საქართველოს კანონი
„საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საქართველოს პარლამენტის კომიტეტების შესახებ” საქართველოს 1995 წლის 1 დეკემბრის კანონში (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., №002) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. პარლამენტის კომიტეტებია:
1. აგრარულ საკითხთა კომიტეტი;
2. ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტი;
3. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი;
4. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი;
5. დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი;
6. ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტი;
7. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი;
8. თვითმმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტი;
9. მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტი;
10. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი;
11. საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი;
12. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი;
13. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი;
14. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
პარლამენტში მისი უფლებამოსილების ვადით იქმნება კომიტეტები.
პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას, უმრავლესობას, პარლამენტის წევრთა ერთ მეოთხედს უფლება აქვთ სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით დასვან საკითხი ახალი კომიტეტის შექმნის თაობაზე. გადაწყვეტილება მიიღება კანონით.”.
2. მე-5 მუხლის მე-2 აბზაცის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატის დასახელების უფლება აქვთ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ საპარლამენტო ფრაქციაში, საპარლამენტო ფრაქციას”.
3. მე-5 მუხლის მე-6 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ იმ კანდიდატს, რომელმაც ხმების მეტი რაოდენობა დააგროვა, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ კანდიდატმა ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ეწყობა არჩევნების მეორე ტური, რომელშიც კენჭს უყრიან იმ ორ კანდიდატს, რომლებმაც მეტი ხმა მიიღეს”.
4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კომიტეტის თავმჯდომარე შეიძლება გადააყენოს პარლამენტმა, თუ ამას სათანადო წერილობითი დასაბუთებით მოითხოვს პარლამენტის თავმჯდომარე (ბიუროსთან შეთანხმებით), ბიურო, შესაბამისი კომიტეტის წევრთა არანაკლებ ორი მესამედი, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედი.
გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების შესახებ მიღებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარს დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა”.
5. მე-8 მუხლში სიტყვები „კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში” შეიცვალოს სიტყვებით „კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში”.
6. მე-9 მუხლის მე-2 აბზაცში სიტყვები „არანაკლებ 5 წევრით” შეიცვალოს სიტყვებით“ არანაკლებ 10 წევრით”.
7. მე-9 მუხლის მე-4 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება იყოს მხოლოდ პარლამენტის წევრი. პარლამენტის წევრი ვალდებულია, იყოს ერთი კომიტეტის შემადგენლობაში. პარლამენტის წევრის მეორე კომიტეტში გაწევრიანების საკითხს განსაზღვრავს მისი ფრაქცია კვოტირებით დადგენილი დამატებითი ადგილების რაოდენობის შესაბამისად”.
8. მე-12 მუხლის მესამე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ იმ კანდიდატს, რომელმაც ხმების მეტი რაოდენობა დააგროვა, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ კანდიდატმა ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში მონაწილეობდა ორზე მეტი კანდიდატი და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ეწყობა არჩევნების მეორე ტური, რომელშიც კენჭს უყრიან იმ ორ კანდიდატს, რომლებმაც მეტი ხმა მიიღეს”.
9. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე”.
10. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების მიხედვით იქმნება ქვეკომიტეტები არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით. ქვეკომიტეტის შექმნის საკითხზე კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს დადგენილებით. ქვეკომიტეტში გაწევრიანების მსურველი კომიტეტის წევრები განცხადებით მიმართავენ კომიტეტის თავმჯდომარეს. ქვეკომიტეტის შემადგენლობას ამტკიცებს კომიტეტის სხდომა.
ქვეკომიტეტი თავის წევრთაგან, ამ კანონის მე-12 მუხლით გათვალისწინებული წესით, ირჩევს თავმჯდომარეს, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო”.
11. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„ქვეკომიტეტის სხდომას იწვევს მისი თავმჯდომარე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა უმრავლესობა. ქვეკომიტეტის წევრები ვალდებული არიან, დაესწრონ სხდომებს. ქვეკომიტეტი ატარებს ღია ან დახურულ სხდომას. სხდომის დრო წინასწარ ცხადდება. გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ქვეკომიტეტი იღებს დასკვნებსა და მიმართვებს, რომლებიც, როგორც წესი, წარედგინება კომიტეტის სხდომას.
ქვეკომიტეტის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული პირები.
ქვეკომიტეტი უფლებამოსილია, დასვას წინადადება კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში საკითხის შეტანის თაობაზე. კომიტეტის სხდომაზე ქვეკომიტეტის სახელით შეიძლება კენჭისყრაზე დადგეს განსაკუთრებული ან ალტერნატიული მოსაზრება.
თუ კომიტეტი არ დაეთანხმა ქვეკომიტეტის მოსაზრებას, ქვეკომიტეტი წევრთა სრული შემადგენლობის გადაწყვეტილებით უფლებამოსილია, გააკეთოს განცხადება პარლამენტის სხდომაზე.
ქვეკომიტეტის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი კომიტეტის დებულებით”.
12. 25-ე მუხლის მე-2 აბზაცს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება: „ პასუხისმგებლობის წესი და ფორმები განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით”.
13. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, მისი არყოფნის დროს – პირველი მოადგილე. კომიტეტის სხდომების ჩატარების პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ არანაკლებ თვეში ორი სხდომისა.
კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომიტეტის წევრები ვალდებული არიან დაესწრონ კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. გადაწყვეტილება მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, გარდა რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ღია კენჭისყრის დროს ხმების გაყოფისას გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით, პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ბიუროს, ქვეკომიტეტის ან კომიტეტის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით.
დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნას ან ახლის შეტანას სჭირდება დამსწრე წევრთა ხმების ორი მესამედი.
კომიტეტი მართავს ღია ან დახურულ სხდომებს კომიტეტის გადაწყვეტილებით და კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. დღის წესრიგი და სხდომის თარიღი, როგორც წესი, წინასწარ ცხადდება. სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის წევრები და მოწვეული პირები, სხვა კომიტეტების, ფრაქციების წარმომადგენლები.
კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები, მოეწყოს კომიტეტის სხდომის რადიო და ტელერეპორტაჟი. ინფორმაცია კომიტეტის სხდომის შედეგების შესახებ შეიძლება გამოქვეყნდეს პრესაში.
კომიტეტი ატარებს რეფერენტულ სხდომებს იმ საკითხების განსახილველად, რომლებიც უნდა წარედგინოს პარლამენტს, სათათბირო სხდომებს – აზრთა გაზიარებისათვის, საკანონპროექტო სხდომებს – კანონპროქტთა განხილვისათვის, სარედაქციო სხდომებს – კანონპროქტის ან მისი ნაწილის განმეორებით განხილვისათვის, საინფორმაციო სხდომებს – შესაბამისი დარგის სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო ორგანოთა ხელმძღვანელების ინფორმაციის მოსასმენად”.
14. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ იმ საკითხებზე, რომლებითაც დაინტერესებულია ორი ან მეტი კომიტეტი, თავმჯდომარეთა შეთანხმებით ან ბიუროს გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე კენჭისყრა არ ტარდება. ერთობლივი სხდომის შედეგების მიხედვით კანონპროექტი ან საკითხი შეიძლება შესწორდეს ან მთლიანად გადამუშავდეს”.
15. 30-ე მუხლის მე-3 აბზაცში სიტყვის „კანონპროექტს” შემდეგ დაემატოს სიტყვები „ან სხვა განსახილველ საკითხს”, ხოლო სიტყვები „ნიშნავს მომხსენებელს” შეიცვალოს სიტყვებით „ამტკიცებს პარლამენტის სხდომაზე კანონპროექტის ან კომიტეტის პოზიციის წარმდგენს”.
მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეოთხე, მეხუთე და მეექვსე აბზაცები:
„თუ კომიტეტის მიერ შეტანილი საკითხი პარლამენტის ბიურომ უარყო, კომიტეტი უფლებამოსილია, საკითხი შეიტანოს პარლამენტის სხდომაზე განსახილველად, გარდა ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
თუ კომიტეტში განხილულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი კომიტეტის წევრთა არანაკლებ ერთ მესამედს აქვს განსხვავებული აზრი, ისინი უფლებამოსილი არიან გააკეთონ განცხადება პარლამენტის სხდომაზე.
კანონპროექტის შემტანმა კომიტეტმა შეიძლება სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს იგი პირველი მოსმენით მის მიღებამდე”.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1997 წლის 2 მაისი.
№689–IIს