,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსის გაცემის წესის შესახებ“

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
55
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2009-03-19
გამოქვეყნების თარიღი
2009-09-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსის გაცემის წესის შესახებ“

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №55

2009 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსის გაცემის წესის შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედი­ტის“ (შემდგომში – პროგრამა) განხორციელების მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილე­ბისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანო­ნის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კა­ნონის 27-ე მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს:

1. სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის“ ფარ­გლებში საკრედიტო რესურსის გაცემის წესი.

2. პროგრამის ბენეფიციარებთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვი­თა­რების ფონდის მიერ გასაფორმე­ბელი საკრედიტო ხელ­შეკ­რულების ტიპური ფორმა.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №171-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1294

    მუხლი 2

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამარ­თლის იურიდიულ პირთან – საქართველოს მუნიციპალუ­რი განვითარების ფონდთან (შემდგომში – ფონ­დი) ერთად უზრუნველყოს სათა­ნადო ღონისძიებათა განხორციელება ამ დადგენილე­ბით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრე­დიტის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსის გაცე­მის წესის“ დრო­ულად და შეუფერხებლად შესრუ­ლე­ბის მიზ­­ნით.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 25 მაისის დადგენილება  №97-სსმ III, №65, 29.05.2009წ; მუხ.722

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №171-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1294

    მუხლი 3 (ამოღებულია)

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 25 მაისის დადგენილება  №97-სსმ III, №65, 29.05.2009წ; მუხ.722

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №171-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1294

    მუხლი 31. სამინისტრომ:

1. განიხილოს განაცხადები პროგრამის ფარგლებში გასაცემი კრედიტის შესახებ და შეარჩიოს დასაფინან­სე­ბელი პროექტები.

2. მოამზადოს და საქართველოს მთავრობის სხდომა­ზე წარადგინოს საქართველოს მთავრობის განკარგულების პრო­ექტი პროგრამის ფარგლებში შერჩეული ბენეფიცია­რე­ბის ნუსხის დამტკიცების, გასაცემი კრედიტის ოდენო­ბი­სა და გაცემის პირობების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 25 მაისის დადგენილება  №97-სსმ III, №65, 29.05.2009წ; მუხ.722

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №171-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1294

    მუხლი 32. ფონდმა:

1. განახორციელოს სამინისტროსათვის „საქართვე­ლოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­თველოს კანონის შესაბამისად სახელ­მწიფო პროგრამა „ია­ფი კრედიტით“ (ორგანიზაციული კოდი – 24 14) გათვა­ლისწინებული ასიგნების განკარგვა.

 2. პროგრამის ბენეფიციარებთან გააფორმოს საკრედიტო ხელშეკრულება ამ დადგენილებით დამტკიცებული „პროგ­რამის ბენეფიციარებთან საჯარო სამართლის იური­დიული პირის – საქართველოს მუნიცი­პალური განვი­თა­რების ფონდის მიერ გასაფორმე­ბელი საკ­რე­დიტო ხელ­შეკ­რულების ტიპური ფორმის“ შესაბამისად.

3. პროგრამის ფარგლებში განახორციელოს გაცემუ­ლი კრედიტის დოკუმენტური მონიტორინგი და პროგრამის ბენეფიციარების მიერ ვალდებულებების შეუსრულებლო­ბის შემთხვევაში მიმართოს მათთან გაფორმებული საკრე­დიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სანქციებს.

4. საჭიროების შემთხვევაში პროგრამის ბენეფიცი­არებს მოსთხოვოს ყოველკვარტალური ანგარიშების წარ­დგე­ნა პროექტების შესრულების მიმდინარეობის შესახებ და თავის მხრივ წარუდგინოს ინფორმაცია სამინისტროს.

5. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლება-მოვალეობები პროგრა­მის დროულად და წარმატებით შესრულებისათვის.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №171-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1294

მუხლი 33

განსაკუთრებულ შემთხვევებში, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებე­ლია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელ­მწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში პროგ­რამის ბენეფი­ციარებს კრედიტი მიეცეთ ამ დადგენილების შესაბამისი მოთხოვნების გარეშე საქართველოს მთავ­რობის გადაწყვე­ტილებით განსაზღვრული პირობებით.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №171-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1294

    მუხლი 5

დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ დამტკიცებასა და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის №31 დადგენილების საფუძველზე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 ივნისის დადგენილება  №112-სსმ III, №74, 18.06.2009წ; მუხ.817

მუხლი 6

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 25 მაისის დადგენილება  №97-სსმ III, №65, 29.05.2009წ; მუხ.722

2. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის დადგენილება  №99-სსმ III, №66, 01.06.2009წ; მუხ.728

3. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 ივნისის დადგენილება  №112-სსმ III, №74, 18.06.2009წ; მუხ.817

4. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №171-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1294

სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში საკრედიტო რესურსის გაცემის წესი

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი

პროგრამის მიზანია მეწარმე სუბიექტებისათვის შეღავათიანი საკრედიტო რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდით ახალი საწარმოების შექმნა, არსებულის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

    მუხლი 2. პროგრამის ბენეფიციარები

პროგრამის ბენეფიციარები არიან სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ხალხური რეწვისა და სხვა სექტორებში სამეწარმეო საქმიანობით დაკავებული, აგრეთვე აღნიშნულ სექტორებში ბიზნესის დაწყების მსურველი მეწარმე სუბიექტები.

    მუხლი 3. პროგრამის ძირითადი მიმართულებები, განხორციელების პრინციპები და კრედიტის პირობები

1. პროგრამის ფარგლებში ფონდმა უზრუნველყოს კრედიტის გაცემა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასაკ­ლაო მეურნეობებისა (ხორცის პირველადი დამუშავების) და ხილისა და ბოსტნეულის შესანახი მეურნეობების მო­წყო­­ბისათვის, თანადაფინანსების პრინციპის გათვალის­წი­ნებით. პროგრამის ფარგლებში ფონდის მიერ გაცემული კრედიტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანხის 70 პროცენტს.

2. საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული პროექტები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კრედი­ტის გამოყოფით.

3. ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან კრედიტის გა­ცემას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის განკარ­­გულების შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამის ბე­ნეფიციარების დროულ და კონკურენტულ შერჩევას ახორ­ცი­ელებს საქართველოს ეკონომიკური გან­ვითარების სამი­ნისტრო საქართველოს სოფლის მეურ­ნე­ობის სამი­ნის­ტროსთან ერთად. საქართველოს სოფლის მეურნეობის სა­მი­ნისტრო პროგრამაში მონაწილეობის პი­რო­­ბებს აქვეყნებს მინიმუმ 2 გაზეთში და სამინისტროს ოფიცი­ალურ ვებგვერ­­­დზე.

5. პროგრამის ბენეფიციარებს მოეთხოვებათ კრედი­ტის უზრუნ­ველყოფა, რომელიც უნდა იყოს სულ მცირე კრედიტის (ტრანშის) მოცულობის ტოლი. კრედიტის უზ­რუნველყოფა დასაშვებია პირველი ან/და მეორე რიგის იპო­თეკით, მა­ღალ­რეიტინგული კომერციული ბანკების გა­რან­ტიით, სა­დაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისი) ან პირველი ან/და მეორე რიგის გირავნობით. პროგრამის ბენეფი­ცი­არებს, საჭიროების შემთხვევაში, მოეთხოვებათ პროექ­ტე­ბის თანა­და­ფინანსება (თანამონაწილე­ობა).

6. პროგრამის ბენეფიციარებს ფონდის მეშვეობით საკ­რედიტო რე­სურსი გამოეყოფათ შეღავათიანი პირო­ბებით, კერძოდ: ერ­თი ბენეფიციარისათვის გასაცემი კრედიტის ოდენობა უნ­და იყოს 20.0 ათას ლარზე მეტი, კრედიტით სარგებ­ლობის მაქსიმალური ვადა – 7 წელი, საშეღავათო პერი­ოდი – 2 წლამდე, კრედიტით სარგებლობის წლიური გა­ნაკ­ვეთი პარტნიორი კომერციული ბანკისათვის – წლი­ური 2 პრო­ცენტი, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზ­ღვრული მეწარმე სუბიექტებისათვის – არა უმეტეს 7 პრო­ცენტისა.

7. საშეღავათო პერიოდი ვრცელდება როგორც კრედი­ტის ძირითად თანხაზე, ისე მასზე დარიცხულ პრო­ცენტზე.

8. ფონდის მიერ პროგრამის ბენეფიციარისათვის კრე­დიტის გაცე­მის საბოლოო ვადაა 2009 წლის 22 დეკემ­ბერი.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 25 მაისის დადგენილება  №97-სსმ III, №65, 29.05.2009წ; მუხ.722

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის დადგენილება  №99-სსმ III, №66, 01.06.2009წ; მუხ.728

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 16 ივნისის დადგენილება  №112-სსმ III, №74, 18.06.2009წ; მუხ.817

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №171-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1294

    მუხლი 4. (ამორებულია)

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 25 მაისის დადგენილება  №97-სსმ III, №65, 29.05.2009წ; მუხ.722

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №171-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1294

    მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება

პროგრამის დაფინანსება ხდება ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი – 24 14).

    მუხლი 6. პროგრამის მონიტორინგი

1. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბა­მისად ფონდი ახორციელებს თავის მიერ გაცემული კრე­დი­ტის დოკუმენტურ მონიტორინგს.

2. ფონდის მიერ გაცემული კრედიტის ბენეფიციარები საანგარიშო თვის დამთავრებიდან 10 კალენ­დარული დღის განმავლობაში კრედიტის გამცემს წა­რუდგენენ სრულ ინ­ფორ­მაციას და დამადასტურებელ დოკუმენტაციას საანგა­რიშო თვის განმავლობაში განხორციელებული (შესრულე­ბული) სამუშაოების შესახებ (როგორც კრედიტის, ისე სა­კუთარი დაფინანსების ფარგლებში), ხოლო კრედიტის სრუ­ლად ათვისების (ხარჯვის დასრულების) შემდეგ მის სრულ დაფარვამდე ყოველკვარტალურად წარუდგენენ ინ­ფორ­მაციას პროექტის განხორციელების შესახებ (კვარ­ტა­ლის დასრულებიდან შემდეგი თვის 10 რიცხვამდე), რის შესახებაც ფონდი თავის მხრივ მიაწვდის ინფორმაციას სამინისტროს.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №171-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1294

 

დანართი

პროგრამის ბენეფიციარებთან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვი­თა­რების ფონდის მიერ გასაფორმე­ბელი საკრედიტო ხელ­შეკ­რულების ტიპური ფორმა

ერთი მხრივ, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში – კრედიტის გამცემი), წარმოდგენილი აღმას­რულებელი დირექტორის სახით და, მეორე მხრივ, ————————————— (კრედიტის მიმღების სახელწოდება) (შემდგომში – კრედიტის მიმღები), წარმოდგენილი —————— (ვის მიერაა წარმოდგენილი) სახით, ორივე ერთად „მხარეებად“ წოდებულნი, დებენ საკრედიტო ხელშეკრულებას (შემ­დგომ­­ში – ხელშეკრულება).

1. ხელშეკრულების საგანი

1.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად კრედიტის გამცემი იღებს ვალდებულებას, საქართველოს მთავრობის 2009 წლის ––––––––––––––––– №–––– განკარგულების საფუძველზე ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაფინანსებიდან კრედიტის მიმღებს მიზნობრივი კრედიტის სახით გამოუყოს –––––––––––(თანხა ციფრობრივად) ––– (––––––––––––––––––) (თანხა სიტყვიერად) ლარი –––––––––––––––––––––––––––––––––––– მიზნით (კრედიტის მიზნობრიობა), ხოლო კრედიტის მიმღები იღებს ვალდებულებას, სრულად შეასრულოს ამ ხელშეკრულების პირობები.

1.2. კრედიტი გაიცემა შემდეგი მიზნებისათვის–––––––––––– –––––––––––––––––––––––––– (ღონისძიებების ჩამონათვალი).

2. ხელშეკრულების პირობები

2.1. კრედიტის ხანგრძლივობა განისაზღვრება ––––––– (ვადა რიცხობრივად, სიტყვიერად) წლის ვადით.

2.2. კრედიტი გაიცემა (ტრანშებად, ერთჯერადად) კრედიტის მიმღების წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში ამ ხელშეკრულების 2.5, 3.5 და 4.3.3. პუნქტების შესრულების შემდეგ.

2.3. კრედიტის ვადის ათვლა დაიწყება პირველი ტრანშის (ერთჯერადი თანხის) გაცემისთანავე.

2.4. კრედიტის მიმღებს კრედიტი მიღებულად ეთვლება სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან კრედიტის მიმღების მიერ მითითებულ ანგარიშზე თანხის გადარიცხვის დღიდან.

2.5. კრედიტის შემდგომი ტრანში გაიცემა წინა ტრანშის სრულად ათვისების შემთხვევაში 4.3.3. პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ.

2.6. ბენეფიციარის მიერ თანხის მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 22 დეკემბერი.

2.7. კრედიტით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი არის –––––––––––––––––––(რიცხობრივად, სიტყვიერად) პროცენტი.

2.8. კრედიტზე (ტრანშზე) პროცენტის დარიცხვა განხორციელდება კრედიტის (ტრანშის) გაცემის თარიღიდან, ხოლო კრედიტის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა დაიწყება –––––––––––––– (საშეღავათო პერიოდის ვადა სიტყვიერად – საქართველოს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული ვადა, როდესაც ბენეფიციარი არ ახორციელებს კრედიტის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდას, მაგალითად – ,,თორმეტი თვის შემდეგ“) თვის შემდეგ თანდართული კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვის გრაფიკის (შემდგომში – გრაფიკი) მიხედვით. მიღებულ თანხაზე საშეღავათო პერიოდში დარიცხული პროცენტის გადახდა განხორციელდება –––––––––––––––––––– (რიცხობრივად, სიტყვიერად) თვეზე განაწილებით. კრედიტისა და პროცენტის დაფარვა განხორციელდება ყოველთვიურად.

2.9. კრედიტზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო გამოითვლება 360-დღიანი წლის, თორმეტი 30-დღიანი თვის საფუძველზე.

2.10. კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვა ხდება კრედიტის (ტრანშის) გაცემის შემდეგ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შედგენილი გრაფიკის მიხედვით, რომელიც არის ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი.

2.11. გადახდა განხორციელებულად ითვლება კრედიტის მიმღების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღიდან.

2.12. გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში კრედიტისა და პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში ვადაგადაცილებულ თანხასა და პროცენტს ყოველდღიურად ერიცხება პირგასამტეხლო 0,07 პროცენტის ოდენობით.

3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფა

3.1. ამ ხელშეკრულების შესაბამისად კრედიტის მიმღების მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს იპოთეკით ან გირავნობით დატვირთული ქონება/საბანკო გარანტია/სადაზღვევო პოლისი, რომლის ღირებულება ტოლი უნდა იყოს სულ მცირე კრედიტის (ტრანშის) მოცულობისა.

3.2. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება უნდა მოქმედებდეს კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის ვალდებულების დასრულების პერიოდს პლუს 12 თვის განმავლობაში. კრედიტის მიმღებს უფლება აქვს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება წარადგინოს ეტაპობრივად, ტრანშების მიხედვით.

3.3. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამცემი აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი.

3.4. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების თანხის ოდენობა (ქონების ღირებულება) უნდა იყოს კრედიტის (ტრანშის) ეკვივალენტი.

3.5. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება კრედიტის გამცემს წარედგინება კრედიტის გაცემამდე. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების წარდგენის გარეშე კრედიტი არ გაიცემა.

3.6. კრედიტის გამცემს უფლება აქვს, უარი თქვას მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების მიღებაზე, თუ იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ან/და კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას.

3.7. თუ კრედიტის გამცემი დაადგენს, რომ წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ვეღარ უზრუნველყოფს კრედიტის დაფარვას, კრედიტის მიმღები ვალდებულია, კრედიტის გამცემის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკვე მოქმედი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება შეცვალოს ახლით.

3.8. მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება არ შეიძლება გამოითხოვოს უკან მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამცემმა, თუ მთლიანად არ არის დაფარული მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები ან არ არსებობს სხვა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება.

3.9. თუ კრედიტი და მასზე დარიცხული პროცენტი ნაწილობრივ დაიფარა, კრედიტის მიმღებს კრედიტის გამცემის წერილობითი თანხმობით უფლება აქვს, დარჩენილი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით წარადგინოს ახალი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება ან/და შეამციროს უკვე არსებული ამ ხელშეკრულების 3.4. პუნქტის მოთხოვნათა დაცვით და, შესაბამისად, გამოითხოვოს თავდაპირველად წარდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება.

3.10. კრედიტის მიმღების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, ანუ გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში დაუფარავობა, ან სხვა საფუძვლით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა კრედიტის გამცემს აძლევს საფუძველს, გამოიყენოს ამ ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები კრედიტის მიმღების ქონებაზე გადახდევინების მისაქცევად და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად არსებული აქტივების (იპოთეკით ან გირავნობით დატვირთული ქონება) სარეალიზაციოდ.

4. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

4.1. კრედიტის გამცემი ვალდებულია:

4.1.1. არ გასცეს კრედიტი კრედიტის მიმღების მიერ ამ ხელშეკრულების 3.5. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე;

4.1.2. კრედიტის სახით კუთვნილი თანხის გადარიცხვის შესახებ კრედიტის მიმღების განცხადების და კრედიტის გასაცემად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს შესაბამისი ოდენობის კრედიტის მიმღებისათვის გადარიცხვის თაობაზე და წარუდგინოს თანხის გადარიცხვისათვის აუცილებელი დოკუმენტები;

4.1.3. კრედიტის მიმღებისათვის კრედიტის მთლიანი თანხის გადარიცხვიდან, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული კრედიტის მიღების ვადის გასვლიდან ან ბენეფიციარის შესაბამისი განცხადებიდან (როდესაც კრედიტის მიღების ვადა გასული არ არის და კრედიტის სრულად მიღება ბენეფიციარის მიერ ვერ ხერხდება) 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, მოამზადოს და შემდგომი 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს მხარეების მიერ გრაფიკზე ხელმოწერა;

4.1.4. კონტროლი გაუწიოს კრედიტის მიმღების მიერ გრაფიკის შესრულებას და დარღვევის შემთხვევაში გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში კრედიტის გადაუხდელობის შემთხვევაში ვადაგადაცილებულ თანხასა და პროცენტს ყოველდღიურად დაარიცხოს პირგასამტეხლო 0,07 პროცენტის ოდენობით;

4.1.5. კრედიტის მიმღების მიზეზით გრაფიკზე ხელმოუწერლობის შემთხვევაში კრედიტის მიმღებს წერილობით მოსთხოვოს მიღებული კრედიტის დაფარვა, რომელზეც არ არის შედგენილი გრაფიკი და მის სრულ დაფარვამდე მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა. ამ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში დასაბრუნებელ ძირითად თანხასა და დარიცხულ პროცენტს მათ სრულ დაფარვამდე დაარიცხოს პირგასამტეხლო ყოველდღიურად 0,07 პროცენტის ოდენობით;

4.1.6. საკრედიტო ვალდებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შესრულების მიზნით გამოიყენოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება;

4.1.7. განახორციელოს გაცემული კრედიტის დოკუმენტური მონიტორინგი.

4.2. კრედიტის გამცემს უფლება აქვს კრედიტის მიმღებისაგან მოითხოვოს მონიტორინგის განსახორციელებლად ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები.

4.3. კრედიტის მიმღები ვალდებულია:

4.3.1. შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტები კრედიტის გამცემს წარუდგინოს მოთხოვნის მიღებიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში;

4.3.2. კრედიტის სახით გამოყოფილი თანხა გამოიყენოს მხოლოდ ამ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით განსაზღვრული მიზნებისათვის;

4.3.3. საანგარიშო თვის დამთავრებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში კრედიტის გამცემს წარუდგინოს სრული ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტაცია საანგარიშო თვის განმავლობაში განხორციელებული (შესრულებული) სამუშაოების შესახებ (როგორც გაცემული კრედიტის, ისე საკუთარი დაფინანსების ფარგლებში);

4.3.4. ყოველი ტრანშის ათვისების შემდეგ კრედიტის გამცემს წარუდგინოს სრული ინფორმაცია განხორციელებული (შესრულებული) სამუშაოების შესახებ და მათი დამადასტურებელი დოკუმენტები;

4.3.5. კრედიტის სრული ათვისების (ხარჯვის დასრულების) შემდეგ კრედიტის გამცემს:

ა) წარუდგინოს სრული ანგარიში კრედიტის სრულად ათვისების (ხარჯვის დასრულების) შესახებ;

ბ) ყოველკვარტალურად წარუდგინოს ინფორმაცია კრედიტის სრულ დაფარვამდე პროექტის განხორციელების შესახებ;

4.3.6. გრაფიკის მიხედვით დაფაროს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებები;

4.3.7. მისი მიზეზით გრაფიკზე ხელმოუწერლობის შემთხვევაში ამ ხელშეკრულების 4.1.3. პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოს მიღებული კრედიტი (ან მისი ნაწილი), რომელზედაც არ არის შედგენილი გრაფიკი და შეასრულოს კრედიტის (ტრანშის) დაბრუნების დღისათვის წარმოშობილი ვალდებულებები;

4.3.8. წარუდგინოს და კრედიტის გამცემის წარმომადგენლებს მისცეს საშუალება, გაეცნონ მის საბუღალტრო და საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლების ამსახველ ანგარიშებს, დებულებებსა და სხვა დოკუმენტაციას, ასევე დაუშვას თავის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე;

4.3.9. მისცეს კრედიტის გამცემს თავისი ანგარიშების თანაგანკარგვის უფლება;

4.3.10. წინასწარ აცნობოს კრედიტის გამცემს:

ა) ადგილსამყოფელის შეცვლის, ახალი იურიდული მისამართისა და იქ გადასვლის თარიღის შესახებ;

ბ) ფინანსური ან/და ქონებრივი მდგომარეობის მოსალოდნელი არსებითი ცვლილებებისა და, ასევე, იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება განაპირობონ ასეთი ცვლილებები;

გ) მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობაში და პარტნიორთა შორის, აგრეთვე წესდებაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

4.4. კრედიტის მიმღებს უფლება აქვს:

4.4.1. კრედიტის გამცემთან შეთანხმებით ვადაზე ადრე დაფაროს ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულებები;

4.4.2. კრედიტის ან მისი ნაწილის ვადამდე ადრე დაფარვის შემთხვევაში მოითხოვოს გრაფიკში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

4.5. კრედიტის ან მისი ნაწილის ვადაზე ადრე დაფარვა არ გამოიწვევს კრედიტის მიმღების დაჯარიმებას ან პრემირებას.

5. ხელშეკრულების შეწყვეტა

5.1. ხელშეკრულების თითოეულ მხარეს უფლება აქვს, მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ ხელშეკრულებიდან და მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე ვალდებულებათა კეთილსინდისიერად შესრულება.

5.2. კრედიტის გამცემი უფლებამოსილია, 5.4. პუნქტში აღწერილი რომელიმე გარემოების დადგომის შემთხვევაში ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს კრედიტის მიმღებს კრედიტის, დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს სრულად გადახდა.

5.3. კრედიტის მიმღები ვალდებულია, ასეთი შეტყობინების მიღების შემდეგ და მასში მითითებულ ვადაში დააბრუნოს კრედიტი, მასზე დარიცხული პროცენტი და ხელშეკრულების თანახმად გადასახდელი ყველა თანხა.

5.4. კრედიტის გამცემის მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა, კერძოდ, თუ:

ა) კრედიტის მიმღებმა არ უზრუნველყო ამ ხელშეკრულების 4.3.3. პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ზედიზედ სამი თვის განმავლობაში;

ბ) კრედიტის მიმღებმა სამჯერ ზედიზედ არ შეასრულა გრაფიკით ნაკისრი ვალდებულებები;

გ) არსებობს მნიშვნელოვანი ცვლილება კრედიტის მიმღების ფინანსურ ან/და ქონებრივ მდგომარეობაში, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ან შეუძლებელი გახადოს საკრედიტო ვალდებულებების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით შესრულება;

დ) ნებისმიერი განცხადება ან გარანტია, რომელსაც ადასტურებდა კრედიტის მიმღები ან რაც მოცემულია ამ ხელშეკრულებასთან კავშირში, აღმოჩნდება არასწორი.

6. დამატებითი პირობები

6.1. მხარეთა ურთიერთობები, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

6.2. მხარეთა ურთიერთშეთანხმებით ამ ხელშეკრულებასა და მასზე თანდართულ გრაფიკში ნებისმიერ დროს შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც განიხილება ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. ნებისმიერი ცვლილება და დამატება შეტანილ უნდა იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით.

6.3. მხარეები თანხმდებიან, რომ ეცდებიან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყოველგვარი დავის ან კონფლიქტის თავიდან აცილებას, ხელშეკრულების შესრულებისას წარმოშობილ უთანხმოებათა ურთიერთმოლაპარაკების საფუძველზე გადაწყვეტას. 30 დღის ვადაში კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილი დავა წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

6.4. მხარეთა სამართლებრივი ფორმის, სტრუქტურის შეცვლის ან/და ნებისმიერი სხვა ძირეული ცვლილების შემთხვევაში მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და უფლებების განხორციელება დაეკისრება მათ უფლებამონაცვლეს.

6.5. ეს ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებამდე.

6.6. ეს ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ოთხ ეგზემპლარად ქართულ ენაზე.

ხელშეკრულება ხელმოწერილია მხარეების მიერ 200–– წლის –––– –––––––––––––––––––––––  ქ. თბილისში.

 

მხარეთა რეკვიზიტები

 

კრედიტის გამცემი

 მისამართი:

(სრული რეკვიზიტები)

––––––––––––––––––––

 სახელი და გვარი

 

 

კრედიტის მიმღები

 მისამართი:

(სრული რეკვიზიტები)

––––––––––––––––––––

 სახელი და გვარი

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 25 მაისის დადგენილება  №97-სსმ III, №65, 29.05.2009წ; მუხ.722

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 18 სექტემბრის დადგენილება  №171-სსმ III, №114, 18.09.2009წ; მუხ.1294

 

კრებსითი — სრული ვერსია