სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.014.005.506
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული
კომისიის დადგენილება №23
2002 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენისა და აქციათა მესაკუთრეობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის სესახებ” წესის დამტკიცების თაობაზე
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტების და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული წესი – „საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენისა და აქციათა მესაკუთრეობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობათა განსაზღვრის შესახებ”.
2. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ჯიბუტი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2003 წლის 3 ივნისის დადგენილება №33-სსმIII, №61, 24.06.2003წ.;მუხ.540
2. ძალადაკარგულია - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის ბრძანება №20/01-სსმIII, №22, 25.02.2010წ.;მუხ.282
წესი საჯარო ფასიან ქაღალდებზე საკუთრების უფლების სააღრიცხვო თარიღის დადგენისა და აქციათა მესაკუთრეობიდან გამომდინარეუფლება-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი შემუშავებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის (შემდგომში – „კანონი”) მე – 10 მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საჯარო ფასიანი ქაღალდების მესაკუთრეობიდან გამომდინარე უფლებების განხორციელების მიზნებისათვის შესაბამისი სააღრიცხვო თარიღის დადგენის მოთხოვნებსა და პროცედურას და აგრეთვე იმ მოვალეობებს, რომლებიც ეკისრება პირებს, რომლებიც ფლობენ საჯარო ფასიან ქაღალდებს ნომინალური მფლობელობის ერთი ან მეტი საფეხურის მეშვეობით.
2. ამ წესის მიზანია ინვესტორთა ფასიანი ქაღალდების მესაკუთრეობიდან გამომდინარე უფლებების დაცვის მექანიზმების შემდგომი სრულყოფა.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები. გარდა ამისა, ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ტერმინები შემდეგი მნიშვნელობებით:
ა) აქციონერთა საერთო კრების მოწვევის თარიღი (შემდგომში – კრების მოწვევის თარიღი) – ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი თარიღი, რომლისთვისაც მოწვეულ უნდა იქნეს აქციონერთა საერთო კრება (შემდგომში –საერთო კრება);
ბ) გამოცხადება – ემიტენტის, ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელის მიერ მნიშვნელოვანი თარიღების „ანგარიშვალდებული საწარმოს აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შეტყობინების, გამოქვეყნებისა და აქციონერთათვის მოსაწვევთა დაგზავნის პროცედურის შესახებ” საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) წესის (“საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, 19 აპრილი, 2002წ., №38) მე-3 მუხლის შესაბამისად დადგენილ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნება და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული პირებისათვის მოსაწვევების გაგზავნა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისთვის (შემდგომში –რეგისტრატორი) შეტყობინება;
გ) საერთო კრების მოწვევის გამოცხადების თარიღი – თარიღი, როდესაც საწარმოს დირექტორები აკეთებენ გამოცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმით და რომელიც უნდა იყოს კრების მოწვევის თარიღამდე 20 დღის ვადაში, მაგრამ საერთო კრების სააღრიცხვო თარიღის შემდეგ;
დ) საერთო კრების სააღრიცხვო თარიღი – თარიღი, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს მიერ უნდა დაინიშნოს კრების მოწვევის თარიღამდე არანაკლებ 30, მაგრამ არა უმეტეს 45 დღეზე ადრე და რომლის სამუშაო დროის ხანგრძლივობის დასრულების მდგომარეობითაც დგება აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლებამოსილ აქციონერთა სია. საერთო კრების სააღრიცხვო თარიღი არ უნდა ემთხვეოდეს დასვენების და/ან უქმე დღეს;
ე) დივიდენდების სააღრიცხვო თარიღი – აქციონერთა საერთო კრების მიერ დადგენილი თარიღი, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 10 დღის შემდეგ ამ თარიღის გამოცხადებიდან და რომლის სამუშაო დროის ხანგრძლივობის დასრულების მდგომარეობითაც დგება იმ აქციო-ნერთა სია, რომელთაც აქვთ დივიდენდების მიღების უფლება. დივიდენდების სააღრიცხვო თარიღი არ უნდა ემთხვეოდეს დასვენების და/ან უქმე დღეს;
ვ) დივიდენდების გაცემის დაწყების თარიღი – აქციონერთა საერთო კრების მიერ დადგენილი თარიღი, საიდანაც საწარმოს წარმოეშობა დივიდენდების გაცემის ვალდებულება და რომელიც უნდა იყოს დივიდენდების გაცემის სააღრიცხვო თარიღიდან არანაკლებ 15 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა იმ საერთო კრების ჩატარებიდან, რომელზედაც გადაწყდა დივიდენდების გაცემა;
ზ)სააღრიცხვო თარიღები – საერთო კრების სააღრიცხვო თარიღი, დივიდენდების სააღრიცხვო თარიღი.
თ) მნიშვნელოვანი თარიღები – კრების მოწვევის თარიღი, დივიდენდების გაცემის დაწყების თარიღი, სააღრიცხვო თარიღები, ასევე მათი გამოცხადების თარიღები.
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2003 წლის 3 ივნისის დადგენილება №33-სსმIII, №61, 24.06.2003წ.;მუხ.540
მუხლი 3. მნიშვნელოვანი თარიღების დადგენა
1. სამეთვალყურეო საბჭო საწარმოს საერთო კრების სააღრიცხვო თარიღს ადგენს „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად.
2. დივიდენდების სააღრიცხვო თარიღი და დივიდენდების გაცემის დაწყების თარიღი დგინდება აქციონერთა იმ საერთო კრების მიერ, რომელიც სათანადოდ გამოცხადებული დღის წესრიგის მიხედვით უფლებამოსილია გადაწყვიტოს დივიდენდების ოდენობისა და მათი გაცემის საკითხი.
მუხლი 4. ემიტენტის ვალდებულებები მნიშვნელოვანი თარიღების გამოცხადებასთან დაკავშირებით
1. ანგარიშვალდებული საწარმო სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებას საერთო კრების სააღრიცხვო თარიღის შესახებ აცხადებს ამ წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ სააღრიცხვო თარიღამდე არანაკლებ 10 დღით ადრე.
2. საერთო კრების მიერ დადგენილი დივიდენდების სააღრიცხვო თარიღისა და დივიდენდების გაცემის დაწყების თარიღის შესახებ ინფორმაციას ემიტენტი აცხადებს ამ წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, კრების ჩატარების თარიღის მომდევნო 5 დღის განმავლობაში.
3. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის არსებული ხელშეკრულება არ მოიცავს რეგისტრატორის მიერ საერთო კრების გამოცხადებას, ემიტენტი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და ფორმით უზრუნველყოფს საერთო კრების გამოცხადებას და გამოცხადების თარიღს წინასწარ აცნობებს რეგისტრა-ტორს.
მუხლი 5. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების ვალდებულებები მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით
1. ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეებისათვის ამ წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის განსაზღვრული გამოცხადება ითვლება ოფიციალურ შეტყობინებად, რომლის შესაბამისად მათ წარმოეშობათ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები.
2. ცენტრალურ დეპოზიტარსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორ(ებ)ს შორის უნდა გაფორმდეს ხელშეკრუ-ლება, რომელიც ურთიერთობის სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს ინფორმაციის (მათ შორის რეესტრიდან ამონაწერების) მიწოდებისა და გაცვლის ფორმებს, ვადებსა და მონაცემთა შედარების პროცედურებს.
3. იმ შემთხვევაში, თუ საბროკერო კომპანია წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების ნომინალურ მფლო-ბელს, მაშინ ნომინალურ მფლობელად გახდომიდან ხუთი დღის ვადაში უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება, აღნიშნულ საბროკერო კომპანიასა და იმ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორს შორის, რომელიც აწარმოებს ამ ფასიანი ქაღალდების რეესტრს, რომელიც ურთიერთობის სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს ინფორმაციის (მათ შორის რეესტრიდან ამონაწერების) მიწოდებისა და გაცვლის ფორმებს, ვადებსა და მონაცემთა შედარების პროცედურებს.
4. ცენტრალური დეპოზიტარი სააღრიცხვო თარიღიდან 3 დღის ვადაში რეგისტრატორს მიაწვდის ინფორმაციას შეტყობინებაში მითითებული ემიტენტის იმ ფასიანი ქაღალდების შესახებ, რომლის რეგისტრირებულ მფლობელსაც წარმოადგენს დეპოზიტარი. ეს ინფორმაცია უნდა მოიცავდეს:
ა) იმ ბენეფიციარ მესაკუთრეთა სიას, რომელთა ფასიანი ქაღალდების პირველი საფეხურის ნომინალურ მფლობელს წარმოადგენს დეპოზიტარი, მათი იდენტიფიცირებისათვის საჭირო სრული ინფორმაციისა და თითოეულის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების ოდენობის მითითებით;
ბ) იმ ნომინალურ მფლობელთა სიას, რომელთა ფასიანი ქაღალდების მომდევნო საფეხურის ნომინალურ მფლობელსაც წარმოადგენს დეპოზიტარი, მათი იდენტიფიცირებისათვის საჭირო სრული ინფორმაციისა და თითოეულის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების ოდენობის მითითებით.
5. საბროკერო კომპანია, რომელიც წარმოადგენს ამ ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებულ მფლობელს, სააღრიცხვო თარიღიდან სამი დღის ვადაში აწვდის რეგისტრატორს შემდეგ ინფორმაციას:
ა) იმ ბენეფიციარ მესაკუთრეთა სიას, რომლებმაც არ მიანიჭეს საბროკერო კომპანიას კრებაზე მათი ხმების განკარგვისა და მათი სახელით დივიდენდების მიღების უფლებამოსილება, მათი იდენტიფიცირებისათვის საჭირო სრული ინფორმაციისა და თითოეულის საკუთრებაში არსებული ამ ემიტენტის ფასიანი ქაღალდების ოდენობის მითითებით;
ბ) იმ ფასიანი ქაღალდების ოდენობას, რომლის განკარგვის უფლებაც მიანიჭეს ბენეფიციარმა მესაკუთრეებმა საბროკერო კომპანიას, ან რომელთა ბენეფიციარ მესაკუთრესაც წარმოადგენს თვით ეს საბროკერო კომპანია.
6. საბროკერო კომპანია ვალდებულია ყველა თავისი კლიენტი, რომელიც ფლობს ამ ანგარიშვალდებული საწარმოს ფასიან ქაღალდებს, დაუყოვნებლივ გააფრთხილოს სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ. აგრეთვე, ამ აქციების ყიდვაზე ან გაყიდვაზე კლიენტის დავალების მიღების შემთხვევაში, იგი ვალდებულია შეატყობინოს და მისცეს ახსნა-განმარტება კლიენტს სააღრიცხვო თარიღის თაობაზე.
7. მიღებული ინფორმაციის შეუსაბამობის შემთხვევაში, რეგისტრატორი ვალდებულია ერთი დღის ვადაში აცნობოს ამის შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელს (მიმწოდებლებს) და მიიღოს ზომები ამ შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად ურთიერთშედარების გზით.
8. ინფორმაციის მიმწოდებელი (მიმწოდებლები) ვალდებულია 1 დღის ვადაში მიაწოდოს რეგისტრატორს მიწოდებული ინფორმაციის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი (უკანასკნელი თარიღით რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი რეესტრიდან).
9. მასთან არსებული და ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის საფუძველზე რეგისტრატორი შესაბამისად ადგენს საერთო კრებაზე მონაწილეობის, ან დივიდენდების მიღების უფლებამოსილების მქონე პირთა სიას მათი იდენტიფიცირებისთვის საჭირო სრული ინფორმაციისა და თითოეულის მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების ოდენობის მითითებით.
10. სააღრიცხვო თარიღიდან 6 დღის ვადაში რეგის-ტრატორი გადასცემს ემიტენტს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ სიას, რომლის ყოველი გვერდი დამოწმებული უნდა იყოს მის მიერ სათანადოდ უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და რეგისტრატორის ბეჭდით.
11. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის არსებული ხელშეკრულება მოიცავს რეგისტრატორის მიერ საერთო კრების გამოცხადების ვალდებულებას, რეგისტრატორი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და ფორმით უზრუნველყოფს საერთო კრების გამოცხადებას.
12. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრატორსა და ემიტენტს შორის არსებული ხელშეკრულება არ მოიცავს რეგისტრატორის მიერ საერთო კრების გამოცხადების ვალდებულებას, რეგისტრატორი გამოცხადების თარიღამდე სულ მცირე ორი დღით ადრე აწვდის ემიტენტს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2003 წლის 3 ივნისის დადგენილება №33-სსმIII, №61, 24.06.2003წ.;მუხ.540
მუხლი 6. გარდამავალი დებულებები
ცენტრალურმა დეპოზიტარმა, საბროკერო კომპანიებმა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებმა ამ წესის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უნდა უზრუნველყონ ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმება.