საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
605
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2004-12-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-12-14
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №605

2004 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის შექმნის შესახებ

ბორჯომის ცენტრალური პარკის ისტორიული ღირებულებისა და ბორჯომის საკურორტო ზონის განვითარების აუცილებლობის გათვალისწინებით, პარკის ინფრასტრუქტურის სრულად აღდგენისა და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტების რესტავრირების უზრუნველყოფის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი).

2. დამტკიცდეს ფონდის თანდართული დებულება.

3. ფონდის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №819 - ვებგვერდი, 15.12.2011წ.

4. (ამოღებულია – 14.12.2011, №819).

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №819 - ვებგვერდი, 15.12.2011წ.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის აღდგენისა და განვითარების ფონდის (შემდგომში – ფონდი) მიზნებს, მართვის ორგანოების სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.

2. ფონდი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ.

3. ფონდი საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის და, მათ შორის, ამ დებულების საფუძველზე.

4. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორებისა და მიმდინარე საბანკო ანგარიშები (მათ შორის სავალუტო), ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.

5. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭანტურიას ქუჩა №12.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №819 - ვებგვერდი, 15.12.2011წ.

    მუხლი 2. ფონდის მიზნები

ფონდის მიზანია ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის ტერიტორიაზე განლაგებული ინფრასტრუქტურის სრული აღდგენა, არსებული შენობების განახლება-რეკონსტრუქცია, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ობიექტების რესტავრაცია და შემეცნებით-გასართობი დანიშნულების მქონე ახალი ობიექტების შექმნა.

    მუხლი 3. ფონდის ფუნქციები და საქმიანობის საგანი

1. თავისი მიზნების განსახორციელებლად ფონდი მოიზიდავს თანხებს სხვადასხვა დონორებისაგან, საქართველოსა და უცხოეთის დაინტერესებული პირებისა თუ ორგანიზაციებისაგან და უზრუნველყოფს აკუმულირებული თანხის მიზნობრივ ხარჯვას.

2. ფონდი აფინანსებს კონკურსის საფუძველზე შერჩეულ პროექტებს, რომლებიც ემსახურება ფონდის მიზნების განხორციელებას.

    მუხლი 4. ფონდის ხელმძღვანელობა

1. ფონდის მართვას ახორციელებს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

2. ფონდის დირექტორი:

ა) წარმოადგენს ფონდს მესამე პირთან ურთიერთობაში, ფონდის მიზნებიდან გამომდინარე დებს გარიგებებს;

ბ) უზრუნველყოფს ფონდის მუშაობის ორგანიზაციას და მართვას;

გ) ამტკიცებს ფონდის საშტატო განრიგს, ხელფასის ფონდს, წლიურ ანგარიშსა და ხარჯთა ნუსხას (საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით);

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს;

ე) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს ფონდის მუშაკთა შორის, ამტკიცებს შრომის შინაგანაწესსა და თანამშრომელთა თანამდებობრივ ფუნქციებს;

ვ) (ამოღებულია – 14.12.2011, №819);

ზ) განკარგავს ფონდის სახსრებსა და ქონებას ფონდის დებულების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს ფონდის საქმიანობის თაობაზე;

ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ფონდის საკუთრებისა და სარგებლობაში არსებული ქონებისათვის და ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №819 - ვებგვერდი, 15.12.2011წ.

    მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №819 - ვებგვერდი, 15.12.2011წ.

    მუხლი 6. ფონდის ქონება და ფინანსები

1. ფონდს აქვს საკუთარი ქონება. ფონდის ქონებისა და ფინანსების ფორმირების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) შემოწირულობები;

გ) გრანტები;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;

ე) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ფონდის ფინანსები გამოიყენება ფონდის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად.

3. ფონდის საბუღალტრო ანგარიშგება ხორციელდება საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად.

    მუხლი 7. სახელმწიფო კონტროლი

1. ფონდი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ფონდის სახელმწიფო კონტროლს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №819 - ვებგვერდი, 15.12.2011წ.

    მუხლი 8. ლიკვიდაცია

ფონდის ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.

    მუხლი 9. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დებულებაში

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

კრებსითი — სრული ვერსია