ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-07-14
გამოქვეყნების თარიღი
2017-11-20
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.158.016161
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 20.11.2017, №56)

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2014 წლის 14 ივლისი

ქ. ბოლნისი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“  ქვეპუნქტის,  61-ე მუხლის მეორე  პუნქტის,  საქართველოს  კანონის  ,,ნორმატიული  აქტების შესახებ“  25-ე მუხლის პირველი  პუნქტის  ,,ბ“  ქვეპუნქტის  და  საქართველოს  სხვა  საკანონმდებლო  აქტების  შესაბამისად,  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულება  (დანართი  №1).
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულების  დამტკიცების შესახებ“  ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 მარტის  №15 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.016079).
მუხლი 3
ეს  დადგენილება  ამოქმედდეს  2014  წლის 14 ივლისიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი



დანართი № 1

 ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება


თავი I
ზოგადი დებულება

მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
ეს დებულება ,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს შესაბამისად, განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში - გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებებს და მუშაობის ორგანიზებას.

მუხლი 2. გამგეობის სამართლებლივი სტატუსი
გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას. გამგეობას ხელმძღვანელობს გამგებელი. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის დავალებების შესრულებას.

მუხლი 3. გამგეობის  საქმიანობის სამართლებლივი  საფუძვლები
1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის,  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. გამგეობის თანამდებობის პირები და სტრუქტურული ერთეულები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპის დაცვით.


მუხლი 4. გამგეობის ადმინისტრაციული წარმოების ენა
გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.

მუხლი 5. გამგეობის ადგილსამყოფელი
გამგეობის ადგილსამყოფელია ქალაქი ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. № 106

თავი II
გამგეობის თანამდებობის პირები

მუხლი 6. გამგეობის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილება
1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი არის გამგებელი. გამგებელი წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელებას საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და  მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტების  შესაბამისად.

2. გამგეობის თანამდებობის პირები არიან:

ა) გამგებელი;

ბ) გამგებლის პირველი მოადგილე;

გ) გამგებლის მოადგილე;

დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.


მუხლი 7. გამგებელი
1. გამგებელი აირჩევა 4 წლის ვადით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 49-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“-ს  დადგენილი წესით.

2.გამგებლის თანამდებობრივი სარგო, ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“-ს 53-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.

3. გამგებლის უფლებამოსილება გამგეობის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში

ა)საერთო ხელძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს გამგეობის სტრუქტურული  ერთეულების საქმიანობას;

ბ)საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს  გამგეობის დებულებას და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

გ)თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის თანამდებობის პირებს;

დ)თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან  ათავისუფლებს  გამგეობის  მოსამსახურეებს;

ე)უნაწილებს ფუნქციებს გამგეობის  მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს გამგეობის თანამდებობის პირებს  და ისმენს მათ  ანგარიშებს გაწეული  მუშაობის შესახებ;

ვ) გამგეობის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს გამგეობის თანამდებობის  პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს  54-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ა.ა“-„ა.გ“,  „ბ.ა“-„ბ.გ“, ,,დ.კ“,  ,,ე.ვ“ და ,,ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს  შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს;

ზ) იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მოსამსახურეთა  წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ)  ამტკიცებს გამგეობის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს;

4. გამგებლის უფლებამოსილება საკრებულოსთან ურთიერთობის  სფეროში

ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს;

ბ) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს და ამ დებულების თანახმად, შეიმუშავებს და საკრებულოს მისაღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტების პროექტებს;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსახილველი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს;

დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტების აღსრულებას

5. გამგებლის უფლებამოსილება საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში

ა)შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო  წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;

გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას  მხარჯავი  დაწესებულების  საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ;

დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ დადგენილების პროექტებს;

ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს  და  სხვა  საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესით;

ვ) არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი  წესით;

6.  გამგებლის უფლებამოსილება ქონების მართვისა და განკარგვის  სფეროში

ა) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს  და საკრებულოს მიერ დადგენილი  წესით იღებს გადაწყვეტილებას  მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში;

ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;  სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შესახებ; სამეწარმეო  იურიდიული  პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;

გ) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-თ გათვალისწინებულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;

დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გაცემის საკითხს;

ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი;

ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზირებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;

ზ)  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;

თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას;

ი) საკრებულოს დასამტკიცებლად  წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას და პრივატიზაციის გეგმას;

კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე;

ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი  აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ახორციელებს მონიტორინგს  ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე;

7. გამგებლის უფლებამოსილება აღმასრულებელი საქმიანობის სხვა  სფეროში

ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;

ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”  გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას;

დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;

ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს - საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს;

ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და  ჯილდოებს;

თ)უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 და მე-17  მუხლებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას, ასევე აღნიშნული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილ წესს;

ი) საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, ამ დებულებით და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

კ) გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნოს გამგებლის წარმომადგენელი;

ლ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძცელზე ადასტურებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე  დანიშნული არ არის გამგებლის წამომადგენელი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 29.09.2014 წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 სექტემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 09.09.2015 წ.


მუხლი 8. გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადება
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს 51-ე მუხლის თანახმად, გამგებელს შეიძლება გამოეცხადოს უნდობლობა.

მუხლი 9. გამგებლის პირველი მოადგილე და მოადგილეები
1. გამგებელს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომელთაც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს  57-ე  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და  თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2.გამგებლის პირველი მოადგილე და მოადგილეები ფუნქციათა გადანაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობენ გამგეობის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევევენ  და აკონტროლებენ  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და გამგებლის დავალებების შესრულებას, გამგებლის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებლივ აქტებს.

3. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს 56-ე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, გამგებლისთვის უფლებამოსილების შეჩერების/შეწყვეტის შემთხვევაში  მის მოვალეობას ასრულებს გამგებლის პირველი მოადგილე.


მუხლი 10. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი  
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-ს მე-60  მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და  თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ა)წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ)  უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლის შესახებ;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეული მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;

ზ) გამგებლის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებლივ აქტებს.


მუხლი 11. გამგებლის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში
გამგებლის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში

1. გამგებლის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგებლის წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გამგებელი.

3. გამგებლის წარმომადგენელი  ანგარიშვალდებულია  და  მასზე  სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს  გამგებელი.

4. გამგებლის წარმომადგენელი:

 ა) გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ბ) გამგებლის  დავალებით  უზრუნველყოფს  სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას;

გ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებლივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

დ) გამგებლის დავალებით ორგანიზებას უწევს დასახლებაში მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას:

ე) გამგებელს აწვდის ინფორმაციას ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინასებული პროგრამების და ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ;

ვ) მონიტორინგს უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს გამგებელს;

ზ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში;

თ) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს  ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე  პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს;

თ1) მიმართავს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს,  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე ბავშვის დაბადების, პირის დაბადების რეგისტრაციის არარსებობის, აგრეთვე პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე; (ამოქმედდეს 2016 წლის 3 ივლისიდან )

ი) ხელმოწერით ადასტურებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ყიდვა - გაყიდვის თაობაზე შედგენილ აქტს;

კ) სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად ახორციელებს ოჯახში ვიზიტს, ესწრება ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასების პროცესს და ხელს აწერს ოჯახის დამატებითი შეფასების ოქმს;

ლ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

მ) გამგებლის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 29.09.2014 წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 18 მაისის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 19.05.2015 წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016  წლის 18 ივლისის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 21.07.2016 წ.


თავი III
                                  გამგეობის სტრუქტურული ერთეულები

მუხლი 12. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები
1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ გამგებლის და  საკრებულოს გადაწყვეტილებებს და დავალებებს.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახური;

გ) არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების  სამსახური;

დ) მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური;

ე) კულტურის, სპორტის, და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური,

ვ)ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის   სამსახური;

ზ) ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური;

თ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური;

ი) (ამოღებულია - 09.01.15 №3);

კ)  შიდა აუდიტის სამსახური;

3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 24.10.2014წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 13.01.15 წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 22.02.16 წ.

 

მუხლი 13. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციებია.
1.ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სამსახურების  საქმისწარმოების უზრუნველყოფა; გამგეობის  საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;  ადამიანური რესურსების მართვა; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ორგანოებში ახალი ელექტრონული კომპიუტეტული პროგრამების დანეგვა და ადმინისტრირება; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საკითხების შესწავლა; მუნიციპალიტეტის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზება მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან,  სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება.

2.საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთება, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშების უზრუნველყოფა, ასევე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება. მუნიციპალური შესყიდვების გეგმის მომზადებას, სატენდერო კომისიის ოქმების და სხვა დოკუმენტების წარმოებას.  ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადებას და გამოქვეყნებას. საჯაროობასა და გამჭვირვალობას, შეყიდვების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას, შესყიდვების პროცედურის კანონოერების დაცვას.

3. არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების  სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვის და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელება, შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვისთვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფა, მუნიციპალური სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის  ნებართვების  თაობაზე  გადაწყვეტილების  მომზადება.

4. მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებულ მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა, თავის კომპეტენციაში შემავალი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამგეობის სახელით მოქმედება.

 5. კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა   სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:  კულტურის და  სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება, სკოლამდელი  აღზრდის დაწესებულების მართვის კოორდინაცია; მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, კულტურისა და სპორტული  დაწესებულებების მართვის კოორდინაცია; წინადადებების შემუშავება კულტურის და სპორტის დაწესებულებების შექმნის და რეორგანიზაციის საკითხებზე, წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.

6. ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვის კოორდინაცია, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით შესაბამისი დაწესებულებების მართვის კოორდინაციას; ვეტერანთა, დევნილთა, ლტოლვილთა დახმარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და დამტკიცებული პროგრამების განხორციელება; მზრუნველობა მოკლებული მოქალაქეთათვის თავშესაფრის მოწყობის ორგანიზება და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა  (სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი) უფასი კვებით უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარება;

7. ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება  და დამტკიცებული პროექტების განხორციელების კოორდინაცია, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა.

8. სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ძირითადი ფუნქცია:  სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის საკითხებში მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

9. (ამოღებულია - 09.01.15 №3);

10. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის სრულყოფის, ფინანსების მართვის გაუმჯობესების, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვა; შიდა აუდიტის ჩატარება; ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება; ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა; ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე  კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 24.10.2014წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 9 იანვრის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 13.01.2015 წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 15 თებერვლის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 22.02.2016 წ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29.სექტემბრის დადგენილება №43 - ვებგვერდი, 04.10.2017 წ.

 


თავი IV
                                             გამგეობის საჯარო მოსამსახურეები (მოხელეები)

მუხლი 14. .გამგეობის საჯარო მოსამსახურეები (მოხელეები)
1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციები განისაზღვრენა შესაბამის თანამდებობის სამუშაოთა აღწერილობებით. გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს,, საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობაზე ნიშავს და  თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებს გამგებლის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგირების სისტემის გათვალისწინებით,  დადგენილებით განსაზღვრავს საკრებულო.

2. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და  მოვალეობები  განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით,  გამგებლის მიერ დამტკიცებული სამუშაოთა აღწერილობით  და თანამდებობრივი ინსტრუქციებით.


თავი V
გამგეობის სამართლებლივი აქტები და გამგეობის საქმიანობის ორგანიზება

მუხლი 15. სამართლებლივი აქტები
1. გამგეობა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის და საკრებულოს მიერ მიღებული  ნორმატიული და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტების შესაბამისად.

2. გამგებელი ბრძანებას გამოსცემს გამგებლის პირველი მოადგილის, გამგებლის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების და გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე  ,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-თ გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში.


მუხლი 16. სამართლებლივი აქტების ძალაში შესვლა, შეცვლა, შეჩერება, გაუქმება
1.  გამგებლის ბრძანება ძალაში შედის მათი ხელმოწერისთანავე, თუ იმავე ბრძანებით ძალაში შესვლის სხვა თარიღი არ იქნა დადგენილი.

2. გამგებლის ბრძანება შეიძლება შეცვალოს მხოლოდ ამ ბრძანების გამომმცემმა პირმა.

3. გამგებლის მიერ გამოცემული ბრძანება შეიძლება შეჩერდეს ან გაუქმდეს:

ა) ამ ბრძანების გამომცემი თანამდებობის პირის მიერ;

ბ) იმ სახელმწიფო ორგანოების მიერ, რომლებმაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს გადასცეს თავიანთ უფლებამოსილებაში არსებული ცალკეული უფლებები - ამ უფლებამოსილებების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით;

გ) სასამართლოს მიერ - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 


მუხლი 17. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება
  გამგეობის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-თ, საქართველოს  სხვა  საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებლივი აქტებით.

მუხლი 18. სამართლებლივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება ვიზირება
1.გამგეობაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექს“-ს და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს.

2. გამგეობაში მომზადებული სამართლებლივი აქტების პროექტები ვიზირებულ უნდა იქნას პროექტის ავტორისა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის მიერ. სამართლებლივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე, უნდა იქნას ვიზირებული გამგეობის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი,  აგრეთვე  გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსის მიერ, თუ  პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ან/და გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯბს.

3. კანონითა და დებულებით  განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოში წარსადგენ პროექტს, რომელიც მომზადდა გამგეობაში, საკრებულოში წარადგენს გამგებელი.


მუხლი 181. საქონლის  ადგილწარმოშობისა  და  პირის  კონკრეტულ  მისამართზე  ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის  დადასტურების  შესახებ  ცნობების გაცემის წესი
1. ბოლნისის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის ფარგლებში  საქონლის ადგილწარმოშობის,  აგრეთვე  პირის  კონკრეტულ  მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების  ფაქტის დადასტურების  შესახებ ცნობის ფორმას ამტკიცებს გამგებელი.  ცნობა გაიცემა მუნიციპალიტეტის სახელით.

2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ვალდებულია აწარმოოს გაცემული ცნობების რეესტრი და შეინახოს ცნობების ასლები.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 29.09.2014 წ.


მუხლი 19. სამართლებლივი აქტების გაფორმება
1. გამგებლის ბრძანების რეგისტრაციას უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტის რეკვიზიტები უნდა შეესაბამებოდეს ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს   52 -ე მუხლით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს.

3. სამართლებლივი აქტების გაფორმების დეტალური წესი და პროცედურები განისაზღვრება კანონმდებლობით და შესაბამისი  სამსახურებრივი ინსტრუქციებით.


თავი VI
გამგეობის  უფლებამოსილება  დასახლების  საერთო  კრების  ორგანიზების სფეროში

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 14.03.2016 წ.


მუხლი 20. დასახლების საერთო კრების  შესახებ  ინფორმაციის  გავრცელება
1. საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობისა და საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის რეგისტრაციის თაობაზე ინფორმაცია და საერთო კრების დღის წესრიგი ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად.
2. საერთო კრების დღის წესრიგის და მოწვევის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ან/და საჯაროდ ცხადდება ან/და ქვეყნდება პროაქტიულად ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში.
3. საერთო კრების სხდომის ოქმი საჯარო გაცნობისთვის ქვეყნდება მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის  მისი წარდგენიდან 3 დღის ვადაში.
4. დასახლებაში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე უნდა გამოქვეყნდეს შესაბამის დასახლებულ პუნქტში საერთო კრებისთვის მისი გაგზვანიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.
5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/მუნიციპალური სამსახურის მიერ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, სპეციალურად საჯარო განცხადებებისთვის განკუთვნილ ადგილას და შესაბამის დასახლებულ პუნქტში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, ასევე ქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში, რომელიც გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც და ვრცელდება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის ვებგვერდისა და სხვა ინტერნეტრესურსების გამოყენებით, რომლის მართვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი.
6. საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას, მათ შორის, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესაბამის დასახლებაში გავრცელებას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის გამგეობა  და საინიაციტოვო ჯგუფი, აგრეთვე, საერთო კრების რჩეული (არსებობის შემთხვევაში).

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 14.03.2016 წ.

მუხლი 21. დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში გამგებლის უფლებამოსილება
დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის გამგებლის უფლებამსილებას განეკუთვნება:
ა) დასახლების საერთო კრების რჩეულის კანდიდატთა  ბიულეტენის ფორმის დამტკიცება;
ბ) ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება;
გ) საერთო კრების უფლებამოსილების დასადგენად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ამომრჩეველთა საარჩევნო სიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობის აღრიცხვა;
დ) მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით საერთო კრების ორგანიზებაზე ან/და რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის (სტრუქტურული ერთეულის) განსაზღვა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 14.03.2016 წ.


მუხლი 22. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილება
დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის პროცედურულ საკითხებს უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში  გამგებლის წარმომადგენელთან ერთად.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 14.03.2016 წ.


მუხლი 23. საერთო კრების ჩატარებისათვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა
მუნიციპალიტეტის გამგებლი საინიციატივო ჯგუფის, ან რჩეულის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, აგრეთვე საკუთარი ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ბრძანებას საერთო კრების ჩატარებისთვის საჭირო ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 მარტის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 14.03.2016 წ.



კრებსითი — სრული ვერსია