“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
335
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2005-12-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-08-29
სარეგისტრაციო კოდი
120.260.010.22.026.007.917
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ"

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.260.010.22.026.007.917

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №335

2005 წლის 7 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ექსპერტთა ჯგუფის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფის, ძალოვანი სტრუქტურების სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, მათ შორის, იარაღის ბრუნვის, სახელმწიფო რეზერვების, ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის, აგრეთვე უცხოეთის ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხების მოწესრიგების მიზნით, ,,სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ოქტომბრის №847 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. შეიქმნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია.

2. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თანდართული დებულება (დანართი №1).

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან, განსახილველი საკითხების მონიტორინგისა და ექსპერტიზის მიზნით, კომისიის მიერ შესაბამისი დაწესებულებებიდან მოწვეული სპეციალისტებისაგან შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი.

4. დამტკიცდეს კომისიასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის დებულება (დანართი №2).

5. დამტკიცდეს კომისიის წევრთა გამოკითხვის საშუალებით კომისიის რეკომენდაციების მიღების წესი (დანართი №3).

51 . დამტკიცდეს, საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის განხორციელებისას საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატის გამცემი ორგანოს მიერ, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე გასაცემი საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატის თანდართული ფორმა (დანართი №4);

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 იანვრის ბრძანება №4-სსმIII, №4, 11.01.2006წ.; მუხ.26

6. კომისიამ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან გამოითხოვოს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის სამუშაო რეჟიმში წარმოებული ყველა დოკუმენტაცია, აგრეთვე განსახილველად მიიღოს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებული სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისიის სამუშაო დღის წესრიგში არსებული განუხილველი საკითხები.

7. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №395-სსმIII, №176, 29.12.2006წ.; მუხ.2416

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის ბრძანება №429-სსმIII, №106, 28.07.2008წ.; მუხ.1183

8. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიულ სამმართველოს შესაბამისი ცვლილებების მომზადება “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის    29 აგვისტოს №247 ბრძანებაში.

9. ეთხოვოს საქართველოს ძალოვან სამინისტროებს, უწყებებსა და ორგანიზაციებს, შეიარაღების გრძელვადიანი პროგრამების საფუძველზე შეადგინონ შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა-გაყიდვის ყოველწლიური გეგმები და განსახილველად წარმოუდგინონ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას 2006 წლისათვის – მომავალი წლის 1 თებერვლამდე, ხოლო ყოველი მომდევნო წლისათვის – წინა წლის 1 ივნისამდე.

10. შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა-გაყიდვის, აგრეთვე მათი სხვა სამინისტროსათვის (უწყებისათვის) გადაცემის ყოველი ცალკეული ოპერაცია განხორციელდეს ზემოაღნიშნული ყოველწლიური გეგმების შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ი. ოქრუაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 იანვრის ბრძანება №4-სსმ III, №4, 11.01.2006წ.; მუხ.26

2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №395-სსმ III, №176, 29.12.2006წ.; მუხ.2416

3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის ბრძანება №37-სსმ III, №11, 29.01.2007წ.; მუხ.115

4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის ბრძანება №429-სსმ III, №106, 28.07.2008წ.; მუხ.1183

5. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №749-სსმ III, №173, 04.12.2008წ.; მუხ.1771

6 . საქართველოს თავდაცვის მინისტრის 20 13 წლის 23 აპრილის ბრძანება №329 - ვებგვერდი, 23.04.2013წ.

7. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 20 13 წლის 7 ივნისის ბრძანება №552 - ვებგვერდი, 11.06.2013წ.

     8. ძალადაკარგულია  - საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №6 5 - ვებგვერდი, 01.09.2014წ.

დანართი №1

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში – კომისია) ქვეყნის შესაბამის სამინისტროებთან, უწყებებთან, ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საფუძველზე კოორდინაციას უწევს საქართველოს სამხედრო-სამრეწველო და სამეცნიერო-ტექნოლოგიური პოტენციალის, ძალოვანი სტრუქტურების სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, მათ შორის, იარაღის ბრუნვის, აგრეთვე უცხოეთის ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებულ საქმიანობას და აღნიშნულ სფეროში შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და დასკვნებს.

2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

3. კომისიის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ რეკომენდაციებს და დასკვნებს ითვალისწინებს ქვეყნის ყველა სამინისტრო, უწყება, აგრეთვე საწარმო და ორგანიზაცია, უწყებრივი დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად.

4. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №749-სსმIII, №173, 04.12.2008წ.; მუხ.1771

    მუხლი 2. კომისიის ძირითადი დანიშნულება და უფლებამოსილებანი

1. კომისიის ძირითადი დანიშნულებაა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უშიშროების განმტკიცების, ძალოვანი სტრუქტურების სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, მათ შორის, იარაღის, ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნის და უცხოეთის ქვეყნებთან ეფექტური სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებში ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სხვა სახელმწიფო ორგანოების, უწყებების და ორგანიზაციების საქმიანობას.

2. კომისია, თავისი ძირითადი დანიშნულებიდან გამომდინარე:

ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და დასკვნებს ქვეყნის თავდაცვითი და სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო პოტენციალის, ძალოვანი სტრუქტურების სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე;

ბ) კოორდინაციას უწევს ქვეყანაში ძალოვანი სტრუქტურებისათვის საჭირო შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა-გაყიდვის, ჩამოწერის, უტილიზაციის, აგრეთვე ერთი სამინისტროდან (უწყებიდან) მეორე სამინისტროში (უწყებაში) მათი გადაცემის საკითხებს;

გ) განსაზღვრავს საექსპორტო და საიმპორტო სამხედრო დანიშნულებისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, სამხედრო დანიშნულების სამუშაოების (მომსახურების) ნუსხას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. შეიმუშავებს რეკომენდაციებს საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტის, აგრეთვე მათი ქვეყნიდან დროებითი გატანისა და შემოტანის თაობაზე;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სახელმწიფო მატერიალური რეზერვებისა და ქვეყნის ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნის საკითხებს;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ქვეყნის სამინისტროების, უწყებების წინადადებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების შესახებ;

ვ) განიხილავს სხვადასხვა სახეობის სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის წარმოების ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ახალი საბრძოლო ტექნიკის, მოწყობილობების, საშუალებების სერიულ წარმოებაში დანერგვის საკითხებს და იღებს სათანადო რეკომენდაციებს;

ზ) ქვეყნის საჭიროებისათვის სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის შექმნისა და წარმოების მიზნით, კოორდინაციას უწევს შესაბამის სამინისტროთა, უწყებათა, დაწესებულებათა, წარმოებათა საქმიანობას, ახორციელებს მათი სამეცნიერო და სამრეწველო პოტენციალის კონცენტრაციასა და მობილიზაციას ამ მიმართებით და იღებს რეკომენდაციებს სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოებისას ქვეყნის საწარმოებს შორის კოოპერაციის საკითხებზე;

თ) შეიმუშავებს შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის შექმნის, წარმოებისა და ექსპლუატაციის დარგში უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივ ან მრავალმხრივ ეკონომიკურ და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობის შესახებ წინადადებებს;

ი) განიხილავს სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურების განაცხადებს სახელმწიფო დაკვეთის ფორმით სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის წარმოებაზე და იძლევა სათანადო რეკომენდაციებსა და დასკვნებს;

კ) შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვა-გაყიდვის საკითხების, აგრეთვე ქვეყანაში იარაღის ბრუნვის მონიტორინგის საფუძველზე, ხელისუფლებას აწვდის ქვეყნის სამხედრო ძალების შეიარაღების გრძელვადიანი პროგრამების შესაბამისად მათი შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით აღჭურვის ამსახველ ანალიზურ მასალებს;

ლ) იხილავს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს საზღვარგარეთის ქვეყნებისთვის ან ცალკეული იურიდიული პირებისთვის სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდებაზე, სამუშაოებისა და მომსახურების გაწევაზე;

მ) იღებს დასკვნას ქვეყნის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და საბრძოლო აღჭურვილობის გამოყენების ორგანიზაციისა და გამართვის თაობაზე;

ნ) შესაბამის სამსახურებთან ერთად მონაწილეობს სახელმწიფო სტრუქტურებისა და წარმოება-დაწესებულებების სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფის საკითხებზე წინადადებათა შემუშავებაში;

ო) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონტროლო სიებსა და საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ნუსხას;

პ) საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი სიის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს იმ სახელმწიფოთა სიას, რომელთა მიმართ შეიძლება შემოღებულ იქნეს შეზღუდვები საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ექსპორტზე (იმპორტზე) საქართველოს საბაჟოს გავლით;

ჟ) თავის კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ანალიტიკურ ინფორმაციებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს;

რ) ახორციელებს ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში ცვლილებებს;

ს) საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე გასცემს საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატებს, საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული იმ პროდუქციის იმპორტისას, რომლის ქვეყანაში შემოტანისას საქართველოს იუსტიციის ან ეკონომიკური განვითარების სამინისტროები ნებართვებს გასცემენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, ხოლო საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული იმ პროდუქციის იმპორტისას, რომლის დროსაც სახელმწიფო სანებართვო სამსახურები ნებართვებს გასცემენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გარეშე, საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე, გაიცემა კანონით განსაზღვრული ნებართვის გამცემი უწყებების მიერ.

3. კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებისაგან, აგრეთვე მმართველობის ადგილობრივი ორგანოებისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ნებისმიერი საწარმოსა და ორგანიზაციისაგან საჭირო ინფორმაციას:

ბ) შექმნას დროებითი საექსპორტო და მიზნობრივი ჯგუფები და მოიწვიოს სპეციალისტები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 იანვრის ბრძანება №4-სსმIII, №4, 11.01.2006წ.; მუხ.26

    მუხლი 3. კომისიის საქმიანობის წესი

1. კომისიის მუშაობას უშუალოდ ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებსა და მიღებულ რეკომენდაციებს.

2. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი, რომლის ფუნქციები და მოვალეობები განსაზღვრულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულებით. სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი არის კომისიის პასუხისმგებელი მდივანი.

3. კომისიის სხდომები იმართება საჭიროების მიხედვით, მაგრამ წელიწადში ოთხჯერ მაინც, სამუშაო გეგმის შესაბამისად. კომისიის სხდომის გამართვის ვადას განსაზღვრავს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის დროს – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კომისია უფლებამოსილია იმუშაოს, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სამ მეოთხედზე მეტი.

4. კომისია განხილულ საკითხზე იღებს რეკომენდაციებს. კომისიის რეკომენდაცია მიიღება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება გააჩნია კომისიის თავმჯდომარეს.

5 კომისიის რეკომენდაცია, როგორც წესი, მიიღება კომისიის დახურულ სხდომაზე. გამონაკლის შემთხვევაში, ოპერატიულ საკითხებზე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნეს კომისიის რეკომენდაცია, კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით, რის თაობაზეც კეთდება იმფორმაცია კომისიის მომდევნო სხდომაზე.

6. კომისია ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

7. კომისიას აქვს საკუთარი ბლანკი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №395-სსმIII, №176, 29.12.2006წ.; მუხ.2416

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის ბრძანება №37-სსმIII, №11, 29.01.2007წ.; მუხ.115

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის ბრძანება №429-სსმIII, №106, 28.07.2008წ.; მუხ.1183

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 23 აპრილის ბრძანება №329 - ვებგვერდი, 23.04.2013წ.

    მუხლი 4. კომისიის პასუხისმგებელი მდივნის უფლებამოსილებანი

კომისიის პასუხისმგებელი მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზაციას;

ბ) ამზადებს კომისიის სხდომებს;

გ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ რეკომენდაციათა შესრულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებანი

დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.


დანართი №2

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფის

დებულება

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან არსებული ექსპერტთა ჯგუფი (შემდგომში – ექსპერტთა ჯგუფი) შექმნილია კომისიის სხდომებზე განსახილველი საკითხების მონიტორინგისა და ექსპერტიზის მიზნით.

2. ექსპერტთა ჯგუფი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით ,,შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო კონტროლის შესახებ”, საქართველოს კანონით “იარაღის შესახებ”, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სახელზე განსახილველად შემოსული საკითხები განიხილება ექსპერტთა ჯგუფის სხდომებზე და დასკვნა წარედგინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებო კომისიას.

4. ექსპერტთა ჯგუფი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია დადგენილი წესით:

ა) გამოითხოვოს განსახილველი საკითხის წარმომდგენი უწყებებისაგან, ორგანიზაციისაგან განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში ადგილზე გასვლით განახორციელოს განსახილველი საკითხის ექსპერტიზა;

ბ) საკითხების განხილვისას მოიწვიოს დაინტერესებულ უწყებათა, საწარმოთა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელები, სხვა პასუხისმგებელი მუშაკები, მეცნიერები, სპეციალისტები;

გ) ექსპერტიზის მოწყობის მიზნით მიავლინოს ჯგუფის წევრები საკითხის ადგილზე შესამოწმებლად. ექსპერტთა ჯგუფის წევრთა სამივლინებო ხარჯებს ანაზღაურებს დაინტერესებული სამინისტრო, უწყება ან ორგანიზაცია.

5. ექსპერტთა ჯგუფის სახელზე განსახილველად შემოსულ თხოვნაზე დადებითი დასკვნის მიცემის საფუძველი უნდა იყოს დაინტერესებული მხარის მიერ დასმული საკითხის მიზანშეწონილობის სრული დასაბუთება ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით.

6. ექსპერტთა ჯგუფში შედიან ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯგუფის პასუხისმგებელი მდივანი და წევრები.

7. ექსპერტთა ჯგუფის სხდომა ტარდება, თუ სხდომას ესწრება ჯგუფის წევრთა სამი მეოთხედი. ექსპერტთა ჯგუფის მიერ გადაწყვეტილება მიიღება წევრთა ხმათა უმრავლესობით. თანაბარი ხმის არსებობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს ჯგუფის თავმჯდომარე.

8. ექსპერტთა ჯგუფის სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის სხდომებზე განსახილველად შემოსული საკითხების შესაბამისად.

9. ექსპერტთა ჯგუფის სხდომის შედეგები ფორმდება ოქმის სახით, რომლის შესაბამისად გაიცემა ექსპერტთა ჯგუფის სათანადო დასკვნა; ექსპერტთა ჯგუფის სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომაზე დამსწრე ჯგუფის ყველა წევრი.

10. ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობას უშუალოდ ხელმძღვანელობს ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ხელს აწერს მიღებულ დასკვნებს.

დანართი №3

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის კომისიის წევრთა გამოკითხვის საშუალებით მიღების წესი

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია კომისიის წევრთა გამოკითხვის საშუალებით მიიღება, როგორც გამონაკლისი, ოპერატიულ საკითხებზე, კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღები რეკომენდაციის პროექტს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №395-სსმIII, №176, 29.12.2006წ.; მუხ.2416

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 28 ივლისის ბრძანება №429-სსმIII, №106, 28.07.2008წ.; მუხ.1183

3. კომისიის წევრთა გამოკითხვის წესით მისაღები რეკომენდაციის პროექტი განსახილველად წარმოდგენილ სათანადო დოკუმენტაციასთან, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან არსებულ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასთან ერთად დაეგზავნება შესათანხმებლად კომისიის წევრებს.

4. გამოკითხვის წესით მიღებულ რეკომენდაციას კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე ხელს აწერს, თუ განსახილველ საკითხზე მიღებულია კომისიის წევრთა სამ მეოთხედზე მეტის თანხმობა.

5. გამოკითხვის წესით მიღებული რეკომენდაცია ინფორმაციის სახით წარედგინება კომისიის მომდევნო სხდომას.

 

   დანართი №4

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 10 იანვრის ბრძანება №4-სსმIII, №4, 11.01.2006წ.; მუხ.26

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 7 ივნისის ბრძანება №552 - ვებგვერდი, 11.06.2013წ.

       საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატი

1. იმპორტიორი: „------------------“

მისამართი:

საფ. კოდ.

ქვეყანა/ქალაქი:

ტელ/ფაქსი:

2. ექსპორტიორი: '---------------'

        მისამართი:

        საფ. კოდ.

        ქვეყანა/ქალაქი:

        ტელ/ფაქსი:

3. კონტრაქტი: № ––––––––––    თარიღი: ––––––––––––––––

4. საქონლის დასახელება და რაოდენობა:

1.

2.

5. საქონლის დანიშნულება და გამოყენების ადგილი:

6. საქონლის საბოლოო მომხმარებელი:

7. ნებართვა საქმიანობაზე:

8. პასუხისმგებლობა: მე-4 პუნქტში მითითებული საქონელი არ იქნება      გამოყენებული სხვა მიზნებისათვის, გარდა მე-5 პუნქტით განსაზღვრული       პირობებისა, ასევე არ იქნება რეექსპორტირებული მესამე ქვეყანაში       (ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო) და (საბოლოო მომხმარებლის გამცემი ორგანო) შესაბამისი ნებართვის გარეშე.

შეთანხმებულია  (სანებართვო სამსახურის დასახელება)

                               პასუხისმგებელი პირი (სახელი, გვარი) ხელმოწერა /    /      

                                                                      

თარიღი:

 

სერტიფიკატის გამცემი ორგანოს

ხელმძღვანელის ხელმოწერა

 

 

კრებსითი — სრული ვერსია