„სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის N166 ბრძანებით ( www.matsne.gov.ge, 28/02/2014, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016288) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ჯანმრთელობის დაცვის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების) სპეციალური სამსახურები, სამაშველო-ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები, საინკასაციო სამსახურები, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიების დაცვის განყოფილება, სამშენებლო-სარემონტო ან დასასუფთავებელი სამუშაოების განმახორციელებელი სამსახურები.“.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – ეროვნულ სატყეო სააგენტოზე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილებაზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაიცემა მხოლოდ ლურჯი ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება-გამოყენების თანხმობა.“.
|