სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.060.000.24.016.006.782
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №49
2004 წლის 19 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სიცოცხლის დაზღვევის სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის წესის დამტკიცების შესახებ
„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის დ) ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სიცოცხლის დაზღვევის სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის წესი” (თან ერთვის).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ცერცვაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №110/01- სსმ III, №96, 04.08.2010 წ., მუხ.1417
სიცოცხლის დაზღვევის სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის წესი
მუხლი 1
„სიცოცხლის დაზღვევის სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის წესი” შემუშავებულია „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის დ) ქვეპუნქტის თანახმად და განსაზღვრავს სადაზღვევო ორგანიზაციების აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივის გამოთვლისა და გამოყენების წესს.
მუხლი 2
„სიცოცხლის დაზღვევის სახეობების განხორციელებაზე მზღვეველის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის თანაფარდობის წესში” გამოყენებულ ცნებებს და აღნიშვნებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) K – შესწორების კოეფიციენტი;
ბ) A – მზღვეველის აქტივების ფაქტობრივი ოდენობა;
გ) A1 – მზღვეველის აქტივების ნორმატიული ოდენობა.
მუხლი 3
1. მზღვეველის აქტივების ნორმატიული ოდენობა გამოითვლება შემდეგნაირად:
A1 = რეზერვები X 0,05 X K სადაც,
K = მიმდინარე წლის შექმნილ რეზერვებს გამოკლებული გადაზღვევაზე მიმართული თანხა და შეფარდებული მიმდინარე წლის შექმნილ სიცოცხლის დაზღვევის რეზერვებთან. ამასთან, გადაზღვევაზე მიმართული სარეზერვო თანხა ლიმიტირებული იქნება 15%-მდე. შესაბამისად, K≥0,85 თუ K<0,85, ის ჩაითვლება 0,85-ის ტოლად.
2. მზღვეველის აქტივების ფაქტობრივი ოდენობა ეს არის მზღვეველის მთლიანი აქტივები გათავისუფლებული მომავალი ვალდებულებებისაგან გარდა დამფუძნებლის წინაშე ვალდებულებისა გამოკლებული არამატერიალური აქტივების სიდიდე და დებიტორული ვალდებულებები, რომელთა ვადაც გავიდა.
მუხლი 4
1. მზღვეველი სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას აქტივების ფაქტობრივ და ნორმატიულ ოდენობას შორის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ თანაფარდობას:
A>A1
2. მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში აკმაყოფილებდეს ამ წესის მოთხოვნებს.
მუხლი 5
1. მზღვეველს, რომლის აქტივებსა და აღებულ სადაზღვევო ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობის ნორმატივი შეუსაბამობაშია ამ წესის მოთხოვნებთან, მიეცემა მითითება არა უმეტეს 2 თვის ვადაში ამ წესით გათვალისწინებული ეკონომიკური ლიმიტის დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე.
2. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური გაატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს.