ევროპის კავშირის ასოციირებულ წევრად საქართველოს მიღების მოთხოვნის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2409
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-09-10
გამოქვეყნების თარიღი
1999-09-16
სარეგისტრაციო კოდი
0000.00.00.000000
ევროპის კავშირის ასოციირებულ წევრად საქართველოს მიღების მოთხოვნის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

ევროპის კავშირის ასოციირებულ წევრად საქართველოს მიღების მოთხოვნის თაობაზე

საქართველო უძველესი ევროპული ქვეყანაა. ევროპის სახელმწიფოებთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავება, გაერთიანებულ ევროპაში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად რჩება.

1999 წლის აპრილში საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი. საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. 1999 წლის ივნისში შეიქმნა საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის ერთობლივი მუდმივმოქმედი ჯგუფი.

თანამშრომლობის და დიალოგის განვითარების ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტს მიაჩნია, რომ მომზადებულია პირობები, რათა საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის დაიწყოს მოლაპარაკება ევროპის კავშირში საქართველოს ასოციირებულ წევრად მიღების თაობაზე.

ევროპის კავშირის სტრუქტურებთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოება ხელს შეუწყობს ქართველი ერის შემდგომ განვითარებას, შექმნის ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური უსაფრთხოების ხარისხობრივად ახალ გარანტიებს, რაც ასევე იქნება საქართველოს წვლილი ევროპული ინტეგრაციის გაღრმავებაში.

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, რათა ევროპის კავშირთან დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს ევროპის კავშირის ასოციირებულ წევრად მიღების თაობაზე.

საქართველოს პარლამენტის ევროკავშირთან ურთიერთობის ჯგუფმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ამ პროცესისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების მიზნით კონსულტაციები გამართოს ევროპარლამენტის, ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოთა პარლამენტების წევრებთან.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                      ზ. ჟვანია

თბილისი,

1999 წლის 10 სექტემბერი.

№2409–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია