სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.040.020.12.201.004.658
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ბრძანება №3
2001 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის დებულების დამტკიცების შესახებ
„ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11, მე-13, და მე-15 მუხლების საფუძველზე დამტკიცდეს ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის თანდართული დებულება.
ზ. გაიპარაშვილი
ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულება
1. ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის განსახორციელებლად და ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების აღრიცხვისათვის იქმნება ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების რეესტრი.
2. რეესტრი იქმნება „ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.
II. რეესტრში გატარების უფლება
3. რეესტრში ტარდება:
ა) ბავშვთა კავშირი, რომლის წესდებით განსაზღვრული საქმიანობის მიზანია უფლებებისა და თავისუფლების დაცვა;
ბ)ახალგაზრდული კავშირი, რომლის წესდებით განსაზღვრულია, რომ წევრთა არანაკლებ 2/3 არის 26 წლამდე ასაკის საერთო ინტერესების მქონე მოქალაქე, გაერთიანებული თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად ;
გ) ის კავშირები, რომლებიც აერთიანებენ ბავშვთა და/ან ახალგაზრდულ კავშირებს ;
დ) რეესტრში კავშირი ტარდება ერთხელ.
III. რეესტრში შეტანისა და რეესტრიდან ამოღების წესი
4. „ ბავშვთა” ან „ ახალგაზრდული” სტატუსის მქონე კავშირმა, რომელსაც სურს სახელმწიფოსაგან ფინანსური დახმარება, კანონმდებლობით დადგენილი რეგისტრაციის შემდეგ უნდა წარუდგინოს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტს განცხადება რეესტრში გატარების შესახებ.
5. რეესტრში გასატარებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:
ა) კავშირის წესდება (ასლი);
ბ) სასამართლოში რეგისტრაციის მოწმობა (ასლი).
6. რეესტრში გატარებულ კავშირს ეძლევა შესაბამისი რეგისტრაციის მოწმობა.
7. რეესტრში გატარებულ ორგანიზაციას ეძლევა შესაბამისი ნომერი და აღირიცხება საინფორმაციო ბანკში.
8. კავშირის რეესტრიდან ამოღების საფუძვლებს წარმოადგენს:
ა) სასამართლოს მიერ ამ კავშირის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია, რომლის შესახებაც სასამართლო აცნობებს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტს, დეპარტამენტის სათანადო მიმართვის საფუძველზე ;
ბ) კავშირის განცხადება რეესტრიდან გასვლის შესახებ.
9. კავშირი რეესტრიდან გამოსულად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ , რაც საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტს წარუდგენს კავშირის ფინანსურ ანგარიშს სახელმწიფოსაგან მიღებული თანხების გამოყენების ან დაბრუნების შესახებ.
IV. დასკვნითი დებულებები
10. რეესტრის დებულებას ამტკიცებს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე „ ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.
11. რეესტრის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეაქვს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.