეციალური ცოდნის ფარგლებს.

    მუხლი 23

დასკვნითი ნაწილი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:

ა) უნდა იყოს დადასტურებული ექსპერტიზის ობიექტური მონაცემებით;

ბ) უნდა შეესაბამებოდეს სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა თანამედროვე წარმოდგენებს;

დ) არ უნდა იწვევდეს არაერთგვაროვან ინტერპრეტაციას.

    მუხლი 24

დასკვნითი ნაწილი მთლიანად ან მისი რომელიმე ნაწილი შესაძლებელია იყოს: კატეგორიული (მტკიცებითი, დადებითი ან უარყოფითი) ან საალბათო (არაკატეგორიული). დასკვნითი ნაწილი შესაძლებელია შეიცავდეს ექსპერტის ინიციატივით დადგენილ და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.

    მუხლი 25

კატეგორიული დასკვნების გამოტანა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ისინი ერთმნიშვნელოვნად დასტურდება ექსპერტიზის პათოგნომური მონაცემებით.

    მუხლი 26

გამოსაკვლევ გარემოებათა შესახებ ექსპერტის საალბათო (არაკატეგორიული) დასკვნებს მტკიცებულების მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მაინც უნდა აისახოს ექსპერტის დასკვნაში. ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს ყველა ან ზოგიერთ დასმულ კითხვაზე პასუხის გაუცემლობის მიზეზის დასაბუთებას, თუ გამოკვლევის დროს აღმოჩნდა, რომ წარდგენილი მასალები არ არის საკმარისი ან ექსპერტი არაკომპეტენტურია.

    მუხლი 27

დასკვნას ხელს აწერს ექსპერტი (შედგენის თარიღის მითითებით) საკომისიო ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში, თუ საექსპერტო კომისიის წევრები საერთო აზრს გამოიტანენ, ხელს აწერენ საერთო დასკვნას, ხოლო ექსპერტთა შორის უთანხმოების შემთხვევაში, თითოეული იძლევა ცალკე დასკვნას უთანხმოების გამომწვევ ყველა ან ზოგიერთ საკითხზე.

    მუხლი 28

კომპლექსურ ექსპერტიზაში მონაწილე ყველა სპეციალისტი გამოკვლევას ატარებს დამოუკიდებლად და იძლევა დასკვნას მხოლოდ თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ექსპერტს უფლება არა აქვს ხელი მოაწეროს კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილს, რომელიც სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს.

    მუხლი 29

„ექსპერტის დასკვნა“ ფორმდება ორ ეგზემპლარად, ერთი ეგზავნება ექსპერტიზის დამნიშვნელ პირს. ექსპერტის დასკვნას უნდა დაერთოს გამოკვლევის შემდეგ დარჩენილი ნივთიერი მტკიცებულებები (ნიმუშები, ფოტოსურათები, სქემები და გრაფიკები, სხვა მასალები, რომლებიც ადასტურებენ ექსპერტის დასკვნებს), ხოლო მეორე ეკზემპლარი რჩება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩამტარებელ დაწესებულებაში.

    მუხლი 30

თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი აღმოაჩენს, რომ მის წინაშე დასმული საკითხების გადასაწყვეტად მისი ცოდნა არ არის საკმარისი, ან მისთვის წარდგენილი ობიექტები არ არის საკმარისი ექსპერტიზის ჩასატარებლად, იგი ადგენს მოტივირებულ აქტს დასკვნის შედგენის შეუძლებლობის შესახებ და უგზავნის ექსპერტიზის დამნიშვნელ ორგანოს.

    მუხლი 31

ექსპერტიზის შესრულების ვადების შესაძლო გაზრდის შემთხვევაში სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა დროულად უნდა აცნობოს ექსპერტიზის დამნიშვნელ ორგანოს.

დანართი 2

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამედიცინო პერსონალის საქმიანობის წესი

    მუხლი 1

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი შეიძლება იყოს უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და შესაბამისი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის (,,სასამართლო მედიცინაში“) მქონე პირი.

    მუხლი 2

  სასამართლო სამედიცინო ექსპერტს უფლება აქვს:

1. გაეცნოს ექსპერტიზისათვის საჭირო საქმის მასალებს და ამოიწეროს საჭირო ცნობები ან გადაიღოს ასლები.

2. მოითხოვოს დამატებითი მასალების წარმოდგენა.

3. უარი თქვას დასკვნის მიცემაზე ან ექსპერტიზის შემდგომ გაგრძელებაზე, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი სპეციალური ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის წარდგენილი მასალები საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად.

4. გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს (მოსამართლის) ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას და დასაკითხ პირებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ექსპერტიზის საგანს განეკუთვნება.

5. სასამართლოს სხდომაზე მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ მტკიცებულებათა კვლევაში და სასამართლოს ნებართვით შეკითხვები დაუსვას დასაკითხ პირებს.

6. ჩამოაყალიბოს დასკვნა არა მარტო დასმულ საკითხებზე, არამედ ექსპერტიზის საგანს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზედაც, რომელთა გამოც მისთვის არ დაუსვამთ კითხვები.

7. შეადგინოს დასკვნა და მისცეს ჩვენება მშობლიურ ენაზე: თუ მან არ იცის სამართალწარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით.

8. გამომძიებლის მოქმედებები და დადგენილებები გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო პროკურორის მოქმედება – ზემდგომ პროკურორთან.

9. გაეცნოს სასამართლოს სხდომის ოქმის იმ ნაწილს, რომელიც მის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას ეხება და მოითხოვოს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

10. გააკეთოს განცხადება მისი დასკვნის არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ.

    მუხლი 3

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ვალდებულია:

1. გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით.

2. მისცეს ჩვენება ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიებისას ან სასამართლო განხილვის დროს.

3. მისცეს დასაბუთებული და ობიექტური წერილობითი დასკვნა დასმულ საკითხებზე.

4. კანონით დადგენილი წესით დაიცვას და დააბრუნოს კვლევის ობიექტები.

5. პროცესის მწარმოებელი ორგანოს ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს წინასწარი გამოძიების მასა-ლები და ცნობები მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შესახებ, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა.

6. განაცხადოს თვითაცილება, თუ ის სამსახურებრივად ან სხვაგვარად დამოკიდებულია საქმეში მონაწილე ამა თუ იმ პირზე ან/და ნათესაური ურთიერთობა აქვს მასთან ან თუ პროფესიულად არაკომპეტენტურად თვლის თავს.

7. ჩაატაროს ექსპერტიზები, გამოკვლევები და სხვა სახის საექსპერტო სამუშაოები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად და დროულ ვადებში.

8. დაეუფლოს რეკომენდირებულ გამოკვლევის ახალ მეთოდებს და გამოიყენოს ისინი პრაქტიკაში.

9. თუ საექსპერტო კვლევით დადგინდა გარემოება, რომლის შესახებაც ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს ან/და პროცესის სხვა უფლებამოსილ მონაწილეს კითხვა არ დაუსვამს ექსპერტი ვალდებულია იგი ასახოს დასკვნაში.

10. განუცხადოს სასამართლო სამედიცინო საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს დიაგნოსტიკური ან სამედიცინო დახმარებისას გამოვლენილი ყველა ნაკლოვანების შესახებ.

11. სისტემურად იზრუნოს თავისი თეორიული მომზადებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისათვის როგორც ინდივიდუალურად, ასევე სასამართლო სამედიცინო თათბირებში, კონფერენციებში, სასამართლო ექიმთა ასოციაციის კრებებში და სხვა ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობით.

12. დროულად შეადგინოს სამუშაო გეგმები და ანგარიშები.

13. ჩაატაროს საკუთარი სამუშაოს ხარისხობრივი მაჩვენებლების ანალიზი.

14. დაიცვას სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის, ასევე უსაფრთხოების ტექნიკისა და შიდა სამუშაო განრიგის წესების დაცვა.

15. (ამოღებულია - 15.10.2012, №01-66/ნ).

16. შვებულებაში გასვლის ან ხანგრძლივი მივლინების შემთხვევაში გადასცეს სასამართლო სამედიცინო საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელს მასზედ რიცხული ყველა საბუთი, მათ შორის, დაუმთავრებელი ექსპერტიზები, გამოკვლევები და ასევე გამოკვლევისათვის განკუთვნილი ობიექტები.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება № 01- 66/ნ - ვებგვერდი, 16.10. 2012წ.

    მუხლი 4

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი პასუხისმგებელია:

1. მედიცინის მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევების შესაბამისად სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზების, გამოკვლევების და სხვა საექსპერტო სამუშაოების დროულ და კვალიფიციურ შესრულებაზე.

2. სასამართლო სამედიცინო დოკუმენტაციის დროულ და ხარისხიან შედგენაზე.

3. ექსპერტიზაზე (გამოკვლევაზე) შემოსული ნივთმტკიცებისა და სხვა მასალის შენახვაზე.

4. ექსპერტიზის დამნიშნავი ორგანოსთვის დასკვნების დროულ გადაცემაზე, ასევე იმ სამედიცინო დოკუმენტაციის, ნივთმტკიცების და სხვა მასალის დაბრუნებაზე, რომლებიც ექვემდებარება დაბრუნებას.

    მუხლი 5

სასამართლო სამედიცინო ექსპერტს პასუხისმგებლობა ეკისრება:

1. წინასწარ შეცნობით ყალბი დასკვნის ან ჩვენების მიცემისათვის.

2. არასაპატიო მიზეზის გარეშე გამოცხადებაზე და მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება № 01- 66/ნ - ვებგვერდი, 16.10. 2012წ.

ფორმა №1  (ამოღებულია - 15.10.2012, №01-66/ნ)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება № 01- 66/ნ - ვებგვერდი, 16.10. 2012წ.

ფორმა №2  (ამოღებულია - 15.10.2012, №01-66/ნ)

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 15 ოქტომბრის ბრძანება № 01- 66/ნ - ვებგვერდი, 16.10. 2012წ.

 

კრებსითი — სრული ვერსია