„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4742
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-05-11
გამოქვეყნების თარიღი
2007-05-22
სარეგისტრაციო კოდი
040.150.000.05.001.002.833
„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

   მუხლი 1. „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 16.06.2004, მუხ. 50) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 8. საჯარო რეესტრი

საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.“.

2. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 12. ეროვნული სააგენტო

1. ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).

2. ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები არ არიან არც საჯარო მოსამსახურეები და არც მათთან გათანაბრებული პირები.

3. ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე:

ა) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სააგენტოს და ერთპიროვნულად წარმართავს მის საქმიანობას;

ბ) სააგენტოს სახელით დებს გარიგებებს და გასცემს მინდობილობებს;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);

დ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს და სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების – სარეგისტრაციო სამსახურების დებულებებს;

ე) ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგსა და სახელფასო ფონდს;

ვ) ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს სააგენტოს სახსრებსა და ქონებას;

თ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების – სარეგისტრაციო სამსახურების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;

ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

4. ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო.

5. ეროვნული სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობისათვის დაწესებული საფასური;

გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;

დ) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი;

ე) საჩუქრად და შემოწირულებების სახით მიღებული შემოსავლები;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

6. ეროვნული სააგენტოს ფუნქციებია:

ა) საჯარო რეესტრის წარმოება;

ბ) საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ) საჯარო რეესტრის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ) საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის მეთოდური ხელმძღვანელობა და შესაბამისი ნორმატიული ხასიათის მითითებების შემუშავება;

ე) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ეროვნული სააგენტოს დებულებით.“.

3. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 10 სექტემბრის №1101 ბრძანება.

    მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 მაისი.

№4742–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია