სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.010.127
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №194
2007 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
„ ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების თანდართული წესი.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №520-სსმ III, №83, 11.06.2008წ.; მუხ.897
2 . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 მაისის ბრძანება №246-სსმ III, №53, 01.05.2009წ.; მუხ.612
3 . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 ივლისის ბრძანება №463-სსმ III, №84, 07.07.2009წ.; მუხ.895
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის ბრძანება №112/ნ - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება № 166/ ნ - ვებგვერდი, 31.12.2014წ.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ნოემბრის ბრძანება № 152/ ნ - ვებგვერდი, 14.11.2016წ.
დანართი
საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლისათვის (შემდგომში – სკოლა) სახელის მინიჭების, მისი შეცვლისა და გაუქმების წესს.
2. წინამდებარე წესი არ მოქმედებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ინიციატივით სკოლისათვის სახელის მინიჭების, მისი შეცვლისა და გაუქმების შემთხვევაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 ივნისის ბრძანება №112/ნ - ვებგვერდი, 29.06.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №141/ნ - ვებგვერდი, 25.12.2025წ.
მუხლი 2. სკოლის სახელი
1. სკოლას შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ:
ა) სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო ან სასულიერო პირის სახელი;
ბ) სკოლის გეოგრაფიული მდებარეობის აღმნიშვნელი სახელი;
გ) სკოლაში დანერგილი სასწავლო პროგრამის ან მეთოდიკის სახელი;
დ) ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული საერო ან სასულიერო პირის სახელი, რომლის გარდაცვალების დღიდან გასულია სულ მცირე 20 წელი.
ე) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პირის სახელი, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა საზოგადოებრივი წესრიგის/სხვისი სიცოცხლის/ჯანმრთელობის/ქონების/ბუნებრივი რესურსების/სახელმწიფო ინტერესების დაცვა ან საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება.
2. სკოლას არ შეიძლება მიენიჭოს სახელი, რომელსაც ატარებს იმავე თვითმმართველ ერთეულში არსებული სხვა სკოლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 მაისის ბრძანება №246-სსმIII, №53, 01.05.2009წ.; მუხ.612
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №141/ნ - ვებგვერდი, 25.12.2025წ.
მუხლი 3. სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივა
1. სკოლისათვის სახელის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენის (შემდგომში – ინიციატივის) უფლება აქვთ:
ა) მოსწავლეთა თვითმმართველობას;
ბ) სკოლის დირექციას;
გ) სკოლის სამეურვეო საბჭოს;
დ) შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს;
ე) პედაგოგიურ საბჭოს;
ვ) იმ თვითმმართველ ერთეულში მკვიდრს, რომელშიც მდებარეობს სკოლა.
2. ინიციატივა შედგენილი უნდა იყოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად და უნდა შეიცავდეს მოთხოვნას სკოლისათვის კონკრეტული სახელის მინიჭების შესახებ და ამ მოთხოვნის დეტალურ დასაბუთებას.
21. (ამოღებულია - 30.12.2014; № 166/ნ).
3. ინიციატივა რეგისტრირდება სკოლის კანცელარიაში და რეგისტრაციის დღესვე გადაეცემა სამეურვეო საბჭოს.
4. ამოღებულია .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №520-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.897
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 მაისის ბრძანება №246-სსმIII, №53, 01.05.2009წ.; მუხ.612
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 6 ივლისის ბრძანება №463-სსმIII, №84, 07.07.2009წ.; მუხ.895
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №166/ნ - ვებგვერდი, 31.12.2014წ.
მუხლი 4. ინიციატივის განხილვა სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ
1. ინიციატივას პირველად განიხილავს სკოლის სამეურვეო საბჭო, რომელმაც შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) სახელის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ.
11. სამეურვეო საბჭო სკოლისათვის კონკრეტული სახელის მინიჭების შესახებ საკითხის განხილვას უზრუნველყოფს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი – საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
2. თუ საკითხისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენისათვის აუცილებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, სკოლის სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ა“ ან „ ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ინიციატივის განხილვა სრულდება. გადაწყვეტილება მიიღება სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
4. ამოღებულია .
5. ამოღებულია .
6. ამოღებულია .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №520-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.897
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 მაისის ბრძანება №246-სსმIII, №53, 01.05.2009წ.; მუხ.612
მუხლი 41. ინიციატივის განხილვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს მიერ
ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამეურვეო საბჭო ინიციატივას და შესაბამისი სხდომის ოქმს უგზავნის შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს - საკრებულოს, რომელმაც შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) სახელის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
ბ) სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №166/ნ - ვებგვერდი, 31.12.2014წ.
მუხლი 5. ინიციატივის განხილვა სამინისტროს მიერ
1. ამ წესის 41 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამეურვეო საბჭო ინიციატივას, შესაბამისი სხდომის ოქმს და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს გადაწყვეტილებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ინიციატივის წარმდგენი თავად საკრებულოა), სკოლისათვის სახელის მინიჭების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გზავნის სამინისტროში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს დამატებით უნდა ერთოდეს დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების ასლები – ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №520-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.897
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 მაისის ბრძანება №246-სსმIII, №53, 01.05.2009წ.; მუხ.612
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №166/ნ - ვებგვერდი, 31.12.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2025 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №141/ნ - ვებგვერდი, 25.12.2025წ.
მუხლი 6. სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება
ამ წესის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე წარდგენილი დოკუმენტების განხილვის საფუძველზე, სამინისტრო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) სკოლისათვის სახელის მინიჭების, სკოლის წესდებასა და დაფუძნების აქტში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც ფორმდება სამინისტროს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
ბ) სკოლისათვის სახელის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელიც ფორმდება სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №520-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.897
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 მაისის ბრძანება №246-სსმIII, №53, 01.05.2009წ.; მუხ.612
მუხლი 7. სკოლის სახელის შეცვლა ან გაუქმება
სკოლისათვის სახელის შეცვლა ან გაუქმება ხდება სკოლის სახელის მინიჭებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 5 ივნისის ბრძანება №520-სსმIII, №83, 11.06.2008წ.; მუხ.897
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 14 ნოემბრის ბრძანება № 152/ ნ - ვებგვერდი, 14.11.2016წ.
მუხლი 8. ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.