|
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულება. |
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N8 ბრძანება. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 3 ნოემბრიდან. |
|
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
| მუხლი 1 |
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. |
2.
დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. |
| მუხლი 2 |
დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
|
თავი II
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები |
| მუხლი 4 |
1.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: |
ა)
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; |
ბ)
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო რეგულირება და კონტროლის განხორციელება; |
გ)
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულების უზრუნველყოფაში მონაწილეობა; |
დ)
რადიაციული უსაფრთხოების რეგულირების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; |
ე)
კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული გაუვრცელებლობის გარანტიებზე საქართველოს პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა; |
ვ)
კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ინტერესების წარმოდგენა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში, ანალოგიური პროფილის სხვა საერთაშორისო ინსტიტუციებსა და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებში; |
ზ)
კომპეტენციის ფარგლებში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის ინსტიტუციის ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო, რეგიონული და ეროვნული პროექტების განხორციელების კოორდინაცია და ხელშეწყობა; |
თ)
ბირთვული და რადიაციული უასფრთხოების სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების კონტროლის განხორციელება; |
ი)
რადიოაქტიური მასალების, მაიონებელი გამოსხივების გენერატორების, რადიოაქტიური ნარჩენების, მათი მფლობელი ორგანიზაციების, ავტორიზაციის და პროფესიული დოზების უწყებრივი რეესტრის შექმნა და მისი წარმოება; |
კ)
ბირთვული და რადიაციული საქმიანობების ავტორიზაცია, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიებისა ან/და ნებართვების გაცემის (გაცემაზე უარის თქმის შესახებ ) შესახებ შესაბამისი დასკვნების მომზადება; |
ლ)
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების ან/და ამ საქმიანობის რეგულირებიდან ამოღების თაობაზე დასკვნების მომზადება; |
მ)
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოებაზე კონტროლის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებით და ინსპექტირების წესით; |
ნ)
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა; |
ო)
მაღალი რადიაციული რისკის მქონე ობიექტის პროექტის ექსპერტიზაში მონაწილეობის მიღება; |
პ)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ბირთვული და რადიაციული ავარიებისთვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმისა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; |
ჟ)
კომპეტენციის ფარგლებში რადიაციული ავარიების პრევენციის, შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით ავარიული მდგომარეობის შეფასება, ღონისძიებების დასახვა და კონტროლი მათ განხორციელებაზე; |
რ)
ფართომასშტაბიანი რადიაციული ავარიების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიისთვის ან/და კრიზისების მართვის საუწყებათაშორისო ოპერატიული ცენტრისთვის წარსადგენი შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; |
ს)
ბირთვული და რადიაციული ავარიის, ინციდენტის, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირება; |
ტ)
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გარემოს რადიაციული მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების ანალიზი; |
უ)
რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვაზე კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; |
ფ)
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება/ჩატარებაში მონაწილეობა; |
ქ)
ბირთვული და რადიაციული თვალსაზრისით სახიფათო ან პოტენციურად სახიფათო მდგომარეობის აღმოჩენის შემთხვევაში მის აღმოსაფხვრელად ადეკვატური ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა (რეაგირება); |
ღ)
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში ჩართული სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობების კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში; |
ყ)
ლიცენზიანტის გაკოტრების შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, შესაბამისი კომპეტენტური ორგანიზაციის განსაზღვრა დეზაქტივაციის სამუშაოთა ჩატარებისათვის ობიექტის ექსპლუატაციიდან გამოყვანის მიზნით (დეკომისიისათვის), კომპეტენციის ფარგლებში; |
შ)
ბირთვული და რადიაციული ობიექტების არალიცენზირებული საქმიანობის გამოვლენა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება; |
ჩ)
ქვეყანაში არსებული რადიაციული მდგომარეობის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენი ყოველწლიური ანგარიშის მომზადება; |
ც)
საზოგადოებისათვის წარსადგენი ინფორმაციის მომზადება რადიაციული მდგომარეობის იმ ასპექტების შესახებ, რომლებიც არ არის სახელმწიფო ან/და კომერციული საიდუმლოება; |
ძ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ არსებული კითხვარის შესაბამისად ინფორმაციის მიწოდება; |
წ)
სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ შეტყობინება; |
ჭ)
კომპეტენციის ფარგლებში, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისათვის ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების შესახებ ინფორმაციის, ასევე, შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული ანგარიშების ასლების პერიოდულად მიწოდება; |
ხ)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
|
2.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: |
ა)
უზრუნველყოს ბირთვული მასალების, შესაბამისი მოწყობილობებისა და ტექნიკის უსაფრთხო გამოყენება მათი გაუვრცელებლობის რეჟიმის დაცვით; |
ბ)
დაადგინოს ძირითადი მოთხოვნები ბირთვულ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან უსაფრთხო მოპყრობისადმი; |
გ)
კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ბირთვულ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებული ყველა უკანონო საქმიანობის გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად; |
დ)
უზრუნველყოს რადიოაქტიურ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებული ყველა სახის საქმიანობის უსაფრთხოებაზე კონტროლის განხორციელება; |
ე)
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების შესრულება. |
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და მოსამსახურეები |
| მუხლი 5 |
1.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
|
| მუხლი 6 |
1.
დეპარტამენტის უფროსი: |
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; |
ბ)
წარმოადგენს დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; |
გ)
ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; |
დ)
აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; |
ე)
ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას; |
ვ)
ხელს აწერს სალიცენზიო/სანებართვო მოწმობებს; |
ზ)
წელიწადში ერთხელ მინისტრს და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; |
თ)
ორგანიზებას უწევს დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; |
ი)
სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; |
კ)
შუამდგომლობს დეპარტამენტისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; |
ლ)
პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების უფროსების და დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; |
მ)
შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; |
ნ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. |
2.
დეპარტამენტის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. |
| მუხლი 7 |
1.
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: |
ა)
კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; |
ბ)
აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; |
გ)
კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; |
დ)
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
|
| მუხლი 8 |
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: |
ა)
ლიცენზირებისა და რეესტრის სამმართველო; |
ბ)
ინსპექტირებისა და რეაგირების სამმართველო. |
| მუხლი 9 |
ლიცენზირებისა და რეესტრის სამმართველოს ფუნქციებია: |
ა)
კომპეტენციის ფარგლებში, რადიაციული უსაფრთხოების რეგულირების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; |
ბ)
ბირთვული და რადიოაქტიური მასალების, მაიონებელი გამოსხივების წყაროების, რადიოაქტიური ნარჩენების, მათი მფლობელი ორგანიზაციებისა და პროფესიული დოზების, დეპარტამენტის თანამშრომლების პერსონალური დოზების უწყებრივი რეესტრის, ავტორიზაციის და ინსპექტირების სახელმწიფო რეესტრის წარმოება; |
გ)
ბირთვული და რადიაციული საქმიანობების ლიცენზირების და ამ სფეროში ნებართვების გაცემის პროცედურებთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება; |
დ)
ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მასში ცვლილებების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ მონაცემთა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნება; |
ე)
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებით დასკვნის მომზადება; |
ვ)
კომპეტენციის ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელება; |
ზ)
კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
|
| მუხლი 10 |
1.
ინსპექტირებისა და რეაგირების სამმართველოს ფუნქციებია: |
ა)
კომპეტენციის ფარგლებში, რადიაციული უსაფრთხოების რეგულირების სფეროში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; |
ბ)
ბირთვული და რადიაციული ობიექტების, გარემოს მდგომარეობის, მაიონებელი გამოსხივების წყაროების, ბირთვული მასალების და რადიოაქტიური ნარჩენების მოპყრობასთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლი, ამ მიზნით ინსპექტირების განხორციელება; |
გ)
ბირთვული და რადიაციული ობიექტების არალიცენზირებული საქმიანობის ან/და ლიცენზიის პირობების, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება; |
დ)
რადიოაქტიური ნარჩენების უსაფრთხო მართვაზე, მათ დროებით ან საბოლოო განთავსებაზე კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; |
ე)
დაგეგმილი და არსებული დასხივების, მათ შორის რადიოაქტიური ნარჩენებით განპირობებული დასხივების სიტუაციებში ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე ზემოქმედების რისკის შეფასება; |
ვ)
უსაფრთხოების შეფასების მიზნით დამოუკიდებელი კვლევების და ხარისხის კონტროლის განხორციელება; |
ზ)
კომპეტენციის ფარგლებში რადიაციული ავარიების პრევენციის, შედეგების შერბილებისა და ლიკვიდაციის მიზნით ავარიული მდგომარეობის შეფასება, ღონისძიებების დასახვა და კონტროლი; |
თ)
ბირთვული და რადიაციული ობიექტების გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოებისა და ფიზიკური უსაფრთხოების (დაცულობის) მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განსახორციელებლად; |
ი)
ბირთვულ და რადიაციულ ავარიებზე საობიექტო, ადგილობრივი და ეროვნული მზადყოფნისა და რეაგირების გეგმებისა და ინსტრუქციების პერიოდულ შემოწმებაზე ზედამხედველობა; |
კ)
ნებისმიერი რადიაციული ინციდენტისა და ავარიის კვლევის შედეგების ანალიზი მისი განმეორების თავიდან აცილების მიზნით; |
ლ)
ავარიული მზადყოფნის ფორმატში საქმიანობის ობიექტებიდან მიღებული რადიაციული მონიტორინგის და გარემოს მონიტორინგის მონაცემების დამუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; |
მ)
რადიაციული ავარიის კერის რადიოლოგიური შეფასება, კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებაში მონაწილე უწყებების მოქმედებების კოორდინაცია და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; |
ნ)
დაზარალებულების დეკონტამინაციის და რადიაციული მონიტორინგის ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლი; |
ო)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივად ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის ფაქტებზე რეაგირება და კრიმინალური სცენის რადიაციული მონიტორინგი, ნივთმტკიცების პირველადი რადიოლოგიური შემოწმება; |
პ)
სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირება, პირველად რეაგირებაში მონაწილე უწყებების მოქმედებების კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში; |
ჟ)
შემოსულ ინფორმაციაზე (შეტყობინებებზე) რეაგირება; |
რ)
არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებულ ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებებზე და მასალებზე მარეგულირებელი კონტროლის განხორციელება დადგენილი წესით; |
ს)
კომპეტენციის ფარგლებში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელება; |
ტ)
კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
2.
ბირთვული და რადიაციული ავარიის, ინციდენტის, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების არალეგალური მიმოქცევის, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე, საბაჟო და სატრანსპორტო ტერმინალებზე რადიაციული განგაშის შემთხვევებზე რეაგირებას, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, ახორციელებენ ინსპექტირებისა და რეაგირების სამმართველოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე წარმომადგენლები. |
| მუხლი 11 |
1.
დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. |
2.
სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
3.
სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში: |
ა)
ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; |
ბ)
განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; |
გ)
ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; |
დ)
აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; |
ე)
ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებებს; |
ვ)
ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. |
4.
სამმართველოს უფროსი სამმართველოს და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. |
თავი IV
დასკვნითი დებულებები |
| მუხლი 12 |
1.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. |
2.
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, სამინისტროს შინაგანაწესითა და საქართველოს კანონმდებლობით. |
| მუხლი 13 |
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|