ტექნიკური რეგლამენტის − აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
417
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2022-08-09
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017624
ტექნიკური რეგლამენტის − აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 417

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის − აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22  ოქტომბრის დადგენილება № 543  - ვებგვერდი, 27.10.2015წ.

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესი.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22  ოქტომბრის დადგენილება № 543  - ვებგვერდი, 27.10.2015წ.

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შე­სახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აგრარულ ბაზ­რებ­ში, ბაზრობებსა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამა­მ­ზადებელ, შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებში, სამრეწველო მა­ცი­ვრებში (მაცივარკომბინატებში), კვებისა და სავაჭრო ობიექტების ვეტე­რი­ნარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურების (ლაბორა­ტო­რი­­ების) ტიპობრივი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის N2-214 ბრძანება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური  რეგლამენტი − აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში − რეგლამენტი) ადგენს აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესებს.

2. ეს რეგლამენტი ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციასთან.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

1. ამ  რეგლამენტის  მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აგრარული ბაზარი/ბაზრობა − მიწის ნაკვეთი, სადაც განლაგებულია სტაციონარული სავაჭრო ობიექტები და არასტაციონარული სავაჭრო ადგილები ან მხოლოდ არასტაციონარული სავაჭრო ადგილები (არანაკლებ 10 არასტაციონარული სავაჭრო ადგილისა), რომლებიც განკუთვნილია სურსათის ან/და ცხოველის რეალიზაციისათვის;

ბ) არასტაციონარული სავაჭრო ადგილი (დროებითი შენობა-ნაგებობა) − ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და რომელსაც არ აქვს მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება;

გ)  აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობი − პირი, რომელიც დროებით სარგებლობაში გასცემს მის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ბაზრის/ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებულ სტაციონარულ სავაჭრო ობიექტებს ან/და არასტაციონარულ სავაჭრო ადგილებს და რომელიც პასუხისმგებელია აგრარული ბაზრის/ბაზრობის (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირი) საქმიანობიდან/ფუნქციონირებიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე;

დ) ბაზარზე განთავსება – პირის მიერ სურსათის ან/და ცხოველის სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, აგრეთვე გადაცემის სხვა ფორმები (მათ შორის, აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობის მიერ მის სამოქმედო ტერიტორიაზე სურსათის ან/და ცხოველის ბაზარზე დაშვება სარეალიზაციოდ);

ე) ბაზრის/ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირი – პირი, რომელიც სტაციონარულ ან/და არასტაციონარულ სავაჭრო ადგილზე ახორციელებს სურსათის ან/და ცხოველის რეალიზაციას.

2. გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული ტერმინებისა, ამ რეგლამენტის მიზნებისათვის, თუ ამ რეგლამენტით სხვაგვარად არ არის დადგენილი, ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის, „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილების, „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №417 - ვებგვერდი, 09.08.2022წ.

 

მუხლი 3.  აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობის ვალდებულებები

აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობი ვალდებულია:

ა) დარეგისტრირდეს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და უზრუნველყოს თავისი საქმიანობის შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

ბ) სავაჭრო ობიექტი ან/და სავაჭრო ადგილი სარგებლობაში გადასცეს იმ პირს, რომელიც რეგისტრირებულია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობის განსახორციელებლად დაუშვებს ისეთ პირს, რომელიც არ არის რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, მის მიერ ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებელია ბაზრის/ბაზრობის მომწყობი;

გ) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია ბაზრის/ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირების შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის/ბაზრობის მომწყობი უარს აცხადებს უფლებამოსილ პირთან თანამშრომლობაზე, აღნიშნულ პირთა იდენტიფიცირების მიზნით, სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებელია ბაზრის/ბაზრობის მომწყობი;

დ) უზრუნველყოს ბაზრის/ბაზრობის საერთო სარგებლობის ტერიტორიაზე (საწყობებში, მაცივრებში, პავილიონებსა და ა.შ.) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ჰიგიენის წესების დაცვა;

ე) უზრუნველყოს ბაზარზე/ბაზრობაზე განთავსებული ცხოველის ან/და სურსათის შენახვისთვის/რეალიზაციისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და კონტროლი;

ვ) სამუშაო დღის ბოლოს განახორციელოს ტერიტორიის დასუფთავება (გარეცხვა). დეზინფექცია, დერატიზაცია, დეზინსექცია უნდა ჩატარდეს საჭიროებისას, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ, ხოლო ინფექციური დაავადებით დაავადებული ცხოველის გამოვლენისას იმავე დღეს უნდა მოხდეს ტერიტორიის დასუფთავება (გარეცხვა) და ჩატარდეს დეზინფექცია;

ზ) უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ცხოველთა გადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ცხოველის ინფექციური დაავადების აღმოჩენისას ან ასეთ დაავადებაზე ეჭვის არსებობისას დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ სააგენტოს;

თ) აგრარული ბაზარი/ბაზრობა, სადაც ხორციელდება ცხოველის რეალიზაცია, მოაწყოს შემდეგი წესების დაცვით:

თ.ა) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებიდან მოშორებით. ადგილის შერჩევისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული გაბატონებული ქარების მიმართულება, მისასვლელი გზის არსებობა. ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს წყალგაყვანილობითა და კანალიზაციით; სასურველია იყოს ოდნავ დახრილი, რათა წვიმისა და ნახმარი წყლები კანალიზაციაში ადვილად ჩაედინებოდეს;

თ.ბ) უნდა იყოს შემოღობილი, დაყოფილი განყოფილებებად, სადაც ცხოველები განთავსდებიან სახეობების მიხედვით. ტერიტორია, მათ შორის, მისასვლელი გზა და ჩამოსატვირთი მოედნები უნდა იყოს მოასფალტებული ან მობეტონებული (მოპირკეთებული), ადვილად ირეცხებოდეს და სუფთავდებოდეს. სატრანსპორტო საშუალებებისათვის უნდა მოეწყოს ცალკე შესასვლელი დეზობარიერით;

თ.გ) უნდა მოეწყოს სპეციალური მოედანი (ბაქანი), სატრანსპორტო საშუალებიდან ცხოველების გადმოსაყვანად;

თ.დ) ცხენის, ვირის, ჯორის, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის, ღორის სარეალიზაციოდ განსათავსებლად ბაზრის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს ღია და დახურული შესარეკები (ფარდულები), მცირე ზომის ცხოველები (ბოცვერი,ზღვის გოჭი, ზაზუნა და ა.შ., აგრეთვე ფრინველი) უნდა განთავსდეს გალიებში, ხოლო ცოცხალი თევზი − აკვარიუმში;

თ.ე) ნარჩენების შემკრები კონტეინერი უნდა განლაგდეს მოასფალტებულ ან მობეტონებულ მოედანზე, რომელიც სავაჭრო ზონიდან დაშორებული იქნება არანაკლებ 25 მეტრით;

თ.ვ) ცხოველების სავაჭრო ადგილები განცალკევებული უნდა იქნეს სურსათის სავაჭრო ადგილებისგან;

თ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვეტერინარული მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად ჰყავდეს ვეტერინარი ექიმი და შეუქმნას მას მუშაობის შესაბამისი პირობები.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22  ოქტომბრის დადგენილება № 543  - ვებგვერდი, 27.10.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის  1  ივნისის დადგენილება №309 - ვებგვერდი, 06.06.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №417 - ვებგვერდი, 09.08.2022წ.
 

მუხლი 4. ბაზრის/ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი პირის ვალდებულებები

ვაჭრობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს თავისი საქმიანობის შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან;

ბ) არ განათავსოს ბაზარზე სურსათი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს;

გ) არ განათავსოს ბაზარზე ცოცხალი ცხოველი, თუ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვეტერინარულ მოთხოვნებს.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №417 - ვებგვერდი, 09.08.2022წ.

კრებსითი — სრული ვერსია