მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-118
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი
1998-03-04
გამოქვეყნების თარიღი
1998-03-04
სარეგისტრაციო კოდი
000000150.01(2).003.000195
მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის

ბრძანება №2-118

1998 წლის 4 მარტი

ქ. თბილისი

მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის დებულება (დანართი №1),

2. იურიდიულ და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ (ი. ლომთათიძე) მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციასთან (რ. გურჩიანი) ერთად უზრუნველყოს:

- აღნიშნული ბრძანების სახელმწიფო რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტრო და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება;

- ინსპექციის სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით.

3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა ბატონი თ. ლოლაძე უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანებისა და დებულების პრესაში გამოქვეყნება.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს 1996 წლის 4 ოქტომბრის №2-266 ბრძანებით დამტკიცებული ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის დებულება.

5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ვლ. გვარჯალაძეს.

მინისტრი ბ. გულუა

დანართი №1

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის დებულება

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექცია /შემდეგში „ინსპექცია“/ შექმნილია და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონების „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ და „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საფუძველზე. ინსპექციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 380062, ჭავჭავაძის პროსპექტი №82.

2. ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექცია არის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის სტრუქტურული ერთეული, რომელიც საგარეო და საშინაო კარანტინის მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფო ღონისძიებათა სისტემას, მიმართულს საქართველოს ტერიტორიის დასაცავად საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საკარანტინო და სხვა შიში მავნებლების, მცენარეთა დაავადებების და სარეველების შემოჭრისა და შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად.

3. ინსპექცია მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მცენარეთა დაცვის სამსახურის და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წინაშე.

4. საქართველოს კანონების და საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული აქტების შესაბამისად ინსპექციის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული ნორმატიული აქტები სავალდებულოა შესასრულებლად.

5. ინსპექციას აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში და სპეცსახსრების ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და მრგვალი ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით.

6. ინსპექციის დაფინანსება ხორციელდება. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე საკარანტინო მომსახურეობიდან შემოსული სახსრების ხარჯზე. ინსპექციის მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავალი შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.

- ინსპექციის საშტატო განრიგს და ხარჯთაღრიცხვას, მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.

7. ინსპექციის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული, აგრეთვე შეძენილი ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომელიც აისახება ინსპექციის დამოუკიდებელ ბალანსში და წარედგინება მცენარეთა დაცვის სამსახურს.

II. ინსპექციის საქმიანობის მიზანი, სფერო და ამოცანები

8. საკარანტინო ღონისძიებების ორგანიზება, რომლითაც თავიდან იქნება აცილებული საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საკარანტინო და სხვა საშიში მავნებლების მცენარეთა დაავადებებისა და სარეველების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა- გავრცელება.

9. საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა შეზღუდულად გავრცელებული საკარანტინო მავნე ორგანიზმების ახალი კერების დროული გამოვლენა და გავრცელების კერების ლოკალიზება-ლიკვიდირების ღონისძიებების ორგანიზება და მის შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება.

10. სახელმწიფო კონტროლის დაწესება საკარანტინო წესების შესრულებაზე სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციების, დაწესებულებების, საწარმოების, ფირმების, ბაზრებისა და ბაზრობების, სხვა კომერციული სტრუქტურების, ფერმერული, გლეხური მეურნეობებისა და სხვა იურიდიული და კერძო პირების მიერ, რომლებიც ეწევიან სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანას, დამზადებას, გადამუშავებას, შენახვას, ტრანსპორტირებას, გამოყენებასა და რეალიზაციას;

11. მცენარეული წარმოების პროდუქციის, ყველა სახის ტარის, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა საქვეკარანტინო პროდუქციის გაუსენიანების ორგანიზება, საექსპორტო მცენარეული წარმოშობისა და სხვა პროდუქციის ფიტოსანიტარული კონტროლის უზრუნველყოფა;

12. მცენარეთა საკარანტინო ობიექტების გამოვლენის მიზნით სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და სხვა სავარგულების, აგრეთვე საქვეკარანტინო პროდუქციის შენახვისა და გამოყენების ადგილებზე საკონტროლო გამოკვლევების ჩატარება.

III. ინსპექციის საკარანტინო კონტროლი და უფლებამოსილებანი

13. ფიტოსანიტარული კარანტინის კონტროლი ვრცელდება:

- სასოფლო-სამეურნეო, ტყისა და დეკორატიული კულტურების თესლებსა და სარგავ მასალაზე, მცენარეებსა და მათ ნაწილებზე (კალმები, ტუბერები, ფესურები, ბოლქვები და ა.შ.);

- ახალ ხილზე, ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე;

- სასურსათო, საფურაჟე და ტექნიკურ მარცვალზე, ალაოზე და ბამბის ბოჭკოზე, სელსა და საქსოვ ბოჭკოიან კულტურებზე, სამკურნალო ნედლეულზე და მცენარეული წარმოშობის სხვა პროდუქციაზე, რომელიც შეიძლება იყოს მავნებლების, მცენარეთა დაავადებების და სარეველების გადამტანები;

- ტყავნედლეულსა და მატყლზე;

- ბრინჯზე, თხილსა და არაქისზე, ყველა სახის კაკალზე, ფქვილზე, ბურღულზე, ყავასა და კაკაოზე, შაქარზე, ხილისა და ბოსტნეულის ჩირზე, თამბაქოს ნედლეულსა და ნაწარმზე, ჩაიზე, დაფნის ფოთოლზე, სანელებლებზე, საკვებ კონცენტრატებზე;

- მცენარეთა დაავადებების გამომწვევ და გადამტან სოკოების, ბაქტერიების ვირუსების, ნემატოდების, ცოცხალ მცენარეების და მცენარეული პროდუქციის მავნე მწერებისა და ტკიპების ცოცხალ კულტურებზე;

- აბრეშუმის ჭიის პარკზე და მის ნედლეულზე;

- მწერების, მცენარეთა დაავადებების გამომწვევების კოლექციებზე, ჰერბარიუმებისა და თესლების კოლექციებზე.

- მცენარეულ მასალაზე საფოსტო გზავნილებში, მგზავრთა ხელბარგსა და ბარგში.

- ტარაზე, გაუქერქავ, დახერხილ ხე-ტყეზე, მერქნის ნაკეთობებზე;

- ცალკეულ სამრეწველო საქონელზე, (მათ შორის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე) შესაფუთ მასალასა და მცენარეთა მასალის ნაკეთობებზე, რომლებიც შეიძლება იყვნენ მცენარეთა მავნებლების დაავადებებისა და სარეველების გადამტანები, ნიადაგისა და ქანების მონოლითებსა და ნიმუშებზე, ტორფზე;

- სატრანსპორტო საშუალებებზე (საზღვარგარეთულსა და სამამულეზე), რომლებიც საქართველოში შემოდიან საზღვარგარეთის ქვეყნებიდან;

- ნაგებობებზე, სადაც ინახება მცენარეული წარმოშობის იმპორტული პროდუქცია;

- სასოფლო-სამეურნეო და სატყეო სავარგულებზე, რომლებიც ეკვრიან საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვარს და შემოზიდვის სასაზღვრო პუნქტებს, არანაკლებ 3 კილომეტრის ზონაში.

14. ფიტოსანიტარული კონტროლის განსახორციელებლად მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინსპექტორებს უფლება ეძლევათ:

- დადგენილი წესით, შევიდნენ საზღვაო პორტების, რკინიგზის სადგურების, აეროპორტების, ავტოსადგურების, ფოსტამტების განყოფილებების, უბნების/, საწყობების, ელევატორების, ბაზრების, ბაზრობების ტერიტორიებზე, საზღვაო ფლოტის გემებზე, სატვირთო და სამგზავრო რონოდებში, სამოქალაქო თვითმფრინავებში, ავტოტრანსპორტში, გამოფენების, ბოტანიკური ბაღების, სატყეო მეურნეობისა და ნაკრძალების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, საცდელი ნაკვეთების, კომერციული სტრუქტურების ტერიტორიებზე, საკარმიდამო ნაკვეთებში, ფერმერულ, გლეხურ მეურნეობებსა და კერძო მიწათმფლობელების ტერიტორიაზე, აგრეთვე იმ დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული ფიზიკური პირების კუთვნილ ტერიტორიაზე, რომლებიც ეწევიან საქვეკარანტინო პროდუქციის მოყვანას, დამზადებას, გადამუშავებას, შენახვას, ტრანსპორტირებას, რეალიზაციას და გამოყენებას, ასევე საქვეკარანტინო მასალების გასაშვებ სარეჟიმო ტერიტორიაზე, საზღვრის დაცვის საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან შეთანხმებით;

- სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად საქვეკარანტინო პროდუქციიდან აიღონ ნიმუშები ლაბორატორიული ექსპერტიზის ჩასატარებლად;

- მოსთხოვონ საბაჟოების, საზღვაო პორტების, რკინიგზის სადგურების, აეროპორტების, ფოსტამტების, ავტოსადგურების, ბაზრების, ბაზრობების და სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებების ადმინისტრაციებს საბუთები ცნობები შემოსული, გასაგზავნი ან შემოსაზიდი საქვეკარანტინო ტვირთების შესახებ.

- მოსთხოვონ აღნიშნულ ორგანიზაცია-დაწესებულებების ხელმძღვანელებს ფიტოსანიტარული კონტროლისა და ლაბორატორიული ექსპერტიზის ჩასატარებელი პირობების შექმნა, ასევე საქვეკარანტინო პროდუქციის შემოწმებისა და გაუსენიანებისათვის საჭირო ტრანსპორტით, სასაწყობო სათავსოებით, სამუშაო სათავსოებითა და დამხმარე მასალებით უზრუნველყოფა;

- დააკავონ ფიტოსანიტარული კარანტინის წესების დარღვევით შემოსული და საკარანტინო ობიექტებით დასენიანებული საქვეკარანტინო ტვირთები;

- სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების ინსპექციის კომპეტენციის საკითხებში ჩარევის შემთხვევაში მოითხოვონ მისი შეწყვეტა და შესაბამისი წინადადებებით შევიდნენ ზემდგომ ორგანოებში.

IV. ინსპექციის ფუნქციები

15. საქართველოს ტერიტორიაზე საგარეო და საშინაო კარანტინის სფეროში საქმიანობის მარეგლამენტირებელი დებულებების, წესებისა და ინსტრუქციების შემუშავება. საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულად გავრცელებული და არარეგისტრირებული საკარანტინო და სხვა საშიში მავნებლების, მცენარეთა დაავადებებისა და სარეველების გავრცელების ნუსხის შედგენა.

16. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოტანილი, საექსპორტო ტრანზიტული, საქვეკარანტინო ტვირთის, მათ შორის მგზავრთა ბარგის და ხელბარგის, საფოსტო გზავნილების, სატრანსპორტო საშუალებების, შესაფუთი მასალის, ტარის საკარანტინო დახედვა და ექსპერტიზა.

17. საკარანტინო ობიექტებით დასენიანებული საქვეკარანტინო პროდუქციის, ყველა სახის ტარის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მცენარეულ წარმოშობის სხვა მასალების გაუსენიანების ორგანიზება.

18. კონტროლის განხორციელება სანერგეებზე, ჯიშთა გამოცდის ნაკვეთებზე, საცდელ და სასელექციო სადგურებზე, სათბურებზე და ორანჟერეებზე, სადაც წარმოებს თესლების, ჩითილებისა და ნერგების გამოყვანა და რეალიზაცია, ღებულობენ თესლებსა და სარგავ მასალას სხვა ქვეყნებიდან.

19. სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და სხვა სავარგულების, მცენარეული წარმოშობის პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების ადგილების საკონტროლო გამოკვლევების ჩატარება, საქართველოს ტერიტორიის საკარანტინო დარაიონება და მიკროდარაიონება.

20. კონტროლის განხორციელება სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაცია-დაწესებულებების, კომერციული სტრუქტურების, ბაზრების, ბაზრობების, კერძო მიწათმფლობელების, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ საკარანტინო წესების დაცვაზე, რომლებიც ეწევიან საქვეკარანტინო პროდუქციის მოყვანას, დამზადებას, გადამუშავებას, შენახვას, ტრანსპორტირებას, გამოყენებას.

21. ფიტოსანიტარული კარანტინის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წარდგენა.

22. თესლების, სარგავი მასალის, სხვა საქვეკარანტინო პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტის დროს ფიტოსანიტარული სერტიფიკატის, ხოლო იმპორტისა და ტრანზიტისას – იმპორტული საკარანტინო ნებართვის გაცემა.

23. მცენარეული წარმოშობის იმპორტირებული პროდუქციის დიდი პარტიების შესყიდვისას, ფიტოსანიტარული კარანტინის ინსპექციის სპეციალისტების მივლინება, პროდუქციის შემომტანის ხარჯზე, ექსპორტიორ ქვეყნებში შერჩევითი ფიტოსანიტარული კონტროლის ჩატარების მიზნით.

24. მოქმედი კანონმდებლობის და საკარანტინო წესების შესაბამისად ორგანიზაცია-დაწესებულებებზე, რაიონებსა და ქალაქებზე, დასახლებულ პუნქტებზე კარანტინის დაწესების ან მოხსნის შესახებ წინადადებების წარდგენა.

25. საკარანტინო წესების დამრღვევ პირთა დაჯარიმება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

26. ფიტოსანიტარული კარანტინის სფეროში ოპერატიული და სხვა სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება, მათი შესრულებაზე ხელმძღვანელობა და კონტროლი. საკარანტინო ღონისძიებების ჩატარებაზე საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება ზემდგომი ორგანოების მიერ დამტკიცებული გეგმებისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

V. სტრუქტურა და ორგანიზაცია

27. ფიტოსანიტარული კარანტინის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო არის მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექცია, იგი ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს და შედგება შემდეგი ორგანოებისაგან:

– ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექცია, ლაბორატორიითა და საფუმიგაციო რაზმით; ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციები აფხაზეთსა და აჭარაში ლაბორატორიებით; სასაზღვრო, რაიონული, სარაიონთაშორისო, საბაჟო ტერმინალებში არსებული ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო პუნქტები და დროებითი გადამღობი საკარანტინო საგუშაგოები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი ფიტოსანიტარული კარანტინის სასაზღვრო პუნქტები უშუალოდ ექვემდებარება ფიტოსანიტარული კარანტინის ინსპექციას.

28. ინსპექცია შედგება თანამდებობის პირების, ზემოაღნიშნული დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.

29. ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც ამავე დროს არის საქართველოს ფიტოსანიტარული კარანტინის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში.

30. ინსპექციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსის წარდგინებით.

31. ინსპექციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი, მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.

32. ინსპექციის უფროსი წარმართავს ინსპექციისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონალური რგოლების საქმიანობას. საჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილებები ინსპექციის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში. განსაზღვრავს მოადგილეებისა და სხვა თანამდებობის პირების ფუნქციებსა და მათ პასუხისმგებლობას ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს.

33. უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, მცენარეთა დაცვის სამსახურის და სხვა ორგანოების ბრძანებების, დადგენილებების, განკარგულებებისა და მითითებების შესრულებას დადგენილ ვადებში.

34. ხელშეკრულებების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამუშაოდან ინსპექციის თანამშრომლებს. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს ან დისციპლინარულ ღონისძიებებს შეუფარდებს ინსპექციის თანამშრომლებს.

35. თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, განკარგულებებს და მითითებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად. განსაზღვრავს ინსპექციის შემოსავლების ხარჯვის წესს.

36. ინპექციის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში თავის ფუნქციებს ავალებს ერთ-ერთ მოადგილეს.

37. სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონალური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები წარმართავენ თავიანთ საქმიანობას ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებული დებულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და მათზე დაკისრებული უფლებების ფარგლებში.

38. იწვევს საკონსულტაციო საბჭოს, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება ხორციელდება ინსპექციის უფროსის ბრძანებით.

39. ინსპექციის ყველა დონისა და კატეგორიის სპეციალისტები დაკავებულ თანამდებობებთან ერთად არიან ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექტორები და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც წესი, ატარებენ დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელს.

VI. ინსპექციის კონტროლი

40. ინსპექციის საქმიანობის შემოწმება ხდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

VII. დასკვნითი დებულებები

41. ინსპექციის დებულებას ამტკიცებს და აუქმებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.

42. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით, კანონის საფუძველზე.

43. ინსპექციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით.

კრებსითი — სრული ვერსია