“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებათა დამტკიცების შესახებ”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
106/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2001-03-13
გამოქვეყნების თარიღი
2002-03-26
სარეგისტრაციო კოდი
470.010.010.11.119.004.696
“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებათა დამტკიცების შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.11.119.004.696

საქართველოს შრომის, ჯანმრთეობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 

ბრძანება №106/ნ

2001 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთეობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებათა დამტკიცების შესახებ

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 დეკემბრის №687 ბრძანებულებისა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 ნოემბრის №481 ბრზანებულების შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი შემდეგი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებები:

ა) ძალადაკარგულია;

ბ) ძალადაკარგულია;

გ) ძალადაკარგულია;

დ) ძალადაკარგულია;

ე) ძალადაკარგულია;

ვ) შრომის ინსპექციის (დანართი №6).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 თებერვლის ბრძანება №32/ნ-სსმIII, №12, 07.02.2002წ.; მუხ.90

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 26 მარტის ბრძანება №74/ნ-სსმIII, №30, 28.03.2002წ.; მუხ.263

2. ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული დაწესებულებების ხელმძღვანელებმა თავიანთი საქმიანობა წარმართონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებისა და აღნიშნული დებულებების შესაბამისად.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტს (ა. ზურაბაშვილი).

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

ა. ჯორბენაძე

 

შეტანილი ცვლილებები:

 

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 თებერვლის ბრძანება №32/ნ-სსმIII, №12, 07.02.2002წ.; მუხ.90

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 26 მარტის ბრძანება №74/ნ-სსმIII, №30, 28.03.2002წ.; მუხ.263

დანართი №1

ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 თებერვლის ბრძანება №32/ნ-სსმIII, №12, 07.02.2002წ.; მუხ.90

დანართი № 2

ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 თებერვლის ბრძანება №32/ნ-სსმIII, №12, 07.02.2002წ.; მუხ.90

დანართი №3

ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 თებერვლის ბრძანება №32/ნ-სსმIII, №12, 07.02.2002წ.; მუხ.90

დანართი №4

ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 თებერვლის ბრძანება №32/ნ-სსმIII, №12, 07.02.2002წ.; მუხ.90

დანართი №5

ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 თებერვლის ბრძანება №32/ნ-სსმIII, №12, 07.02.2002წ.; მუხ.90

 

დანართი №6

შრომის ინსპექციის დებულება

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იმ კონვენციებით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით.

2. ინსპექცია არის შრომისა და შრომის დაცვის მართვის სახელმწიფო ორგანო, რომლის ძირითად მიზანს და ამოცანას წარმოადგენს შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივ-ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში (შემდგომში – ორგანიზაცია), მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. ამ საკითხებში თანამშრომლობს აღმასრულებელ, საზოგადოებრივ და სახელმწიფო ზედამხედველობის სხვა ორგანოებთან. კოორდინაციას უწევს ყველა საზედამხედველო ორგანოს საქმიანობას შრომისა და შრომის დაცვის კანონმდებლობის სფეროში.

3. ინსპექციას აქვს დასრულებული ბალანსი, საბიუჯეტო ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, შტამპი და ტიტულიანი ბლანკი. შრომის ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ინსპექციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

4. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების შესაბამისად ინსპექციის თანამშრომლებს ენიჭებათ შრომის სახელმწიფო ინსპექტორის (მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის) წოდება.

5. საქართველოს ტერიტორიაზე შრომის დაცვის სისტემის მართვას ინსპექცია ახორციელებს მასში შემავალი შემდეგი სტრუქტურული დანაყოფების მეშვეობით:

ა) ხელმძღვანელობა;

ბ) სამართლებრივი განყოფილება;

გ) შრომითი ურთიერთობების განყოფილება;

დ) მრეწველობის და სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის განყოფილება;

ე) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილება;

ვ) არასაწარმოო სფეროს და მცირე საწარმოთა დარგების ზედამხედველობის განყოფილება;

ზ) ბუღალტერია;

თ) საერთო განყოფილება;

ი) აჭარის შრომის ინსპექციის განყოფილება;

კ) აფხაზეთის შრომის ინსპექციის განყოფილება;

ლ) ტერიტორიული ორგანოები (ინსპექციები).

6. ინსპექცია ქმნის საბჭოს, რომლის უფლებამოსილება განსაზღვრულია საბჭოს დებულებით.

7. შრომის სახელმწიფო ინსპექტორებს (მთავარ უფროს ინსპექტორებს) (შემდგომში – ინსპექტორი) და სხვას, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი. აჭარის და აფხაზეთის შრომის სახელმწიფო ინსპექტორებს ნიშნავს და ათავისუფლებს შრომის ინსპექციის უფროსი, აჭარისა და აფხაზეთის შესაბამის სამინისტროებთან შეთანხმებით.

8. აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების და მხარეების ინსპექტორების მუშაობის ხელმძღვანელობას და კოორდინაციას ახორციელებს ინსპექცია.

9. ინსპექცია უზრუნველყოფს ინსპექტორების სწავლების ორგანიზაციას.

10. ინსპექცია ამყარებს კონტაქტებს და თანამშრომლობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან.

11. ინსპექციის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტი;

ბ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

12. ინსპექციის მისამართია: თბილისი 380007, ლეონიძის ქ. №2, ტელ: 99-72-94.

 

II. ინსპექციის ამოცანები და ფუნქციები

13. ინსპექციის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს წარმოადგენს სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება:

ა) ტექნოლოგიური პროცესების, საწარმოო შენობების, ტექნოლოგიური და ენერგეტიკული მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, სანიტარულ-საყოფაცხოვრებო მოწყობილობების, სავენტილაციო და მაკონდიციონირებელი სისტემების, მუშაკთა ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების შესაბამისობაზე შრომის უსაფრთხოებისა და სამრეწველო სანიტარიის მოთხოვნებთან, აგრეთვე საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე შრომის დაცვის სფეროში, ორგანიზაციის კუთვნილ ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და თანამდებობის პირების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე შრომის, შრომის ანაზღაურების და შრომის დაცვის საკითხებში. მომეტებული საფრთხის ობიექტებზე და სამუშაოებზე უსაფრთხო წარმოების წესების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობას საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციასთან ერთად ახორციელებენ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია და მისი ტერიტორიული ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

ბ) შრომის პირობებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების, შეღავათების და კომპენსაციების, შრომისა და დასვენების დროის რეჟიმის უზრუნველყოფის, შრომის ხელშეკრულების შესრულებაზე, ქალთა და ახალგაზრდობის შრომის დაცვაზე, მომუშავეთათვის სამუშაოს შესრულებისას ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე;

გ) წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების გამოკვლევისა და აღრიცხვის დებულებით დადგენილი წესის დაცვაზე;

დ) ახლად შესაქმნელი შრომის დაცვის საშუალებების, აპარატურის, იარაღების, მანქანა-დანადგარების და სხვა პროდუქციის შესაბამისობაზე შრომის დაცვის ნორმატივების მოთხოვნებთან, დადგენილი წესით გასცეს ნებართვა მათი სერიული გამოშვების შესახებ.

14. შეითანხმოს შრომისა და შრომის დაცვის საკითხებში ყველა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტები, მიუხედავად მათი დარგობრივი და უწყებრივი დაქვემდებარებისა. გასცეს ნებართვა ახალი და რეკონსტრუირებული ობიექტების, ცალკეული კვანძების ექსპლოატაციაში გადაცემაზე, განახორციელოს წინმსწრები სახელმწიფო ზედამხედველობა მათი დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესში.

15. გააცნოს დაინტერესებულ პირებს საქართველოს კანონმდებლობა, მოქმედი ნორმები და ნორმატივები შრომისა და შრომის დაცვის სფეროში.

16. განსაზღვროს მუშაობის ძირითადი და პრიორიტეტული მიმართულებები. ინსპექტორებს გაუწიოს ორგანიზაციული და მეთოდური ხელმძღვანელობა სამართლებრივ-ნორმატიული აქტებით უზრუნველყოფის საქმეში.

17. გააანალიზოს შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის სფეროში გამოვლილი დარღვევები, საწარმოო ტრავმატიზმის გამომწვევი მიზეზები, დაამუშაოს წინადადებები მათი აღმოფხვრის მიზნით.

18. ითანამშრომლოს შრომის, შრომის დაცვის კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების შემმუშავებელ ორგანოებთან აღნიშნული დოკუმენტების კანონშესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

19. გასცეს დასკვნები ინსპექციის კომპეტენციაში შემავალი შრომისა და შრომის დაცვის საქმიანობის წარმართვისათვის.

20. მონაწილეობა მიიღოს შრომის დაცვის საკითხებზე შექმნილ საკვალიფიკაციო და საატესტაციო კომისიების მუშაობაში.

21. განიხილოს განცხადებები, წერილები, საჩივრები და სხვა წინადადებები შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების, შრომის დაცვის უფლებების დარღვევის ფაქტზე და გაატაროს ღონისძიებები მათი აღმოფხვრისათვის.

22. მოამზადოს და წარუდგინოს, დადგენილი ფორმის შესაბამისად, ყოველწლიური ანგარიში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს.

 

III. ინსპექციის უფლებები

23. ინსპექტორს მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისა და უზრუნველყოფისათვის უფლება აქვს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლივ შევიდეს მის საზედამხედველო ორგანიზაციებში ნებისმიერ დროს, შრომის სახელმწიფო ინსპექტორისათვის დადგენილი ფორმის მოწმობის წარდგენისას;

ბ) შემოწმების შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად მისცეს ორგანიზაციის თანამდებობის პირს სავალდებულო შესასრულებელი მიწერილობა (დანართი №2), საჭიროების შემთხვევაში შეადგინოს აქტი, ცნობა, ოქმი;

გ) შეაჩეროს (აკრძალოს) საამქროების, საწარმოო უბნების, მანქანების, ჩარხების და სხვა ტექნოლოგიური დანადგარების ექსპლუატაცია მიწერილობის გაცემით ან დაპლომბვით, თუ შემოწმების ან საექსპერტო დასკვნებით გამოვლენილი დარღვევები საფრთხეს უქმნიან მომუშავეთა ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს;

ე) დააყენოს საკითხი სათანადო ორგანოების წინაშე, საექსპერტო დასკვნებზე დაყრდნობით, ორგანიზაციის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ, თუ მისი შემდგომი მუშაობა საფრთხეს უქმნის მომუშავეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. უბედური შემთხვევის გამოკვლევისას და ჰიგიენური სერტიფიკატის უქონლობის შემთხვევაში, ამოიღოს გამოყენებული მასალების, ნივთიერების ნიმუშები (კანონით დასაშვებ ფარგლებში) ანალიზის ჩასატარებლად და ამის შესახებ აცნობოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობას.

24. ზედამხედველობა გაუწიოს:

ა) შრომის ანაზღაურების, შრომის პირობებიდან გამომდინარე, შეღავათებისა და კომპენსაციების გაცემის კანონიერებასა და ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობას.

ბ) კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მწარმოებელ ორგანიზაციებს, სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნათა შესაბამისობაზე შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, აკრძალოს პროდუქციის წარმოება;

გ) საწარმოო დანიშნულების ობიექტის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და გადაიარაღების პერიოდში.

25. მოითხოვოს ორგანიზაციის ხელმძღვანელებისა და ცალკეული თანამდებობის პირთაგან:

ა) საჭირო ახსნა-განმარტებები და დოკუმენტები იმ საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება ინსპექტორის კომპეტენციას;

ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, შენობა-ნაგებობათა, ჩარხების, მანქანა-დანადგარების და სხვა მოწყობილობების ექსპერტიზა, მათი შემდგომი შესაძლო ექსპლუატაციის დადგენის მიზნით.

გ) სამუშაო ადგილების და ცალკეული სამუშაოების ჰიგიენური ექსპერტიზა, შრომის პირობებზე მოქმედი ფაქტორების ინსტრუმენტული გაზომვები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტები შრომის პირობების ექსპერტიზის ჩასატარებლად ორგანიზაციის ხარჯზე;

დ) ექსპლუატაციაში შესაყვანი ან სარეკონსტრუქციო საწარმოების, ცალკული საამქროების, უბნების ჩამონათვალი;

ე) გამოიტანოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ თანამდებობის იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივ-ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულება, ხოლო მოვალეობის განხორციელებისას ხელის შემშლელ თანამდებობის პირებზე, შეადგინოს ოქმი;

ვ) მისცეს წინადადება ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და ზემდგომ კომპეტენტურ ორგანოებს იმ პირთა თანამდებობიდან გათავისუფლების ან სხვა დისციპლინური სასჯელის დადების შესახებ, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს შრომისა და შრომის დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულება ან არ შეასრულეს ინსპექტორის მიწერილობა;

ზ) დააყენოს საკითხი შესაბამისი ხელმძღვანელობის წინაშე იმ ტქნოლოგიურ პროცესებში, ჩარხების, მანქანების და სხვა მოწყობილობების კონსტრუქციებში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლებიც ვერ პასუხობენ შრომის დაცვის  ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.

26. მიიღოს მონაწილეობა:

ა) საწარმოო დანიშნულების მანქანათმშენებლობის პროდუქციის (მანქანები, ჩარხები და სხვა მექანიზმები) საცდელი ნიმუშების გამოცდაში, მისცეს ნებართვა მათ სერიულ გამოშვებას ან ცვლილებების შეტანას კონსტრუქციებში და პარამეტრებში;

ბ) მიმღებ კომისიებში ახალი ან რეკონსტრუქციული ორგანიზაციების, მათი ცალკეული საწარმოების, საამქროების, უბნების, საწარმოო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობებისა და ნაგებობების ექსპლუატაციაში შეყვანისას;

გ) განიხილოს ახალი და სარეკონსტრუქციო საწარმოო ობიექტების პროექტები. საჭიროების  შემთხვევაში ორგანიზაციის ხელმძღვანელებისაგან მოითხოვოს პროექტის ექსპერტიზა შრომის დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, პროექტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

27. გააკონტროლოს ორგანიზაციების:

ა) შრომითი და კოლექტიური ხელშეკრულებებით ან შეთანხმებით გათვალისწინებული შრომისა და შრომის დაცვის ღონისძიებათა შესრულება;

ბ) წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევით, პროფესიული დაავადებით გამოწვეული მომუშავეებისათვის შრომის უუნარობის დაკარგულ დღეებზე ანაზღაურებული თანხის აღდგენა და აწარმოოს მათი აღრიცხვა.

28. განაზოგადოს ორგანიზაციების  შემოწმების მასალები, საწარმოო ტრავმატიზმის გამომწვევი მიზეზები, შრომის, შრომის დაცვის სხვა მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გადაუგზავნოს რეკომენდაციები აღმასრულებელ ორგანოებს.

29. გამოიკვლიოს და აღრიცხოს უბედური შემთხვევები „წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოკვლევისა და აღრიცხვის დებულების” შესაბამისად.

30. ორგანიზაციის შემოწმებისას მოახდინოს მომსახურე პერსონალის შერჩევითი შემოწმება მათ მიერ ტექნოლოგიური რეგლამენტების, უსაფრთხოების წესების და ნორმების ცოდნის ნაწილში.

31. გამოიყენოს კანონმდებლობითა და ნორმატიული აქტებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

 

IV. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

32. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

კრებსითი — სრული ვერსია