„საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების“ დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
264
მიმღები ორგანო
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი
2013-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2023-09-26
სარეგისტრაციო კოდი
310150000.54.066.016061
„საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების“ დამტკიცების შესახებ
 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №264

2013 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების“ დამტკიცების შესახებ

 „საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-9 და 56-ე მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ტრანსპორტის სფეროში ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 9 ივნისის №1-1/883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 30 ოქტომბრის №1-1/307 ბრძანების საფუძველზე,   ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესი და სერტიფიკატების ფორმები“.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტის „საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 4 აგვისტოს №90 ბრძანება. 
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია



საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების წესის (შემდგომ – წესი) მიზანია საავიაციო სატვირთო ტერმინალის ფუნქციონირების სამართლებრივი მოწესრიგება, ფრენის უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.

2. წესი განსაზღვრავს საავიაციო სატვირთო ტერმინალების სერტიფიცირების ნორმებს, პროცედურებს.

3. წესის მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ტვირთი – სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადასაზიდი (გადაზიდვას დაქვემდებარებული) ნებისმიერი ქონება, მათ შორის საფოსტო გზავნილი, გარდა საბორტო მარაგებისა და თანმხლები ან არასწორად გაგზავნილი ბარგისა;

ბ) საავიაციო სატვირთო ტერმინალი (შემდგომ – ტერმინალი) – ობიექტი, სადაც ხორციელდება ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღება, შემოწმება, დამუშავება, გაფორმება, საჰაერო ხომალდში/ხომალდიდან ჩატვირთვა/გადმოტვირთვა, შენახვა და გაცემა;

გ) საავიაციო სატვირთო ტერმინალის სერტიფიკატი (შემდგომ – ტერმინალის სერტიფიკატი) – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სერტიფიკატის მფლობელი აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უფლება აქვს განახორციელოს ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღება, შემოწმება, დამუშავება, გაფორმება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა;

დ) სახიფათო ტვირთი – ნაკეთობები ან ნივთიერებები, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან ადამიანის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას, ქონებას ან გარემოს და რომელიც მითითებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) ოფიციალური გამოცემის, ტექნიკური ინსტრუქციების სახიფათო ტვირთების ჩამონათვალში (DOC 9284) ან კლასიფიცირებულია ამ ინსტრუქციით;

ე) საფოსტო გზავნილი – საფოსტო ოპერატორის მიერ მიღებული/გაგზავნილი საბოლოო ფორმის დამისამართებული გზავნილი.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №279 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №181 - ვებგვერდი, 27.09.2023წ.

მუხლი 3. ზოგადი დებულებები 
1. სატვირთო ტერმინალის სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

2. ტერმინალის სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, მასში ცვლილებების შეტანას, სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვას, სერტიფიკატის გაუქმებას და სერტიფიკატის მფლობელის მიერ სასერტიფიკაციო პირობების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.

3. მეწარმე იურიდიულ პირს არა აქვს უფლება განახორციელოს სატვირთო ტერმინალის საქმიანობა, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული ტერმინალის სერტიფიკატი.

4. სერტიფიკატის გაცემა, გაცემაზე უარის თქმა, სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა, გაუქმება, მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.

5. ტერმინალის სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ადმისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

6. სააგენტო, სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში გასცემს დუბლიკატს სერტიფიკატის მფლობელის განცხადების საფუძველზე.

7. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ ახორციელებს, სახიფათო ტვირთის გადაზიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას, ამ წესის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მასზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი, სახიფათო ტვირთების მომსახურების უფლების გარეშე.

8. ტერმინალის მიერ რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვის მომსახურება ხორციელდება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის“ საფუძველზე.

9. ამ წესის მიზნებისთვის, ტვირთი მოიცავს საფოსტო გზავნილებსაც.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №279 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №181 - ვებგვერდი, 27.09.2023წ.

მუხლი 4. სერტიფიცირებისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია
1. განმცხადებელი ტერმინალის სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოს წარუდგენს განცხადებას, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს. იგი ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას, ითხოვს თუ არა განმცხადებელი სახიფათო ტვირთების მომსახურების უფლებას.

2. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ბ) შენობა-ნაგებობების (ან მათი ნაწილის), აგრეთვე სხვა ფართის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც უნდა განხორციელდეს ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა;

გ) ინფორმაცია იმ სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებებზე, მოწყობილობებზე და მექანიზმებზე (ტვირთის ასაწონი მოწყობილობები, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური   მოწყობილობები და საშუალებები, სპეციალური და თვითმავალი ტვირთამწევი საშუალებები და მექანიზმები, ტვირთის ტრანსპორტირების საშუალებები, საჰაერო ხომალდში/ხომალდიდან სატვირთო კონტეინერების ჩატვირთვის/გადმოტვირთის საშუალებები), რომლებიც გამოყენებული იქნება ტერმინალში, ტვირთის (მათ შორის, სახიფათო ტვირთის) მიღების, შემოწმების, დამუშავების, გაფორმების, საჰაერო ხომალდში/ხომალდიდან ჩატვირთვის/გადმოტვირთვის, შენახვის და გაცემის ტექნოლოგიური პროცესების განსახორციელებლად;

დ) „სატვირთო ტერმინალის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილების „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ მოთხოვნის შესაბამისად;

ე) საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირის,  საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირის დანიშვნის ბრძანებები;

ვ) საავიაციო უშიშროების  უზრუნველმყოფი პერსონალის, მათ შორის, საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირისა და  ხარისხის შიდა კონტროლის განმახორციელებელი პირის   საავიაციო უშიშროების სფეროში მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც აკმაყოფილებს  სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 20 სექტემბრის №125 ბრძანებით დამტკიცებული „სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამით“ დადგენილ მოთხოვნებს;

ზ) ხელშეკრულება/ხელშეკრულებები საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე (მათ შორის, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი ტექნიკური მოწყობილობების ტექნიკურ მომსახურებაზე, თუ ავიასაწარმოს არ ჰყავს შესაბამისი პერსონალი, საავიაციო უშიშროების ზომების განხორციელებაზე, თუ ექსპლუატანტს არ გააჩნია საავიაციო უშიშროების  სამსახური და ა.შ);

თ) იმ პერსონალის სია და მათი კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები (სერტიფიკატები), რომლებმაც უნდა განახორციელონ სახიფათო ტვირთის მომსახურება, სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის ჩათვლით. აღნიშნული საბუთები უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ (DOC 9284) და სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ მოთხოვნებს;

ი) ტერმინალში სახიფათო ტვირთის განლაგების სქემა (სახიფათო ტვირთის მომსახურების შემთხვევაში);

კ) საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების უსაფრთხოდ გადაზიდვასთან დაკავშირებით პერსონალის მომზადების და შეფასების პროგრამა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს იკაოს „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციებისა“ (DOC 9284) და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ მოთხოვნებს. აღნიშნული პროგრამა უნდა დამტკიცდეს სატვირთო ტერმინალის მიერ და შეთანხმებული იყოს სააგენტოსთან;

ლ) სახიფათო ტვირთების მომსახურების დაგეგმვის შემთხვევაში, სახიფათო ტვირთების მომსახურების სახელმძღვანელო, რომელიც უნდა მოიცავდეს სახიფათო ტვირთის მომსახურების პროცედურებს და ავარიულ შემთხვევებში რეაგირების გეგმას. ტერმინალმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული სახელმძღვანელოს მუდმივი შესაბამისობა იკაოს ტი-ების ან იატას სახიფათო ტვირთების რეგულაციების ბოლო გამოცემებთან.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №279 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.


მუხლი 5. მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ტერმინალი 
1. ტერმინალის შენობა-ნაგებობები უზრუნველყოფილი უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების საშუალებებით (ცეცხლმაქრები და/ან სხვა სახის საშუალებები).

2. (ამოღებულია - 19.12.2022, №279).

3. სახიფათო ტვირთის მომსახურება უნდა განხორციელდეს იკაოს ,,საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ (DOC 9284) და ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად.

4. ტერმინალი აღჭურვილი უნდა იყოს, ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღების, შემოწმების, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვის), შენახვისა და გაცემის ტექნოლოგიური პროცესების უზრუნველსაყოფი შემდეგი საშუალებებით:

ა) სპეციალური და თვითმავალი ავტომტვირთავი;

ბ) თვითმავალი ურიკები ტვირთის ტრანსპორტირებისათვის;

გ) საჰაერო ხომალდიდან (ხომალდში) ტვირთის ჩატვირთვის (გადმოტვირთვის) უზრუნველსაყოფად სატვირთო ავტოტრანსპორტი;

დ) საჰაერო ხომალდიდან (ხომალდში) სატვირთო კონტეინერების ჩატვირთვის (გადმოტვირთვის) უზრუნველსაყოფად სპეცავტოტრანსპორტი (ტვირთის კონტეინერული გადაზიდვების შემთხვევაში);

ე) იზოლირებული ფართი სახიფათო ტვირთის მომსახურებისათვის;

ვ) სპეციალური იზოლირებული ოთახი ან განცალკევებული ნაგებობა რადიოაქტიური ნივთიერებების მომსახურებისათვის, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს (რადიოაქტიური სახიფათო ტვირთების მომსახურებისას);

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სიზუსტეზე შემოწმებული ტვირთის ასაწონი მოწყობილობა/მოწყობილობები;

თ) კავშირგაბმულობის საშუალებები ტექნოლოგიური პროცესების უზრუნველსაყოფად;

ი) საავიაციო უშიშროების უზრუნველ­საყო­ფად, ტვირთის შესამოწმებელი სპეციალური მოწყობილობა (სტაციონარული და პორტატიული) და სხვა ტექნიკური საშუალებები.

5. (ამოღებულია - 19.12.2022, №279).

6. ტერმინალის ფუნქციონირებას უნდა უზრუნველყოფდეს სახიფათო ტვირთის მომსახურების განმხორციელებელი პერსონალი, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ იკაოს „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ (DOC 9284) და სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 27 დეკემბრის №263 ბრძანებით დამტკიცებული „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის წესის“ შესაბამისად გაცემული სახიფათო ტვირთის მომსახურების სერტიფიკატი.

7. (ამოღებულია - 19.12.2022, №279).

8. ტერმინალს უნდა გააჩნდეს იკაოს „საჰაერო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ტექნიკური ინსტრუქციების“ (DOC 9284) ან იატას „სახიფათო ტვირთების რეგულაციების“ (DGR) განახლებული ეგზემპლიარი.

9. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად, სატვირთო ტერმინალი ვალდებულია:

თ.ა) განახორციელოს საკუთარი  ობიექტებისა და საშუალებების დაცვა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №241 დადგენილების „მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის“ მოთხოვნის შესაბამისად;

თ.ბ) შეიმუშაოს სასაშვო სისტემა და უზრუნველყოს ობიექტების კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში  დაშვებაზე კონტროლი;

თ.გ) უზრუნველყოს პერსონალის საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადება;

თ.დ) უზრუნველყოს ანკეტური მონაცემების შემოწმების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ.ე) განახორციელოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებები საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №242 დადგენილების ,,სამოქალაქო ავიაციის სფეროში საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის სახელმწიფო პროგრამის“ მოთხოვნის შესაბამისად;

თ.ვ) განახორციელოს ტვირთის/ფოსტის შემოწმება იმ საშუალებებითა და მეთოდებით, რომელიც შესაბამისი იქნება კონკრეტული ტვირთის/ფოსტის სახეობის გათვალისწინებით;

თ.ზ) განახორციელოს ტვირთის/ფოსტის შემოწმება, შესაბამისი სტანდარტის ტექნიკური მოწყობილობითა და შესაბამისი დადგენილი მეთოდებით, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის/ფოსტის ეფექტურ შემოწმებას;

თ.თ) უზრუნველყოს შემოწმებულ ტვირთზე/ფოსტაზე ბეჭდური ან ელექტრონული ფორმის უშიშროების დეკლარაციის წარმოება;

თ.ი) უზრუნველყოს შემოწმებული ტვირთის/ფოსტის დაცვა;

თ.კ) ტვირთის/ფოსტის შემოწმება/დაცვა განახორციელოს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 3 ივლისის №109 ბრძანებით დამტკიცებული  „საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით შემოწმების, მათ შორის გაფრენისწინა შემოწმების წესის“  მოთხოვნების შესაბამისად.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №279 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.


მუხლი 6. განცხადებისა და თანდართული საბუთების წინასწარი განხილვა, ტერმინალის ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასება 
1. სააგენტო სამი დღის ვადაში ამოწმებს წარმოდგენილია თუ არა დადგენილი წესით განცხადება და ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.

2. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო, განმცხადებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების შესახებ სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ აღმოფხვრის ხარვეზს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

3. განცხადების, მასზე თანდართული საბუთების და შემცველი ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტოს მუდმივმოქმედი სასერტიფიკაციო კომისია ადგილზე ეცნობა ტერმინალის ფაქტობრივ მდგომარეობას.

4. ტერმინალის ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმების შედეგების შესახებ სასერტიფიკაციო კომისია ადგენს დასაბუთებულ დასკვნას, რომელსაც წარუდგენს სააგენტოს დირექტორს. სასერტიფიკაციო კომისიის დასკვნა შეიძლება იყოს:

ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს. დადებითი შეფასებისას დასაშვებია უმნიშვნელო ხარვეზების არსებობა, რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს ეძლევა ვადა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეზები უშუალოდ უარყოფითად არ მოქმედებს ფრენის უსაფრთხოებაზე და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფაზე და განმცხადებელზე შეიძლება გაიცეს სერტიფიკატი;

ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.

5. უარყოფითი შეფასების შემთხვევაში სასერტიფიკაციო კომისიის ოქმში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზე უარყოფითი შეფასება იქნა მიღებული.

6. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში სააგენტო წერილობით ატყობინებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო დოკუმენტი ან ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით. განმცხადებელს უფლება აქვს სააგენტოს მიერ გათვალისწინებულ ვადებში გამოასწოროს ნაკლოვანებები და წერილობით აცნობოს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს. სასერტიფიკაციო კომისია განმცხადებლის ამ პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან ერთად ასახავს ოქმში.


მუხლი 7. გადაწყვეტილების მიღება. სერტიფიკატის გაცემა. სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა
1. სასერტიფიკაციო კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას ტერმინალის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე და გასცემს შესაბამისი სახის ტერმინალის სერტიფიკატს (დანართი №1 ან დანართი №2).

2. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ტერმინალის სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, თუ სასერტიფიკაციო კომისიის დასკვნის თანახმად, განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს და ნაკლოვანებები არ იქნა გამოსწორებული სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

3. სააგენტოს გადაწყვეტილება ტერმინალის სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ტერმინალის სერტიფიკატი გაიცემა უვადოდ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №279 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.


მუხლი 8. სერტიფიკატის გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება და სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვა
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე, თუ:

ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს ტერმინალის სერტიფიკატის გაცემისათვის დადგენილ მოთხოვნებს (სასერტიფიკაციო მოთხოვნებს), გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

 2. ტერმინალის სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეჩერდება დარღვევების აღმოფხვრამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი თვისა სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან.

3. ტერმინალის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ტერმინალის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების მოტივებისა და საფუძვლების მითითებით წერილობით ეცნობება სერტიფიკატის მფლობელს.

4. სერტიფიკატის მოქმედება განახლდება, თუ აღმოფხვრილი იქნა ის ნაკლოვანებები, რომელიც გახდა მისი მოქმედების ვადის შეჩერების საფუძველი და სერტიფიკატის მფლობელმა წერილობით აცნობა სააგენტოს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე და, ამასთან ერთად, სააგენტო დარწმუნდა ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაში.

5. ტერმინალის სერტიფიკატის გაუქმების საფუძვლებს წარმოადგენს:

ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ სერტიფიკატის მფლობელმა ამ ვადაში არ აღმოფხვრა მისი შეჩერების საფუძვლები;

ბ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია;

გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;

დ) სერტიფიკატის მფლობელის მიერ სერტიფიკატით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტა;

ე) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

6. იმ შემთხვევაში, თუ ტერმინალის სერტიფიკატის შეჩერებამ, სერტიფიკატით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვამ ან სერტიფიკატის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებრივი ან სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანის მიყენება, სერტიფიკატის მფლობელს შეიძლება მიეცეს უფლება ერთი თვის ვადით გააგრძელოს სერტიფიკატით გათვალისწინებული საქმიანობა, სააგენტოს ზედამხედველობით.

7. სააგენტო უფლებამოსილია, საავიაციო სატვირთო ტერმინალის მიერ სახიფათო ტვირთების საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის წესების დარღვევის შემთხვევაში, შეუზღუდოს ტერმინალს სახიფათო ტვირთების მომსახურების უფლება, სატვირთო ტერმინალის მიერ კონკრეტული ნაკლოვანებების აღმოფხვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ ტერმინალი არ აღმოფხვრის ნაკლოვანებას 30 დღის ვადაში, სააგენტო უფლებამოსილია 6 თვის ვადით შეუჩეროს ტერმინალს სახიფათო ტვირთების მომსახურების უფლება.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №279 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.


მუხლი 9. სერტიფიკატის მფლობელის უფლება-მოვალეობები 
1. სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს:

ა) განახორციელოს ტვირთის/ სახიფათო ტვირთის მიღება, შემოწმება, დამუშავება, გაფორმება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა;

ბ) მოითხოვოს ტერმინალის საქმიანობის შესახებ სააგენტოში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;

გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები.

2. ტერმინალის სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია:

ა) ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს ტვირთის/სახიფათო ტვირთის მიღება, შემოწმება, დამუშავება, გაფორმება, საჰაერო ხომალდში (ხომალდიდან) ჩატვირთვა (გადმოტვირთვა), შენახვა და გაცემა;

ბ) გადასცეს შესაბამის სამსახურს მონაცემები საჰაერო ხომალდის კომერციული დატვირთვის გასაანგარიშებლად;

გ) შეინარჩუნოს ტერმინალი, მისი მოწყობილობები და დანადგარები სასერტიფიკაციო მოთხოვნების დონეზე;

დ) არ დაუშვას სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების სხვა პირისათვის გადაცემა;

ე) წერილობით აცნობოს სააგენტოს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „თ“,„კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებში ცვლილებების თაობაზე, ცვლილებების განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

ვ) (ამოღებულია - 19.12.2022, №279);

ზ) (ამოღებულია - 19.12.2022, №279);

თ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. სახიფათო ტვირთის გადასაზიდად მიღებისას, საავიაციო სატვირთო ტერმინალი ვალდებულია, შეამოწმოს:

ა) ტვირთგამგზავნის მიერ ტვირთის გადაზიდვის საბუთების შევსების სისრულე და სისწორე;

ბ) ტვირთგამგზავნის დეკლარაციის ყველა ეგზემპლარზე ტვირთის გამგზავნის ხელმოწერების არსებობა;

გ) გადაზიდვის საბუთებში ტვირთის ყველა ნაჭრის სრულად ასახვა;

დ) გადასაზიდად, ისეთი ნივთიერებების და ნაკეთობების შემოთავაზების არარსებობა, რომლის გადაზიდვა საჰაერო ტრანსპორტით ნებისმიერ შემთხვევაში აკრძალულია;

ე) კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული „თანხმობის“ და/ან „გათავისუფლების“ არსებობა;

ვ) ტვირთის ნაჭრების მდგომარეობა დაზიანებაზე, გაჟონვაზე და ფუთას მთლიანობაზე;

ზ) ფუთაში ისეთი ნაჭრების არარსებობა, რომლებიც საჭიროებენ ცალკე განთავსებას;

თ) საფუთავების შესაბამისობა ამ წესებთან და ტი-ებით განსაზღვრული შეფუთვის ინსტრუქციის მოთხოვნებთან;

ი) გადაზიდვის საბუთში მოცემული სახიფათო ტვირთის რაოდენობის და ფუთის შიგთავსის (ნეტოს) ოდენობის შესაბამისობა ტი-ების მოთხოვნებთან;

კ) საფუთავზე აღნიშნული ნაწერების შესაბამისობა გადაზიდვის საბუთებთან და ტი-ების მოთხოვნებთან;

ლ) საჭიროებისას, ტვირთის ნაჭრებზე ნიშნის: ,,მხოლოდ სატვირთო საჰაერო ხომალდზე“ აღნიშვნა;

 მ) ტვირთის ნაჭრებზე, საფუთავზე აღნიშნული საშიშროების ნიშნების შესაბამისობა ტი-ების მოთხოვნებთან;

4. საავიაციო სატვირთო ტერმინალი:

ა) სახიფათო ტვირთის მიღებას ახორციელებს სახიფათო ტვირთის მიღების საკონტროლო ფურცლით;

ბ) თუ გადაზიდვის საბუთში შეფუთვის რომელიმე სახიფათო ნივთიერების ჯგუფი არ არის აღნიშნული ან ტვირთგამგზავნი მის დასახელებას ვერ ახერხებს, შეფუთვის ჯგუფი განისაზღვრება მაღალი დონის საშიშროების ჯგუფით;

გ) სხ-ში ჩატვირთვისას, უზრუნველყოფს ტვირთის დაცვას დაზიანებისაგან;

დ) სხ-ში ჩატვირთულ ტვირთს ამაგრებს ისე, რომ გამოირიცხოს ფრენის დროს ტვირთის ნაჭრების გადაადგილება და ურთიერთგანლაგების შეცვლა;

ე) რადიოაქტიური ნივთიერებების შემცველი ტვირთის ნაჭრებს ამაგრებს ტი-ების მოთხოვნების შესაბამისად;

ვ) განუცხადებელი სახიფათო ტვირთის სხ-ში შერეულ ტვირთად ჩატვირთვის გამოსარიცხად, ტვირთგამგზავნისაგან მოითხოვს ნებისმიერი ნაჭრის შიგთავსის დადასტურებას (იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა ეჭვი, რომ ეს ნაჭრები სახიფათო ტვირთს შეიცავს); განუცხადებელი სახიფათო ტვირთების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია განსაზღვრულია ტი-ების დებულებებით;

ზ) ტვირთის მიღების ზონაში, ტვირთგამგზავნის  გაფრთხილების მიზნით, განათავსოს  თვალსაჩინოდ ინფორმაცია სახიფათო ტვირთების შესახებ;

თ) სატვირთო ნაჭრებზე აღნიშვნის დაკარგვის, ნიშანდების დარღვევის ან საშიშროების ნიშნების შეუსაბამობისას, ამაგრებს და/ან აღნიშნავს შესაბამის ნიშნებს, გადაზიდვის საბუთებით აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისად;

ი) სახიფათო ტვირთის შესანახად უზრუნველყოფს ცალკე იზოლირებულ სასაწყობო სათავსოებს, სადაც განთავსებული უნდა იყოს სახიფათო ტვირთის მომსახურებასთან დაკავშირებით საინფორმაციო საშუალებები;

კ) უზრუნველყოფს შესაბამისი პერსონალის მომზადებას სახიფათო ტვირთების გადაზიდვის კუთხით;

ლ) საჰაერო ხომალდის მეთაურს აწვდის წერილობით ინფორმაციას (NOTOC-ს) ყველა იმ სახიფათო ტვირთზე, რომელიც საჰაერო ხომალდში უნდა ჩაიტვირთოს. ეს ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ტი-ების მოთხოვნებს;

მ) სახიფათო ტვირთის მიღებას, შენახვას და საჰაერო ხომალდში ჩატვირთვას და დამაგრებას ახორციელებს ტი-ების დებულებების მოთხოვნების და/ან ექსპლუატანტის „სახიფათო ტვირთის (ნაკეთობების) გადაზიდვის სახელმძღვანელოს“ მოთხოვნების შესაბამისად;

ნ) უზრუნველყოფს სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირის დანიშვნას, მის გადამზადებას კომპეტენციის შესაბამისად და მისი თანამდებობრივი ინსტრუქციის შემუშავებას.

5. საავიაციო სატვირთო ტერმინალი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პერსონალის მომზადებისა და შეფასების პროგრამის მუდმივი განახლება.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 19 დეკემბრის ბრძანება №279 - ვებგვერდი, 23.12.2022წ.


მუხლი 10. სასერტიფიკაციო უწყებრივი რეესტრი 
1. ტერმინალის სასერტიფიკაციო უწყებრივ რეესტრს აწარმოებს სააგენტო.

2. ტერმინალის სასერტიფიკაციო უწყებრივ რეესტრში შეიტანება ტერმინალის სერტიფიკატის გაცემის, გაუქმების, მოქმედების ვადის შეჩერების და განახლების, აგრეთვე სერტიფიკატში ცვლილებების შეტანის და სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები.

3. ტერმინალების სასერტიფიკაციო უწყებრივი რეესტრის მონაცემები საჯაროა.

 



კრებსითი — სრული ვერსია