,,ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
121
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-07-06
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-31
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №121

2009 წლის 6 ივლისი

ქ. თბილისი

ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“.

    მუხლი 2

ეთხოვოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიას გაითვალისწინონ პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში.

    მუხლი 3

ეთხოვოს ქალაქ თბილისის მერიას, პროგრამის განსახორციელებლად შექმნას კომისია, რომელიც ჩამოაყალიბებს პროგრამაში მონაწილეობის საკონკურსო პირობებს.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №238 - სსმ III, №157, 25.12.2009წ., მუხ.1891

    მუხლი 31

ეთხოვოს ქ. თბილისის მთავრობას მიზნობრივი პროგრამის დამატებითი ეტაპის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №162-ვებგვერდი, 05.04.2011წ.

    მუხლი 4

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ მონაწილეობა მიიღონ ქალაქ თბილისის მერიის მიერ შექმნილი შესაბამისი კომისიის მუშაობაში.

    მუხლი 5

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №238 - სსმ III, №157-25.12. 2009წ., მუხ.1891

2. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №162-ვებგვერდი, 05.04.2011წ.

 

ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №238 - სსმ III, №157, 25.12.2009წ., მუხ.1891

    მუხლი 1. ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ (შემდგომში – პროგრამა) მიზნები

პროგრამის მიზნებია:

ა) ძველი თბილისის რეაბილიტაცია;

ბ) მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;

გ) სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება;

დ) წინაპირობების შექმნა, რათა საფინანსო ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღონ ძველი თბილისის აღდგენისა და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროცესში.

    მუხლი 2. პროგრამის ამოცანები

პროგრამის ამოცანებია:

ა) მენაშენეებთან თანამშრომლობით ნებაყოფლობით საწყისებზე მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;

ბ) მექანიზმების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობენ:

ბ.ა) მიმდინარე მშენებლობათა დასრულებას;

ბ.ბ) ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროცესში მოსახლეობის, მენაშენეებისა და საფინანსო ორგანიზაციების ნებაყოფლობით მონაწილეობას.

    მუხლი 3. პროგრამის პრინციპები

1. პროგრამა განხორციელდება ძველ თბილისში ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიებზე.

2. მხარეების პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

    მუხლი 4. პროგრამის მონაწილეები

პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ:

ა) კვალიფიციური მენაშენეები და საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც აკმაყოფილებენ ქალაქ თბილისის მერიის კომისიის მიერ დადგენილ პირობებს;

ბ) ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს მთავრობა, რომლებიც დააფინანსებენ აღნიშნულ პროექტს და მონაწილეობას მიიღებენ კომისიის მუშაობაში.

    მუხლი 5. პროგრამაში მონაწილე პირთა უფლებები და ვალდებულებები

1. ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრულ არეალში (სადაც განხორციელდება პროგრამა) მცხოვრებ მოსახლეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს პროგრამაში.

2. ამ პროგრამის მიზნებისათვის ქალაქ თბილისის მერიის კომისია განსაზღვრავს მიწის შესასყიდ ღირებულებასა და ამ ღირებულების დისკონტირების პრინციპებს.

3. ქალაქ თბილისის მერიის კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს კვალიფიციური მენაშენისა და საფინანსო ორგანიზაციის ცნება პროგრამაში მონაწილეობის მიზნით.

4. კვალიფიციურ მენაშენეებსა და საფინანსო ორგანიზაციებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროგრამაში.

5. კვალიფიციური მენაშენეები ვალდებული არიან, პროგრამაში მონაწილეობისათვის წარადგინონ მათსა და საფინანსო ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულება ან/და საფინანსო ორგანიზაციის წერილობითი თანხმობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს საფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებას, გასცეს კრედიტი მენაშენის სახელზე პროექტის დაფინანსების შემთხვევაში.

6. კვალიფიციური მენაშენეები ვალდებული არიან, პროგრამაში მონაწილეობისათვის წარადგინონ მათსა და მოსახლეობას შორის დადებული ხელშეკრულება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) მოსახლეობა მიიღებს ბინას ძველი საცხოვრებლის ნაცვლად;

ბ) მხარეების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები რეგისტრირებული უნდა იყოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში;

გ) ქალაქ თბილისის მერიის კომისიის მიერ განსაზღვრულ დამატებით პირობებს.

8. ქალაქ თბილისის მერიის კომისია უფლებამოსილია, განსაზღვროს დამატებითი პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კვალიფიციურ მენაშენესა და საფინანსო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულება.

9. მხარეები ვალდებული არიან, შეასრულონ პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები.

    მუხლი 6. პროგრამის განხორციელების მექანიზმი და დაფინანსების მეთოდოლოგია

1. პროგრამის განსახორციელებლად ქალაქ თბილისის მერია ქმნის კომისიას, რომელიც აცხადებს კონკურსს.

2. კონკურსის ჩატარების წესი და საკონკურსო პირობები მტკიცდება ქალაქ თბილისის მთავრობის მიერ.

3. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად.

4. კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსის ორივე ეტაპი შეიძლება ჩატარდეს ერთდროულად.

5. გამარჯვებული ვლინდება კომისიის მიერ განსაზღვრული 1 მ2-ზე გადასახდელი დისკონტირებული ღირებულების ზღვარის, დაფინანსების ზღვრული ჯამური თანხისა და პრეტენდენტების მიერ შემოთავაზებული დაბალი დისკონტირებული ფასების მიხედვით (გამოთავისუფლებული მიწის კვადრატულ მეტრზე გაანგარიშებით).

6. კონკურსის შედეგების გათვალისწინების გარეშე დაფინანსდება იმ კვალიფიციურ მენაშენეთა პროექტები, რომლებიც წარადგენენ საბანკო გარანტიას, რომ პროექტის დაფინანსებიდან განსაზღვრულ ვადაში (სამი თვე) ამავე თანხად (რეალურ გამოხატულებაში) შეიძენენ მიწის ნაკვეთს ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისაგან.

7. პროექტში გამარჯვებულ კვალიფიციურ მენაშენეს რჩება უფლება, რომ პროექტის დაფინანსებიდან მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში ამავე თანხად (რეალურ გამოხატულებაში) შეიძინოს მიწის ნაკვეთი, მიუხედავად იმისა, წარდგენილია თუ არა გარანტია.

8. შესყიდული მიწის ნაკვეთების ფასის გადახდა განხორციელდება საკონკურსო პირობებით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.

9. პროექტის დაფინანსების დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, თუ შესაბამისი მიწის ნაკვეთი არ იქნება გამოსყიდული გამარჯვებული კვალიფიციური მენაშენის მიერ, ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს ეს ნაკვეთი გააქვს აუქციონზე. იმ შემთხვევაში, თუ ნასყიდობის საგანი არ გაიყიდება, ქალაქ თბილისის მერია მას განკარგავს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10.     ქალაქ თბილისის მერია უფლებამოსილია, განსაზღვროს შესაბამისი მიწის ნაკვეთები, რომელთა განკარგვა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ქალაქის განვითარების ინტერესებს.

11. თუ მიწის ნაკვეთი გაიყიდება პროექტის დაფინანსებაში გადახდილ თანხაზე მაღალ ფასად 1 მ2-ზე გაანგარიშებით (რეალურ გამოხატულებაში), მაშინ ნამეტი გადაეხდება პროექტის განმახორციელებელ შესაბამის კვალიფიციურ მენაშენეს.

    მუხლი 7. პროგრამის მონიტორინგი

პროგრამის შესრულების მონიტორინგს ახორციელებენ ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს მთავრობა.

     მუხლი 8. პროგრამის დამატებითი ეტაპი

1. ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია:

ა) ამ პროგრამით განსაზღვრული წესისა და პირობებისაგან განსხვავებით, ქ. თბი­ლის­­ში დაუმთავრებელი მშენებლობების დას­რულების ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოს პროგრამის დამა­ტებითი ეტაპის ჩატარება;

ბ) დამა­ტებითი ეტაპის განსახორციელებლად თავად, ან/და მის მიერ დაფუძნებული უფლებამოსილი იურიდიული პირის მეშვეობით გასცეს დაპირება პროგრამის ფარგლებში დასრულებულ შენობებში საცხოვრებელი ფართობების შესყიდვის თაობაზე.

2. პროგრამის დამატებითი ეტაპის გავრცელების არეალად შე­საძ­ლებელია განისაზღვროს          ქ. თბილისის ადმინისტრაციულ სა­ზღვ­რებში არსებული ტერიტორია სრულად.

3. პროგრამის დამატებითი ეტაპის მონაწილეებს, განხორ­ციე­ლების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ქ. თბილისის მთავრობა.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის დადგენილება №162-ვებგვერდი, 05.04.2011წ.

კრებსითი — სრული ვერსია