ტექნიკური რეგლამენტის - „სეზონურ საძოვრებზე ცხოველთა გადარეკვის ვეტერინარულ-სანიტარიული წესის“ დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
422
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-12-31
გამოქვეყნების თარიღი
2018-06-01
სარეგისტრაციო კოდი
300160070.10.003.017637
ტექნიკური რეგლამენტის - „სეზონურ საძოვრებზე ცხოველთა გადარეკვის ვეტერინარულ-სანიტარიული წესის“ დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №422

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის - „სეზონურ საძოვრებზე ცხოველთა გადარეკვის ვეტერინარულ-სანიტარიული წესის“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №648 - ვებგვერდი, 03.12.2014წ.

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი, მეხუთე ნაწილების, 104-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი - „სეზონურ საძოვრებზე ცხოველთა გადარეკვის ვეტერინარულ-სანიტარიული წესი“.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №648 - ვებგვერდი, 03.12.2014წ.

მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის შესაბამისად,  ძალადაკარგულად გამოცხადდეს - „ცხოველთა გადა­რე­კ­ვა-გადაყვანის (მათ შორის საზაფხულო და ზამთრის საძოვრებზე) ვე­ტე­რი­ნარულ-სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 17 აგვისტოს  № 2-190 ბრძანება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



ტექნიკური რეგლამენტი - „სეზონურ საძოვრებზე ცხოველთა გადარეკვის ვეტერინარულ-სანიტარიული წესი“

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №648 - ვებგვერდი, 03.12.2014წ.

მუხლი 1. ცხოველების საზაფხულო და ზამთრის საძოვრებზე გადარეკვის ვეტერინარულ-სანიტარიული წესი
1. საქართველოში ცხოველების გადარეკვა სეზონურ საძოვრებზე ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) ბრძანებით დადგენილ ვადებში.

2. გადარეკვის პერიოდში ცხოველთა ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის განხორციელებისათვის სააგენტო განსაზღვრავს გადასარეკ ტრასებზე დროებითი ვეტერინარული საკონტროლო პუნქტების განლაგების გეგმას და უზრუნველყოფს მათ მოწყობას.

3. სააგენტო ორგანიზებას უკეთებს და ატარებს:

ა) გადასარეკი ცხოველების სულადობის კლინიკურ შემოწმებას გადამდები დაავადებების მიმართ კეთილსაიმედოობაზე;

ბ) გადასარეკი ცხოველების გეგმურ დიაგნოსტიკურ გამოკვლევებსა და იმუნიზაციას, გადარეკვის დაწყებამდე არა უგვიანეს იმუნიტეტის ჩამოყალიბების ვადისა;

გ) ცხოველების გადარეკვის დაწყების წინ გადასარეკი ტრასების მიმდებარე ტერიტორიების შემოწმებას გადამდები დაავადებების მიმართ კეთილსაიმედოობაზე;

დ) ცხოველების გადარეკვის დაწყების პერიოდისათვის გადასარეკი ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოველების გადამდები დაავადების საწინააღმდეგო გეგმურ ვაქცინაციას და დიაგნოსტიკურ გამოკვლევებს.

4. ცხოველთა მეპატრონე ვალდებულია:

ა) გადარეკვა განახორციელოს ცხოველთა ჯანმრთელობის სერტიფიკატის (ვეტერინარული მოწმობა - ფორმა №1) თანხლებით;

ბ) ცხოველთა დაავადების გაჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს შესაბამის რეგიონულ სამმართველოს ან უახლოეს დროებით ვეტერინარულ საკონტროლო პუნქტს;

გ) არ დაუშვას გადამდები დაავადებით დაავადებული ცხოველის დაკვლა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ასევე, მკვდარი ცხოველის ლეშებით გარემოს დაბინძურება.

5. ცხოველების გადარეკვის პერიოდისათვის გადასარეკ ტრასაზე უნდა მოეწყოს ცხოველთა დასასვენებელი მოედნები და წესრიგში იქნეს მოყვანილი დასარწყულებელი ადგილები.

6. გადასარეკი ცხოველების სულადობა გადარეკვის დაწყების წინ კლინიკურად მოწმდება უფლებამოსილი ვეტერინარის მიერ. კეთილსაიმედოობის დადგენის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირი გასცემს ჯანმრთელობის სერტიფიკატს ცხვრის მთლიან ფარაზე, ხოლო, მსხვილფეხა პირუტყვის ნახირის გადარეკვის დროს, მთლიანად, ნახირზე თანმხლებ ცხოველებთან ერთად.

7. ჯანმრთელობის სერტიფიკატის გარეშე ცხოველების გადარეკვა სეზონურ საძოვრებზე აკრძალულია.

8. აკრძალულია სეზონურ საძოვრებზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ერთიან ფარაში, ნახირში გადარეკვა.

9. სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს სეზონურ საძოვრებზე მომთაბარე პირუტყვის ჯანმრთელობის მონიტორინგი და გეგმური ვეტერინარული ღონისძიებები.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №648 - ვებგვერდი, 03.12.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის  1  ივნისის დადგენილება №301 - ვებგვერდი, 06.06.2018წ.

მუხლი 2. (ამოღებულია)

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 დეკემბრის დადგენილება №648 - ვებგვერდი, 03.12.2014წ.



კრებსითი — სრული ვერსია