ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
19-59
მიმღები ორგანო
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-12-22
გამოქვეყნების თარიღი
2018-02-09
სარეგისტრაციო კოდი
010260050.35.101.016075
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
 

ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19-59

2014 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-25 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის რეგლამენტი, დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 23 ივნისის N34 ბრძანება.
3. დადგენილება ძალაში შედის 2015 წლის 1 იანვრიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის რეგლამენტი

თავი I

ზოგადი დებულებანი


მუხლი 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა (შემდგომში - მთავრობა) არის კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში - საკრებულო) გადაწყვეტილებების აღსრულებას.

2. მთავრობა შედგება: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის  მერის მოადგილეების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელისა) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების გამგებლებისგან.

3. მთავრობას ხელმძღვანელობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში - თბილისი) მერი. იგი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის მიმართულებებს და ორგანიზებას უწევს მის მუშაობას, ახორციელებს მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.

4. მთავრობის სხდომებს თავმჯდომარეობს თბილისის მერი. თბილისის მერის  არყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით მთავრობის სხდომებს თავმჯდომარეობს თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) ან ერთ-ერთი მოადგილე.

5. მთავრობის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქ. N7.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №8-19 - ვებგვერდი, 03.01.2018 წ.


მუხლი 2. თბილისის მთავრობის რეგლამენტის რეგულირების სფერო
მთავრობის სტრუქტურა, საქმიანობის წესი, მათ შორის, სამართლებრივი აქტების მომზადების, გაფორმებისა და გამოცემის, მთავრობის სხდომების მომზადების, ჩატარების, სხდომაზე საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი, აგრეთვე მთავრობის საქიანობასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები განისაზღვრება მთავრობის რეგლამენტი (შემდგომში - რეგლამენტი).

მუხლი 3. მთავრობის სამუშაო და საქმისწარმოების ენა
მთავრობის სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.

 

თავი II

მთავრობის სხდომის მომზადება 


მუხლი 4. მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა მომზადება
1. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხები, თბილისის მერიის ადმინისტრაციაში (შემდგომში – ადმინისტრაცია) წარმოდგენილი უნდა იქნეს მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ფორმით, წერილობით, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ელექტრონული მთავრობის პროგრამის (შემდგომში – ელექტრონული პროგრამა) მეშვეობით.

1​1.  მთავრობის სხდომაზე განსახილველი აქტის პროექტს უნდა ერთოდეს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება ზოგადი ინფორმაცია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შესახებ, მისი მიღების მიზეზი და მიზანი, საჭიროების შემთხვევაში, იმ შედეგების საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშება, რომლებსაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება, განმარტებით ბარათში აღინიშნება აგრეთვე პროექტის ავტორი (ავტორები) და წარმდგენი.

2. მთავრობის სხდომაზე განსახილველი აქტის პროექტი (რომელიც იქნება მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, ტერიტორიულ ორგანოებთან ან/და სსიპ-თან შეთანხმებული), თანდართულ მასალებთან ერთად, უნდა ჩაბარდეს ან გადაეგზავნოს ელექტრონული ფორმით ადმინისტრაციას, მთავრობის სხდომამდე 3 დღით ადრე მაინც.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №7-11 - ვებგვერდი, 26.12.2017 წ.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის დადგენილება №12-30 - ვებგვერდი, 12.02.2018 წ.


მუხლი 5. მთავრობის სხდომის მომზადებისა და გამართვის წესი
1. მთავრობის სხდომას ამზადებს და სხდომაზე მოწვეულ პირებს აღრიცხავს ადმინისტრაცია.

2. მთავრობის სხდომის ორგანიზებისათვის აუცილებელ წინამოსამზადებელ ღონისძიებებს ახორციელებს ადმინისტრაცია, რომელიც ადგენს მთავრობის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, აგრეთვე ურთავს წარმოდგენილ მასალებს.

3. მთავრობის სხდომის ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 დღისა სხდომის დღის წესრიგი თანდართული მასალებით ელექტრონული ან მატერიალური ფორმით გადაეგზავნებათ მთავრობის წევრებს.

4. მთავრობა უფლებამოსილია, სხდომაზე მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგში ცვლილებების (საკითხის დამატების, ამოღების, გადატანის, რიგითობის შეცვლის) შეტანის თაობაზე, კანონმდებლობის შესაბამისად.

5. მთავრობის სხდომის ჩატარებამდე სულ ცოტა ერთი კვირით ადრე, ადმინისტრაცია აქვეყნებს ინფორმაციას სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას - აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.

6. გადაუდებელი აუცილებლობისას, მთავრობა უფლებამოსილია, ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას - აგრეთვე მისი დახურვის შესახებ.

7. გადაუდებელი აუცილებლობისას, მთავრობის სხდომის ჩატარების ან სხდომის დახურვის შემთხვევაში, ადმინისტრაცია  ვალდებულია, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში განმარტოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. ადმინისტრაციას რეესტრში შეაქვს სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სახელობითი კენჭისყრის შედეგები, აგრეთვე სხდომის ოქმის მონაცემები, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით” დადგენილი წესით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №7-11 - ვებგვერდი, 26.12.2017 წ.

თავი III

მთავრობის სხდომის გამართვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი


მუხლი 6. მთავრობის მორიგი სხდომა
1. მთავრობის სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს თბილისის მერი.

2. მთავრობის სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც, მთავრობის იურიდიულ მისამართზე. საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის სხდომა შესაძლოა მოწვეულ იქნეს სხვა მისამართზეც. მთავრობის სხდომა იწყება დილის 10:00 სთ-ზე. ცალკეულ შემთხვევაში, თბილისის მერი უფლებამოსილია, მთავრობის სხდომა ჩაატაროს სხვა დროს.


მუხლი 7. მთავრობის რიგგარეშე სხდომა
1. მთავრობის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:

ა) თბილისის მერის ინიციატივით;

ბ) მთავრობის წევრთა შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით.

2. რიგგრაეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცემა ადმინისტრაციას. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას, დღის წესრიგს და რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს.

3. მთავრობის რიგგარეშე სხდომა იმართება მისი მოწვევის მოთხოვნიდან არაუგვიანეს ათი დღის ვადაში. რიგგარეშე სხდომა განიხილავს მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს.


მუხლი 8. მთავრობის სხდომის დღის წესრიგი
მთავრობის სხდომა მიმდინარეობს დღის წესრიგის შესაბამისად. დღის წესრიგი დგება და ქვეყნდება ამ რეგლამენტის მეორე თავით განსაზღვრული პროცედურებით. 

მუხლი 9. მთავრობის სხდომის მიმდინარეობა
1. მთავრობის სხდომები, როგორც წესი, ღია და საჯაროა. ადმინისტაცია იღებს ზომებს მთავრობის სხდომების საჯაროობის უზრუნველსაყოფად. მთავრობის სხდომა ან მისი ნაწილი შეიძლება დახურულად გამოცხადდეს მთავრობის გადაწყვეტილებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღია სხდომამ შეიძლება გამოიწვიოს პერსონალურ მონაცემების,  სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გამჟღავნება.

2. მთავრობის სხდომას გადამწყვეტი ხმის უფლებით ესწრებიან მთავრობის წევრები. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი  (მთავრობის სხდომის კვორუმი).

3. მთავრობის სხდომაზე შეიძლება მოწვეული იყვნენ მერიის მოხელეები და თბილისის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წარმომადგენლები.  საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა, სხვა ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლების, აგრეთვე თბილისის საკრებულოს წევრების სხდომაზე მოწვევის საკითხი მათთან უნდა იქნეს შეთანხმებული.

4. მთავრობის სხდომაზე მთავრობის წევრებისა და მოწვეული პირების დროულ შეტყობინებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ადმინისტრაცია.

5. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხისთვის, როგორც წესი, მომხსენებელს ეძლევა დრო 15 წუთამდე, თანამომხსენებელსა და კამათში გამომსვლელთ 5 წუთამდე, ცნობისათვის (განცხადებებისათვის) - 3 წუთამდე. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საჭიროებისამებრ, მომხსენებელს, თანამომხსენებელს და კამათში გამომსვლელს დამატებით შეიძლება მიეცეს გონივრული დრო.


მუხლი 10. მთავრობის სხდომის ოქმი
1. მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას დგება სხდომის ოქმი. შესაბამისი ტექნიკური პირობების არსებობის შემთხვევაში, მთავრობის მიმდინარეობის სრული პროცესი შეიძლება აისახოს აუდიო ოქმში.

2. ოქმში აისახება:

ა) კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა;

დ) სხდომის უფლებამოსილება შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;

ე) განხილვის საგანი;

ვ) განსახილველი საკითხის მიმართ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და განსხვავებული მოსაზრებები;

ზ) დავალებების გაცემის შემთხვევაში მათი შინაარსი და ვადა;

თ) კენჭისყრის შედეგები;

ი) მიღებული გადაწყვეტილება;

3. მთავრობის სხდომის ოქმს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს ადმინისტრაცია.

4. ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (სხდომის მდივანი).

5. ადმინისტრაცია, მთავრობის სხდომაზე მიღებულ ოქმსა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აფორმებს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში.


მუხლი 11. მთავრობის სხდომის თავმჯდომარე
მთავრობის სხდომის თავმჯდომარე:

ა) ხსნის და დამთავრებულად აცხადებს სხდომას;

ბ) უზრუნველყოფს რეგლამენტის დაცვას;

გ) განსაზღვრავს კამათის მონაწილეთა რიგითობას და სიტყვას აძლევს მათ;

დ) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;

ე) ხელს აწერს სხდომის ოქმს;

ვ) რეგლამენტის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვას ჩამოართმევს გამომსვლელს, სხდომაზე დამსწრეს ატოვებინებს სხდომათა დარბაზს;

ზ) რეგლამენტის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყვეტს სხდომის მიმდინარეობას და აცხადებს შესვენებას;

თ) ახორციელებს სხდომის გამართვისათვის აუცილებელ სხვა უფლებამოსილებებს.


მუხლი 12. მთავრობის სხდომაზე განსახილველი საკითხები
1. სხდომაზე საკითხების განხილვა საჯაროა, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.

1​1. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ საკითხებს მთავრობა განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და საკრებულოში წარსადგენი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები მთავრობის სხდომაზე განიხილება, თუ ისინი შეტანილია სხდომის დღის წესრიგში. მიმართვები და განცხადებები განიხილება დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხებში, სხდომის ბოლოს.

3. მთავრობის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მომდევნო საკითხზე გადასვლა ან დაბრუნება იმ საკითხზე, რომელზეც არ მიღებულა გადაწყვეტილება, ხდება სხდომის თავმჯდომარის წინადადებით, ღია კენჭისყრით ან კენჭისრყის გარეშე, თუ სხდომის არც ერთი წევრი არ გამოთქვამს განსხვავებულ აზრს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის დადგენილება №12-30 - ვებგვერდი, 12.02.2018 წ.


მუხლი 13. მთავრობის წევრის უფლებები სხდომაზე
მთავრობის სხდომის მსვლელობისას მთავრობის წევრს უფლება აქვს:

ა) წამოაყენოს წინადადებები და შენიშვნები დღის წესრიგთან და მუშაობის წესთან დაკავშირებით;

ბ) მიიღოს მომხსენებლისაგან დამატებითი განმარტებები განსახილველ საკითხებზე;

 

გ) მიიღოს მონაწილეობა კამათში, ნებისმიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვას აზრი;

დ) საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგინოს წინადადება საკითხის დამატებით შესწავლის თაობაზე;

ე)  მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში;

ვ) ზეპირი ან წერილობითი ფორმით დააფიქსიროს განსხვავებული აზრი.


მუხლი 14. მოხსენება მთავრობის სხდომაზე
1. მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხს მოხსენების სახით წარადგენს თბილისის მერი ან  მთავრობის სხვა  წევრი, ხოლო თბილისის მერიის იმ სტრუქტურული ერთეულის ინიცირებულ საკითხს, რომლის ხელმძღვანელი არ არის მთავრობის წევრი, წარადგენს ამავე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.

2. მოხსენება უნდა შეიცავდეს:

ა) საკითხის განხილვის აუცილებლობის მოკლე დასაბუთებას;

ბ) ინფორმაციას საკითხის მომზადების (რომელი აქტის საფუძველზე, ვისი ინიციატივით და ვის მიერ მომზადდა, ვისთან შეთანხმდა ან ვერ შეთანხმდა და სხვა) შესახებ;

გ) განმარტებას საკითხის არსის თაობაზე;

დ) განსახილველ საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს.

3. მთავრობის სხდომაზე სსიპ-ის მიერ ინიცირებულ საკითხს, მოხსენების სახით, წარადგენს ამავე სსიპ-ის წარმომადგენელი.

4. საჭიროების შემთხვევაში საკითხის წარდგენაში შეიძლება მონაწილეობდეს მთავრობის სხვა წევრი - თანამომხსენებელი.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №7-11 - ვებგვერდი, 26.12.2017 წ.


მუხლი 15. კამათი მთავრობის სხდომაზე
1. მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებულ კამათში შეიძლება მონაწილეობდეს მთავრობის წევრი ან/და შესაბამისი საკითხის განხილვასთან დაკავშირებით მოწვეული პირი.

2. კამათში მონაწილე უნდა შეეხოს საკითხის არსს ან/და გამოხატოს თავისი არგუმენტირებული დამოკიდებულება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მიმართ. 


მუხლი 16. მთავრობის სხდომაზე მოწვეული პირის უფლებები
1. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე მოწვეულ პირს უფლება აქვს:

ა) სხდომის თავმჯდომარის თანხმობით მონაწილეობა მიიღოს საკითხის განხილვაში;

ბ) წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია და წინადადება განსახილველ საკითხზე.

2. მთავრობის სხდომაზე მოწვეული პირი კენჭისყრაში არ მონაწილეობს.


მუხლი 17. წესრიგის დაცვა მთავრობის სხდომაზე
1. თუ გამომსვლელი სიტყვით გამოსვლისას მისთვის განკუთვნილ დროს გადააცილებს, სხდომის თავმჯდომარე ჯერ აფრთხილებს, ხოლო შემდეგ ჩამოართმევს სიტყვას. თუ გამომსვლელი გასცდა განსახილველ საკითხს, სხდომის თავმჯდომარე აფრთხილებს მას ამის შესახებ. თუ გამომსვლელი იყენებს  შეურაცხმყოფელ სიტყვებს, სხდომის თავმჯდომარე მოუწოდებს წესრიგისაკენ. თუ გამომსვლელი ორჯერ გააფრთხილეს დაბრუნებოდა განსახილველ საკითხს, ან ორჯერ მოუწოდეს წესრიგისაკენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია, ჩამოართვას მას სიტყვა და, ამავე დროს, არ მისცეს მას უფლება ამ საკითხზე მეორედ გამოვიდეს. სხდომის თავმჯდომარის გაფრთხილება და წესრიგისაკენ მოწოდება არ შეიძლება გახდეს განსჯის საგანი.

2. თუ სხდომის დროს დაიწყო უწესრიგობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მთავრობის მუშაობას და სხდომის თავმჯდომარემ მისი აღკვეთა ვერ შესძლო, მაშინ იგი აცხადებს შესვენებას და სხდომა ნახევარი საათით შეწყვეტილად ითვლება. თუ სხდომის განახლების შემდეგაც გრძელდება უწესრიგობა, თავმჯდომარე სხდომას გადადებს მეორე დღისათვის.

3. სხდომაზე წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარის უფლებამოსილებები ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც არ არიან მთავრობის წევრები. მოწვეული პირები, თუ ისინი ხელს უშლიან სხდომის ნორმალურ მსვლელობას, სხდომის თავმჯდომარის მითითებით გაყვანილნი იქნებიან დარბაზიდან.

4. სხდომის თავმჯდომარის მიერ წესრიგის დაცვისადმი მიღებულ გადაწყვეტილებებზე მსჯელობა ან კენჭისყრა არ იმართება და იგი უნდა შესრულდეს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. 


მუხლი 18. კენჭისყრა მთავრობის სხდომაზე
1. მთავრობის სხდომაზე კენჭისყრა წარმოებს:

ა) სხდომის თავმჯდომარის წინადადებით, საკითხის განხილვის პროცედურასთან დაკავშირებით;

ბ) განსახილველი საკითხის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით.

2. მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტილებები, როგორც წესი, მიიღება ღია კენჭისყრით (ხელის აწევით). სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება სახელობითი კენჭისყრით.

3. მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე მთავრობის წევრთა ნახევარზე მეტი, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.

 

თავი IV

მთავრობის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების, გაფორმებისა და გამოცემის წესი


მუხლი 19. მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების წარდგენა
1. მთავრობის სხდომაზე განსახილველად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ადმინისტრაციაში წარდგენის, მათ შორის, ელექტრონულ პროგრამაში ატვირთვის  უფლება აქვთ:

ა) თბილისის მერს;

ბ) მთავრობის წევრს;

გ) თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელიც არ არის მთავრობის წევრი;

დ) თბილისის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელს.

2. პროექტს თან უნდა ახლდეს ამ რეგლამენტის მე-4 მუხლის 1​1 პუნქტით განსაზღვრული განმარტებითი ბარათი და დანართი (არსებობის შემთხვევაში).

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის დადგენილება №12-30 - ვებგვერდი, 12.02.2018 წ.


მუხლი 20. მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება
1. მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების უფლება აქვს თბილისის მერს, მერის პირველ მოადგილეს (ვიცე-მერს), მერის მოადგილეს, თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულს/ ტერიტორიულ ორგანოს და თბილისის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს.

2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები მთავრობას წარედგინება მთავრობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.

3. მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი სავალდებულოდ უნდა იყოს შეთანხმებული მერიის იურიდიულ და საფინანსო საქალაქო სამსახურებთან, აგრეთვე პროექტის წარმდგენის კურატორ მერის მოადგილესთან. საჭიროების შემთხვევაში, პროექტის წარმდგენის მიერ შესაძლებელია დამატებით განისაზღვროს ის პირი/პირები, რომელთა თანხმობაც ასევე სავალდებულოა.

4. მერის ან მთავრობის წევრის მიერ მთავრობის სხდომაზე პროექტის მიმართ შენიშვნებისა და წინადადებების გამოთქმის შემთხვევაში, პროექტი, მერის მიერ მითითებულ (დადგენილ) ვადაში შესაძლოა დაუბრუნდეს საკითხის ინიციატორს, დამატებით დასამუშავებლად და დასაზუსტებლად.

5. შესაბამისი პირობების არსებობისას მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შეთანხმება/ვიზირება შეიძლება მოხდეს ელექტრონული სისტემის/პროგრამის საშუალებით.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული პირები ვალდებულნი არიან 10 (ათი) კალენდარულ დღეში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მიმართ დააფიქსირონ პოზიცია („მომხრე“ ან „წინააღმდეგი“), ელექტრონული პროგრამის საშუალებით.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის დადგენილება №12-30 - ვებგვერდი, 12.02.2018 წ.


მუხლი 21. პასუხისმგებლობა მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებისათვის
მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შინაარსზე პასუხისმგებელია პროექტის ინიციატორი, ასევე საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან ტერიტორიული ორგანო, ხოლო პროექტის რედაქციულ და სტილისტურ უზრუნველყოფაზე  - ადმინისტრაცია.

მუხლი 22. მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღება
1. მთავრობის მიერ, მათ შორის, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მიღებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ხელს აწერს მერი.

2. ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების თარიღად ითვლება მერის მიერ, აქტის ხელმოწერის დღე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის დადგენილება №12-30 - ვებგვერდი, 12.02.2018 წ.


მუხლი 23. ამოღებულია
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის დადგენილება №12-30 - ვებგვერდი, 12.02.2018 წ.

მუხლი 24. მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულების კონტროლი
მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული მთავრობის წევრი ან თბილისის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაცია.

თავი IV​1

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის დადგენილება №12-30 - ვებგვერდი, 12.02.2018 წ.

მთავრობის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების პროექტების ელექტრონული მთავრობის პროგრამით მომზადების, გაფორმებისა და გამოცემის წესი

მუხლი 24​1. მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით

1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ელექტრონული პროგრამის მეშვეობით მომზადება, გაფორმება და გამოცემა ხდება ამ რეგლამენტის შესაბამისად.

2. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების თანხმობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით  გადადის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, ელექტრონული პროგრამით, მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

3. ელექტრონული პროგრამის მეშვეობით წარმოდგენილი მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის, ელექტრონული პროგრამით, მიღების საკითხს წყვეტს მერი ან მერის მიერ უფლებამოსილი პირი.

4. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებზე/წინადადებებზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, პროექტი შეიძლება განხილულ იქნეს შენიშვნებით და მათი გაუთვალისწინებლობის შესაბამისი არგუმენტაციით.

5. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ელექტრონული პროგრამით შეთანხმებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს მთავრობის წევრების სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. მთავრობის წევრების ხმის მიცემის დაფიქსირება ხდება ელექტრონული ფორმით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია მერის ხმა. ელექტრონულ კენჭისყრაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ხმის მიცემის ვადად განისაზღვრება 48 საათი. ამ ვადის გასვლის შემდეგ, საჭირო ხმების დაუგროვებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი უბრუნდება წარმდგენს.

6. ელექტრონული კენჭისყრის შემდეგ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შეთანხმების შემთხვევაში იგი 3 დღის ვადაში ხელმოსაწერად ელექტრონულად ან მატერიალური ფორმით ეგზავნება მერს.

7. ამ მუხლით განსაზღვრული წესით, მიღებული მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესახებ სათანადო ჩანაწერი კეთდება მთავრობის უახლოესი სხდომის ოქმში.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის დადგენილება №12-30 - ვებგვერდი, 12.02.2018 წ.

თავი V

მთავრობის საკონსულტაციო ორგანოები


მუხლი 25. მთავრობის საკონსულტაციო ორგანოები
1. მთავრობის საკონსულტაციო ორგანოები იქმნება მთავრობის უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად.

2. მთავრობის საკონსულტაციო ორგანოებია:

ა) კომისია;

ბ) საბჭო.

3. მთავრობის საკონსულტაციო ორგანოები იქმნება მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით.


მუხლი 26. მთავრობის საკონსულტაციო ორგანო - კომისია
1. კომისიის შემადგენლობას და თავმჯდომარეს განსაზღვრავს მთავრობა. კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც მთავრობის წევრები, მერიის მოხელეები, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, ასევე მოწვეული პირები.

2. კომისიის მუშაობის წესს და ვადებს განსაზღვრავს მთავრობა.

3. კომისიის სხდომების ჩატარებას და მუშაობას ორგანიზებას უწევს ადმინისტრაცია.


მუხლი 27. მთავრობის საკონსულტაციო ორგანო - საბჭო
1. საბჭოს შემადგენლობას და თავმჯდომარეს განსაზღვრავს მთავრობა. საბჭოს შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები და ექსპერტ-კონსულტანტები, ასევე შეიძლება შედიოდნენ დაინტერესებული პირები. საბჭოს წევრად პირის არჩევა ხდება ამ პირის წინასწარი თანხმობით.

2. საბჭოს მუშაობის წესს და ვადებს განსაზღვრავს მთავრობა.

3. საბჭოს სხდომების ჩატარებას მუშაობას ორგანიზებას უწევს ადმინისტრაცია.

 

თავი VI

                                               მთავრობის საქმიანობის საჯაროობა


მუხლი 28. მთავრობის საქმიანობის საჯაროობა
1. მთავრობის სხდომების საჯაროობას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია.

2. მთავრობის სხდომის დღის წესრიგის საჯაროობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ რეგლამენტის შესაბამისად. დღის წესრიგი ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ქვეყნდება ქალაქ თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge.

3. მთავრობის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჯაროა და ქვეყნდება თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbilisi.gov.ge.

4. მთავრობის სხდომის ოქმები საჯაროა და ხელმისაწვდომია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თავი VII

დასკვნითი დებულებანი


მუხლი 29. დასკვნითი დებულებანი
1. მთავრობის საქმიანობის ყველა სხვა საკითხი, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ რეგლამენტით, რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით.

2. ამ რეგლამენტში მოცემული ვადები ათვლა და გამოანგარიშება ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. თუ ამ რეგლამენტში ვადების ბოლო დღე ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეებს, ვადის გასვლის დღედ ითვლება შემდეგი (მომდევნო) სამუშაო დღე.

3. ცვლილებები და დამატებები ამ რეგლამენტში შეიტანება მთავრობის წარდგინებით საკრებულოს დადგენილებით.



კრებსითი — სრული ვერსია