საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი, გვ. 9) 273-ე მუხლის 63-ე ნაწილის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა. ამ ნაწილით დაწესებული დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობის უფლება აქვთ პირებს, რომლებსაც საკუთრებაში ან კანონიერ სარგებლობაში აქვთ პურ-ფუნთუშეულის საცხობი საწარმოო სიმძლავრეები, რომელთა საშუალებითაც ახორციელებენ პურ-ფუნთუშეულის წარმოებასა და მიწოდებას. ეს პირები მათი საქმიანობის ამ ნაწილში დამატებული ღირებულების, სოციალური დაზღვევის, მოგებისა (ფიზიკური პირების შემთხვევაში – საშემოსავლო) და საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობისათვის გადასახადების ნაცვლად იბეგრებიან პურ-ფუნთუშეულის წარმოებისათვის ფიქსირებული გადასახადით;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე. ის პირები, რომლებსაც საკუთრებაში ან კანონიერ სარგებლობაში აქვთ საცხობები, რომელთა მოქმედი ღუმელების საცხობი ჯამური ფართობი არ აღემატება 20 კვ.მ-ს, ან თონეები, რომელთა რაოდენობა არ აღემატება სამს, დამატებით თავისუფლდებიან ამ საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან საცხობებსა და თონეებში დასაქმებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების მიხედვით სოციალური დაზღვევის გადასახადისაგან, ხოლო ამ თანხების მიმღები ფიზიკური პირები – ამ ნაწილში საშემოსავლო და სოციალური დაზღვევის გადასახადებისაგან;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 1 ივლისი.
№302-–რს