სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი
2014-12-15
გამოქვეყნების თარიღი
2018-12-14
სარეგისტრაციო კოდი
300030000.57.069.016052
სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე
(ძალადაკარგულია - 14.12.18 №14)

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №12

2014 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

 

სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 7 მარტის №8 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 15 დეკემბრიდან.



სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე



სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) 202 მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში – კონსოლიდირებული ტენდერი) ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, წესსა და პირობებს, ასევე კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2.  ეს წესი ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების (შემდგომში – სტანდარტული კომპიუტერი) სახელმწიფო შესყიდვაზე.

3. იმ შემსყიდველ ორგანიზაციას, რომელზეც სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, სტანდარტული კომპიუტერის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) დადების მიზნით შეუძლია მიმართოს კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს. ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მათზე სრულად გავრცელდება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი მოთხოვნები.

4. იმ შემსყიდველი ორგანიზაციების წრე, რომელთათვისაც სავალდებულოა კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით. ამ შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სტანდარტული კომპიუტერის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება მხოლოდ კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტისაგან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა და უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ატაშეს, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ სტანდარტული კომპიუტერის შესყიდვისა.

5. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა და ამ მიზნებისათვის ქმნის სატენდერო კომისიას.

6. სატენდერო კომისიის მიერ სხდომაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელიც შესაძლებელია შეთანხმდეს, როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. კომისიის წევრთა ხელმოწერა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ოქმი თანხმდება ელექტრონული ფორმით.

7. სატენდერო კომისიასთან მიმოწერა კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაძლებელია განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. აღნიშნული კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს.

8. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, თუ კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 09.12..2015 წ.

მუხლი 2. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარება

1.  კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსებასა და კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებას უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის საჭირო ორგანიზაციული პროცედურების განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო.

3. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის კრიტერიუმები, სატენდერო წინადადების წარდგენის ვადა, აგრეთვე კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისათვის აუცილებელი სხვა მოთხოვნები და საკითხები განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.

4. კონსოლიდირებული ტენდერი ტარდება სისტემის მეშვეობით და ელექტრონული ვაჭრობა იმართება სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი სტანდარტული კომპიუტერის ერთეულის ფასზე.

5. კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესყიდვის პროცედურების საჯაროობა და გამჭვირვალობა, შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული, არადისკრიმინაციული და თანასწორი მოპყრობა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 15 ივნისის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 16.06..2017 წ.

მუხლი 3. სატენდერო წინადადების წარდგენა

1. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც გადახდილი აქვს კანონის 191 მუხლით დადგენილი სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური (შემდგომში – საფასური).

2. სატენდერო წინადადების წარდგენით მიმწოდებელი ავტომატურად ეთანხმება ამ წესითა და სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს.

3. სატენდერო წინადადების მოქმედების ვადა განისაზღვრება სატენდერო დოკუმენტაციით.

მუხლი 4. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა

1. კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადება ფასდება და გამარჯვებული პრეტენდენტი ვლინდება სატენდერო კომისიის მიერ, ამ წესის, სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი კრიტერიუმებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კონსოლიდირებული ტენდერის თავისებურებათა გათვალისწინებით.

2. სატენდერო წინადადების შეფასებისას და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისას დაცული უნდა იყოს ამ წესის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პრინციპები.

3. სატენდერო წინადადების განხილვასა და გამარჯვებული  პრეტენდენტის გამოვლენაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები.

4. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ ფასს და, ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე ორი ან მეტი პრეტენდენტის მიერ თანაბარი უმცირესი ფასის დაფიქსირების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა აღნიშნული ფასი.

5. კონსოლიდირებულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადების ან/და სხვა დოკუმენტაციის სატენდერო განცხადებასთან ან/და სატენდერო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით მიზანშეწონილი არ არის აღნიშნულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, უარი თქვას აღნიშნულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმებაზე.

7. კონსოლიდირებული ტენდერიდან გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, თუ მომდევნო ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე მიმწოდებლის წინადადების ფასი  მნიშვნელოვნად აღემატება დისკვალიფიცირებული მიმწოდებლის წინადადების ფასს, ასევე სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, სატენდერო კომისიას უფლება აქვს შეწყვიტოს კონსოლიდირებული ტენდერი.

მუხლი 5. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების დადება

1. ხელშეკრულება უნდა დაიდოს კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პრეტენდენტთან, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევისა.

2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სტანდარტული კომპიუტერის მიწოდების ვადა სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას შესაძლებელია აღემატებოდეს არაუმეტეს ათი სამუშაო დღით.

3. გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, ხელშეკრულება დადოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება და რომელიც მიმართავს მას ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით.

4. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით. თავის მხრივ, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვიდან არაუგვიანეს თხუთმეტი სამუშაო დღის ვადაში, გააფორმოს მასთან ხელშეკრულება ან არგუმენტირებული წერილობითი უარი განაცხადოს ხელშეკრულების გაფორმებაზე.

5. ობიექტური გარემოებების არსებობისას, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, სხვა მიმწოდებლისაგან სტანდარტული კომპიუტერის შესყიდვაზე თანხმობის მიღების მიზნით, მიმართავს სატენდერო კომისიას შესაბამისი დასაბუთებით. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, სტანდარტული კომპიუტერის სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია არ გამოიყენება. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტი კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობით კისრულობს ვალდებულებას, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის სახით გადაიხადოს კონსოლიდირებულად შესასყიდი სტანდარტული კომპიუტერის ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს სტანდარტული კომპიუტერის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ ერთ ან რამდენიმე შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება. ჯარიმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისია შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ვადით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, მიიღოს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში, სატენდერო კომისია მსჯელობს ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების ან შესყიდვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე და მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 09.12..2015 წ.

მუხლი 6. ანგარიშსწორების პირობები

1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ფორმით, ეროვნულ  ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სტანდარტული კომპიუტერის მიწოდებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების აქტს ან უარი თქვას მის ხელმოწერაზე. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში. მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, აღნიშნული დასაბუთებულ უნდა იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ.

2. სტანდარტული კომპიუტერის მიწოდების გეოგრაფიულ არეალთან, ტრანსპორტირების ხარჯებსა და ტექნიკურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით.

3. სატენდერო კომისია, ბაზრის კონიუნქტურის გათვალისწინებით, სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილი პერიოდულობით, უფლებამოსილია, გადახედოს მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული სტანდარტული კომპიუტერის ფასს და ბაზარზე შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, შესთავაზოს მიმწოდებელს ერთეულის ფასის ცვლილება. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ დაეთანხმება სატენდერო კომისიის მიერ შემოთავაზებულ ახალ გონივრულ ფასს, აღნიშნული გამოიწვევს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტას მიმწოდებლის მიმართ რაიმე სანქციის გამოყენების გარეშე.

მუხლი 7. ხელშეკრულების შეუსრულებლობა

1. მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობით და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი  შესრულების შემთხვევაში, შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.

2. სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მითითების გაცემის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც მიმწოდებელს დაეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ საჯარიმო თანხის გადახდა, კონკრეტული ხელშეკრულებით შესასყიდი (დარჩენილი) სტანდარტული კომპიუტერის ღირებულების 5%-ის ოდენობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სატენდერო კომისიას უფლება აქვს, მიიღოს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში, სატენდერო კომისია მსჯელობს ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების ან შესყიდვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე და მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 9 დეკემბრის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 09.12..2015 წ.


კრებსითი — სრული ვერსია