ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-25
გამოქვეყნების თარიღი
2021-12-10
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.167.016128
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2014 წლის 25 ივლისი

ქ. ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულების დამტკიცების  შესახებ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 მარტის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 11.03.2020 წ.


საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ’’ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და  ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის  25-ე მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულება დანართის შასაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010  წლის 14 სექტემბრის  №21 დადგენილება ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’ .
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე



დანართი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სოციალურ, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დებულება

 

ეს დებულება, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის უფლებამოსილებას, სტრუქტურასა და თანამდებობის პირთა უფლება–მოვალეობებს.

 

მუხლი 1. კომისიის სტატუსი

1. სოციალურ, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია (შემდგომ ,,კომისია") წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.

2. კომისია იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28–ე მუხლის,  საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით დადგენილი წესით.

21. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არც ერთ ფრაქციაში. კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია ან შესაბამისი კომპეტენციის კომისია მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და მათ ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

22. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს. იურიდიულ საკითხთა კომისია ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისია (მუნიციპალიტეტის საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე.

3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის  და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამის მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით.

4. კომისიის საქმიანობის წესი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს რეგლამენტით

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №41  - ვებგვერდი, 06.12.2017 წ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 13.12.2021 წ.
 

მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილება

1. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს:

ა) სოციალური, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;

ბ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის ფორმით შექმნისა და მათი ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;

დ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემოლოგიურ მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;

ე) მოსახლეობის შრომითი მოწყობისა და დასაქმების ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების შესახებ;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან მოსახლეობის დამატებითი სოციალური მომსახურების სახეების დაფინანსების შესახებ;

ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების პირობების გაუმჯობესების შესახებ;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უსახლკარო პირების თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ.

ი) ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარების შესახებ;

კ) ახალგაზრდულ და ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლისა და ხელშეწყობის, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესახებ;

ლ) ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის, ნარკომანიის, ლოთობის, ძალადობის, პროსტიტუციისა და სხვა სამართალდარღვევათა წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების შემუშავების, შესაბამისი პროგრამების და წინადადებების მომზადებისა და განხორციელების შესახებ.

მ) ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფებისათვის მასობრივი ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების,  თამაშების ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენის შესახებ.

2. კომისია ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარმოადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №41  - ვებგვერდი, 06.12.2017 წ.

 

მუხლი 3. კომისიის თავმჯდომარე

1. კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას.

2. კომისიის თავმჯდომარე:

ა) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომას;

ბ) ადგენს, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის დებულებას;

გ) არის კომისიის წარმომადგენელი, გამოდის კომისიის სახელით საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ;

დ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის;

ე) ამ დებულების შესაბამისად ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს;

ვ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს; უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;

ზ) აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;

თ) კომისიის სხდომაში მონაწილეობისათვის იწვევს ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და სპეციალისტებს;

ი) საკრებულოს ბიუროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტ–სპეციალისტებს და წარუდგენს მათ კანდიდატურებს საკრებულოს თავმჯდომარეს შრომითი ხელშეკრულების გასაფორმებლად;

კ) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;

ლ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;

მ) საკრებულოს წარუდგენს წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ნ) ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, დასკვნებს, რეკომენდაციებს და კომისიის სხდომის ოქმებს;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

21. კომისიის თავმჯდომარის გადაყენება ხდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტისა  და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტი) დადგენილი წესის შესაბამისად.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის უხუცესი წევრი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 13.12.2021 წ.
 

მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

1. კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, კომისიის შემადგენლობიდან, ხმათა უმრავლესობით ირჩევს კომისია.

2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ამ დებულების შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას.

 

მუხლი 41. კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. კომისიის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან. კომისიის წევრმა კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას.

2. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება:

ა) მის მიერ კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;

ბ) მისი, როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;

გ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   301  მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 10 დეკემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 13.12.2021 წ.
 

მუხლი 5. კომისიის სამუშაო ჯგუფები

1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან იქმნება  კომისიის სამუშაო ჯგუფები.

2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის რამოდენიმე სამუშაო ჯგუფის წევრი.

3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის უფლებამოსილების ფარგლებში განიხილონ და მოამზადონ კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები.

4. კომისიაში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები:

ა) განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვის  საკითხთა სამუშაო ჯგუფი;

ბ) სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების საკითხთა სამუშაო ჯგუფი;

5. განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა  და ჯანმრთელობის დაცვის  საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე–2 მუხლის ,,ბ“,,დ”და,,კ“" პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.

6. სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე–2 მუხლის ,ა",,,ე" და ,,ზ“პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს.

 

მუხლი 6. კომისიის საკონსულტაციო საბჭო

1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას  შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან.

2. კომისიის საბჭოების პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

3. საკონსულტაციო საბჭოები კომისიის თავმჯდომარის წინადადებით წინასწარ განიხილავენ კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. განიხილავენ კომისიის გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს.

 

მუხლი 7. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა

1. კომისიის, კომისიის სამუშაო ჯგუფებისა და კომისიის საკონსულტაციო საბჭოების ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

2. კონკრეტული საკითხების დასამუშავებლად, საკრებულოს ბიუროს მიერ განსაზღვრული კვოტების ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, საკრებულოს თავმჯდომარე არაუმეტეს კომისიის უფლებამოსილების ვადით, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე კომისიაში სამუშაოდ იწვევს ექსპერტებსა და სპეციალისტებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 მარტის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 11.03.2020 წ.


კრებსითი — სრული ვერსია