სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.006.747
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №62
2004 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის, დაცული ტერიტორიების დეპარტამენტისა და გეოლოგიის დეპარტამენტის დებულებების დამტკიცების შესახებ
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილების საფუძველზე, ამავე ნორმატიული აქტებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული:
ა) (ძალადაკარგულია);
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის ბრძანება №131 - სსმ III, №31, 09.03.2006წ., მუხ.363
ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის დებულება;
გ) (ძალადაკარგულია);
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის ბრძანება №9 - სსმ III, №6, 17.01.2006წ., მუხ.47
დ) (ძალადაკარგულია);
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის ბრძანება №292 - სსმ III, №57, 26.04.2006წ., მუხ.753
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. ლებანიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 14 ივნისის ბრძანება №134 - სსმ III, №71, 14.06.2005წ., მუხ.770
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 27 ივლისის ბრძანება №239 - სსმ III, №92, 05.08.2005წ., მუხ.1048
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის ბრძანება №9 - სსმ III, №6, 17.01.2006წ., მუხ.47
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის ბრძანება №131 - სსმ III, №31, 09.03.2006წ., მუხ.363
5. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის ბრძანება №292 - სსმ III, №57, 26.04.2006წ., მუხ.753
6. ძალადაკარგულია - საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 12 სექტემბრის ბრძანება №43 - ვებგვერდი, 13.09.2011 წ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის
დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გამგებლობაში არსებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო მმართველობას ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების სფეროში.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის აქტების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
3. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
5. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. 150.
მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. დეპარტამენტის საქმიანობის სფეროა ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა.
2. დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების სფეროში სახელმწიფო სისტემის ფორმირება და მისი ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველყოფა;
ბ) ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების მონაცემთა შეკრების, დამუშავების, ანალიზის, შენახვისა და გავრცელების ურთიერთდაკავშირებული სასტემების ორგანიზება და ფუნქციონირების კონტროლი;
გ) სახელმწიფო მმართველობის ორგანოების, ეკონომიკის დარგების, საქართველოს სამხედრო ძალების, მოსახლეობისა და სხვა მომხმარებლების უზრუნველყოფა ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ ფაქტიური და პროგნოზული ინფორმაციით, მათ შორის სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებისა და გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების შესახებ;
დ) სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის სფეროში;
ე) ჰიდრომეტეოროლოგიურ და სხვა გეოფიზიკურ პროცესებზე (მიწისძვრების გარდა) აქტიური ზემოქმედების სამუშაოთა შესრულების ორგანიზება და კონტროლი;
ვ) ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვებისა და ინფორმაციული პროდუქციის მომზადების მეთოდების ერთიანობისა და შეთავსებადობის უზრუნველყოფა;
ზ) ჰიდრომეტეოროლოგიურ სფეროში სახელმწიფო ინფორმაციული რესურსების ფორმირება, ჰიდრომეტეოროლოგიური პირობებისა და გარემოს დაბინძურების ამსახველ მონაცემთა ერთიანი ფონდის შექმნა და წარმართვა;
თ) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, ინდიკატური გეგმების პროექტებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა;
ი) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტის მომზადებაში მონაწილეობა;
კ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების სფეროში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და დადგენილი წესით სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
ლ) მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის, ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების დარგში სხვადასხვა კონვენციებით, შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისათვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელით, შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია;
მ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ამ დარგებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეცნიერულ-ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა;
ნ) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების სფეროში ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ო) სტიქიურ უბედურებათა საშიშროების შემცირების სახელმწიფო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სტიქიური უბედურებებისაგან მიყენებული ზარალის შედეგების შეფასებისა და მათი სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების ორგანიზებაში მონაწილეობა.
მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილება
1. დეპარტამენტს უფლება აქვს:
ა) დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში;
ბ) მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტების შემუშავებაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას გასწიოს სახელმწიფო წარმომადგენლობა მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში, კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფში, დსთ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფოთაშორისო საბჭოში, მონათესავე პროფილების სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებში; გამოვიდეს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს ფონურ დაბინძურებაზე დაკვირვების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელების ინიციატივით;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას გასწიოს სახელმწიფო წარმომადგენლობა სასამართლო ორგანოებში;
ე) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსალებანი.
მუხლი 4. დეპარტამენტის დაფინანსებისა და საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა
დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
მუხლი 5. დეპარტამენტის მართვა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე (მათ შორის – ერთი პირველი), რომელთაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. თავმჯდომარე:
ა) მოქმედებს დეპარტამენტის სახელით, წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან ურთიერთობისას;
ბ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის მუშაობას; მინისტრთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, შეაქვს მათში ცვლილებები და დამატებები;
დ) ნიშნავს თანამდებობაზე და ათავისუფლებს თანამდებობიდან დეპარტამენტის თანამშრომლებს;
ე) წარუდგენს დასამტკიცებლად მინისტრს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს;
ვ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციითა და მოქმედი ნორმატიული აქტებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულების სისრულისა და სისწორისათვის და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;
ზ) თავისი ბრძანებით ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები:
ა) ახორციელებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს;
ბ) მონაწილეობენ დეპარტამენტის მართვაში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 27 ივლისის ბრძანება №239 - სსმ III, №92, 05.08.2005წ., მუხ.1048
მუხლი. 6. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაციული სამმართველო;
ბ) ფინანსებისა და ბუღალტერიის სამმართველო;
გ) დაკვირვების სახელმწიფო ქსელისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
დ) ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურების მონაცემთა ეროვნული ფონდი.
2. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია;
გ) ქართლის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია;
დ) კახეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია;
ე) კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია;
ვ) სამცხე-ჯავახეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია.
მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციებია:
ა) ადმინისტრაციული სამმართველოს ძირითადი ამოცანაა დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაციულ-საოქმო უზრუნველყოფა, საქმისწარმოება და სამართლებრივი საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) ფინანსებისა და ბუღალტერიის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: დეპარტამენტის სისტემის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი; მატერიალური, შრომითი და ფინანსური რესურსების განაწილება, მათი მიზნობრივი გამოყენება, დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო საქმიანობისა და აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდური უზრუნველყოფა, დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ბალანსზე რიცხული ქონებისა და მისი მოძრაობის, მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენების კონტროლი, დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
გ) დაკვირვების სახელმწიფო ქსელისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების მონაცემთა შეკრების, დამუშავების, ანალიზის, შენახვისა და გავრცელების ურთიერთდაკავშირებული სისტემების ორგანიზება და ფუნქციონირების კონტროლი;
დ) ჰიდრომეტეოროლოგიური და გარემოს დაბინძურების მონაცემთა ეროვნული ფონდის ძირითადი ამოცანაა ჰიდრომეტეოროლოგიურ და გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების მონაცემთა ერთიანი ფონდის ფორმირება.
მუხლი 8. დეპარტამენტის ლიკვიდაცია
დეპარტამენტის ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გეოლოგიის დეპარტამენტის
დებულება
(ძალადაკარგულია)
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 10 აპრილის ბრძანება №292 - სსმ III, №57, 26.04.2006წ., მუხ.753
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის
დებულება
(ძალადაკარგულია)
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 11 იანვრის ბრძანება №9 - სსმ III, №6, 17.01.2006წ., მუხ.47
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის
დებულება
(ძალადაკარგულია)
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 28 თებერვლის ბრძანება №131 - სსმ III, №31, 09.03.2006წ., მუხ.363