საქართველოს მთავრობის
დადგენილება №77
2009 წლის 14 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანის მიზნით კონკურს-აუქციონის მომწყობი კომისიის შექმნის შესახებ
მუხლი 1 . „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №54 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს მთავრობის რეგლამენტის“ 41-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანის მიზნით კონკურს-აუქციონის მომწყობი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
ალექსანდრე ბურჭულაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
ცოტნე ყავლაშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სახაზინო სამსახურის უფროსი.
კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვო ს :
გიორგი მელაშვილს – საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელ დირექტორს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება №194 – ვებგვერდი, 24.02.2014წ.
მუხლი 2. დამტკიცდეს საქართველოს კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანის მიზნით კონკურს-აუქციონის მოწყობის თანდართული წესი.
მუხლი 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაამტკიცოს კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.
მუხლი 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 21 თებერვლის დადგენილება №194 – ვებგვერდი, 24.02.2014წ.
დანართი №1
საქართველოს კომერციულ ბანკში მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანის მიზნით კონკურს-აუქციონის მოწყობის წესი
1. სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული ჭარბი ლიკვიდურობის მართვის შემდგომი ოპტიმიზაციისათვის საქართველოს კომერციულ ბანკში (შემდგომში – კომერციული ბანკი) მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშის გახსნისა და მასზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანის მიზნით კონკურს-აუქციონს აწყობს ამ დადგენილებით შექმნილი კომისია.
2. კონკურს-აუქციონის მოწყობის თარიღსა და თანხის მოცულობას ადგენს კომისია და აქვეყნებს კანონით განსაზღვრული წესით.
3. კონკურს-აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვთ კომერციულ ბანკებს.
4. კომისიის მიერ შემუშავებული ფორმის შესაბამისად კომერციული ბანკები კონკურს-აუქციონის მოწყობის დღეს კომისიას წარუდგენენ განაცხადს მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიშზე დასარიცხი საპროცენტო განაკვეთის მითითებით.
5. გამარჯვებული კომერციული ბანკი გამოვლინდება შეჯიბრებითობის პრინციპით, მოქმედი ფილიალების რაოდენობისა და შემოთავაზებული უმაღლესი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
6. გამარჯვებულ კომერციულ ბანკთან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას, რის შემდეგაც ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად იხსნება სახელმწიფო ხაზინის მიმდინარე (ანგარიშსწორების) ანგარიში და ხდება ამ ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების გადატანა.
7. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ყოველი მომდევნო კონკურს-აუქციონის მოწყობის თარიღს, თანხის მოცულობასა და ხელშეკრულების ვადას განსაზღვრავს კომისია.