საქართველოს კანონი
„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 4.07.2001, მუხ. 76) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-14 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ სამუშაოს მიმცემი თანამდებობის პირი პრობაციის ოფიცრის წინადადების მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში არ გაათავისუფლებს მსჯავრდებულს დაკავებული თანამდებობიდან, ან არ შეუცვლის მას საქმიანობის სფეროს, შესაბამისი მასალები გადაეგზავნება პროკურატურის ორგანოს.“.
2. მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პრობაციის ოფიცერი აკონტროლებს სამუშაოს მიმცემის მიერ სახელმწიფო შემოსავალში მსჯავრდებულის ხელფასიდან თანხების დაქვითვის სისწორეს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მასალებს უგზავნის პროკურატურის ორგანოს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 20 აპრილი.
№1357-Iს