,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 აგვისტოს №214 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/08/2013, 300280020.10.003.017381) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის“ მე-7 მუხლს, მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
,,4. აშენებული ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტის უზრუნველსაყოფად, ურთიერთგაგების მემორანდუმი მხარეთა შეთანხმებით და მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, ითვალისწინებდეს სისტემათაშორისი ტრანზიტისთვის (გადადინებისთვის) განკუთვნილი ახალი ელექტროგადამცემი ხაზით გადაცემა/დისპეტჩერიზაციის მომსახურებაზე (მათ შორის - მრავალწლიანი) ხელშეკრულების გაფორმებას გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებთან.
5. ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სისტემის ელექტროენერგიის საჭირო მოცულობებით უზრუნველსაყოფად, ურთიერთგაგების მემორანდუმი მხარეთა შეთანხმებით და მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ითვალისწინებდეს აშენებული ელექტროსადგურის მიერ წარმოებული, ამ წესის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მოცულობის გარდა, დამატებით ელექტროენერგიის საქართველოს ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე (მათ შორის - სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორზე“) რეალიზაციის ვალდებულებას.“.
|