საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №260
1998 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
„მიწის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონიდან გამომდინარე შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები „მიწის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 13 ივლისის № 178 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში:
1. მე-6 მუხლის 1 პუნქტში
ა) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს ტექსტი შემდეგი რედაქციით: „იმ შემთხვევაში როცა, საბიუჯეტო ორგანიზაციაზე გამოყოფილი მიწის ფართობიდან შეუძლებელია ცალკე სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული მიწის ფართობის გამოყოფა, მიწის გადასახადის დაბეგვრის მიზნით დასაბეგრი მიწის ფართობი განისაზღვრება საბიუჯეტო ორგანიზაციის ქონებაში სამეწარმეო საქმიანობის მიზნით გამოყენებული ფართობის პროპორციულად ან ბიუჯეტიდან და სამეწარმეო საქმიანობიდან მისაღები შემოსავლებიდან გასაწევი ხარჯების პროპორციულად.
მაგალითად: საბიუჯეტო ორგანიზაციის შენობიდან, რომლის საერთო ფართია 2000 მ2 და განლაგებულია 10000 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ფართობზე, სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებულია მისი ნაწილი, ფართობით 450 მ2 . აღნიშნულ შემთხვევაში დასაბეგრი მიწის ფართობი შეადგენს 2250 მ2 -ს {(450X10000) : 2000}.
მაგალითი: სასწავლო დაწესებულება, რომელიც კოდექსის მოთხოვნილებიდან გამომდინარე განეკუთვნება საბიუჯეტო ორგანიზაციას, ახორციელებს როგორც სტუდენტთა უფასო (ბიუჯეტური სახსრებით), ასევე ფასიან სწავლებას. სასწავლო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის გამოყოფილია 10000 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. სწავლებაზე ხარჯი გათვალისწინებულია 350, 0 ათ. ლარი, მ.შ. ბიუჯეტიდან (გამოყოფილი ასიგნებებით) – 200,0 ათ. ლარი, ხოლო ფასიანი სწავლებიდან მისაღები შემოსავლებიდან – 150,0 ათ. ლარი. მოცემულ შემთხვევაში გადასახადით დასაბეგრი მიწის ფართობი შეადგენს 4285,7 მ2 -ს
ბ) „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები: „რომელშიც არ იგულისხმება შესასვლელი ბილეთების რეალიზაცია“;
გ) „ნ“ ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები: „პრივატიზაციის წესით მიღებულ მიწის ფართობებზე“;
დ) დაემატოს „ჟ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ჟ). სამონადირეო მეურნეობები“.
დეპარტამენტის თავმჯდომარე მ. ჩიკვილაძე