საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01-46/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-12-12
გამოქვეყნების თარიღი
2017-05-08
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.035.016229
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია -  08.05.2017, №01-25/ნ )

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-46/ნ

2013 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულების დამტკიცების შესახებ

 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №314 დადგენილების მე-2 მუხლისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო




საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ დებულება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო)  სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

2. ცენტრის სრული დასახელებაა:  „საჯარო სამართლის იურიდიული პირი -  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“. ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს ცენტრის შემოკლებული დასახელება: სსიპ - „სსდ ცენტრი“.

3. ცენტრი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ბრძანებებითა და წინამდებარე დებულებით.

4. ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.

5. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

6. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

7. ცენტრის ქონებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0119, აკ. წერეთლის გამზირი №144.

 

მუხლი 2. ცენტრის მიზანი, ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. ცენტრის საქმიანობის მიზნებია:
ა) საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხარისხიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროსათვის, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და/ან სხვა დაინტერესებული პირებისათვის პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო და/ან სატრენინგო მომსახურების მიწოდება (სასწავლო/სატრენინგო პროგრამების სახით) ან მისი განხორციელების ხელშეწყობა/უზრუნველყოფა.

2. ცენტრის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უწყვეტი ფუნქციონირება, 24/7 (24 საათი, კვირაში 7 დღე) რეჟიმში, პაციენტისთვის დროული, ადეკვატური და მაღალკვალიფიციური სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიწოდება;

ბ) პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გადაუდებელი მდგომარეობების მართვისას გართულებებისა და ლეტალური გამოსავლის  შემცირება;

გ)  ინფრასტრუქტურის - ავტოპარკისა და აღჭურვილობის - გამართული ფუნქციონირება;

დ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობის რეგულარული მონიტორინგი და ხარისხის სისტემის დანერგვა;

ე) საქართველოს მოსახლეობის უზრუნველყოფა სასწრაფო სამედიცინო დახმარებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ზ) საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო ჩვენებით პაციენტის ჰოსპიტალიზაციის უზრუნველყოფა შესაბამისი პროფილის უახლოეს კლინიკაში;

თ) ყოველდღიურ რეჟიმში  სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, ანალიზი და სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტისთვის წარდგენა;

ი)   სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტთან კოორდინაციის საფუძველზე:

ი.ა) საგანგებო სიტუაციებისა და სპეციალური ოპერაციების დროს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სამედიცინო ბრიგადის თანხლება და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში – სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალისათვის უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა);

ი.ბ)   ცენტრის სასწრაფო სამედიცინო მზადყოფნის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირებისათვის;

ი.გ) მონაწილეობა კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ჩატარებულ სასწავლო პროგრამებში;

ი.დ) სასწრაფო-სამედიცინო დახმარების შეუფერხებელი და ეფექტური მიწოდების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-თან    კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;

ი.ე) პროფესიული მომზადების გეგმების, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შემუშავება, შესაბამისი სწავლებების ჩატარება ცენტრის თანამშრომელთა მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;

ი.ვ) ბუნებრივი მოვლენების, სტი­ქიური უბედურებების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომა­რეობების დროს მოსახლეობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდებისთვის  მზადყოფნა, დროული და ადეკვატური რეაგირება. სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების მართვის ერთიან სისტემაში ჩართულობა;

ი.ზ) ცენტრის ეფექტური ფუნქციონირებისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

კ) სამინისტროსათვის, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის და/ან სხვა დაინტერესებული პირებისათვის სასწავლო და/ან სატრენინგო მომსახურების (მათ შორის დისკუსიების, თემატური სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების და სხვა სასწავლო სახის პროექტების ორგანიზება და/ან განხორციელება) გაწევა;
ლ) სხვადასხვა ხასიათის სასწავლო პროექტების, სასწავლო მასალების, მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნა;
მ) სააგენტოს თანამშრომელთათვის და მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დაინტერესებული პირების/ორგანიზაციებისათვის გამოცდების, გასაუბრებების, ტესტირებების ორგანიზება და ჩატარება;
ნ) სწავლებების, სემინარების, კონფერენციების და სხვა სასწავლო/სატრენინგო  პროგრამების/პროექტების დასრულების შემდეგ, საჭიროებისამებრ, შესაბამისი მოწმობებისა და სერტიფიკატების გაცემა;
ო) სასწავლო/სატრენინგო პროცესის წარმართვისათვის და/ან ორგანიზებისათვის სხვა მომსახურებების უზრუნველყოფა;
პ) ამ პუნქტის „კ-ო“ ქვეპუნქტებში მითითებული ფუნქციების გარდა, ცენტრი, მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფს სხვადასხვა ორგანიზაციისათვის თანამშრომელთა, სპეციალისტთა, სტაჟიორთა, სტაჟირების კანდიდატთა, ფიზიკურ და სხვა დაინტერესებულ პირთა მოსამზადებლად სასწავლო კურსების, სხვადასხვა სახის სასწავლო, მათ შორის კვალიფიკაციის ამაღლების, პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებას, ასევე გამოცდების, გასაუბრებების, ტესტირებების ორგანიზებასა და ჩატარებას.

3. ცენტრის უფლებამოსილებებია:

ა) სემინარების, კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, ტრენინგების გამართვის უზრუნველყოფა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ;

ბ) ხელშეკრულებების დადება საქართველოსა და უცხოელ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ დებულებით დადგენილი მიზნების მისაღწევად;

გ) მიღებული ფინანსური სახსრების განკარგვა ცენტრის საქმიანობის, ცენტრის მიერ დადებული ხელშეკრულებების დაფინანსებისათვის, პროექტებისა და პროგრამების ფარგლებში საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების მიწოდებისათვის;

დ) შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალის დაქირავების უზრუნველყოფა;

ე) საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ვ) თავისი კომპეტენციის სფეროში შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ- ვებგვერდი, 30.10.2015წ.

 

მუხლი 3. ცენტრის სტრუქტურა

1. ცენტრი დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით.

2. ცენტრის სტრუქტურასა და თანამშრომელთა რაოდენობას განსაზღვრავს დირექტორი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროსთან შეთანხმებით.

 

მუხლი 4. ცენტრის მართვა

1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში - დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დირექტორს ჰყავს   მოადგილე(ები), რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  დირექტორი, მინისტრთან შეთანხმებით. დირექტორის მოადგილეების რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის საშტატო ნუსხით.

3. დირექტორის მოადგილეების უფლებამოსილება და საკურატორო სფეროები განისაზღვრება  დირექტორის ბრძანებით.

4. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობებს ასრულებს მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

5. დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში წარმართავს ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობას, მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად  აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ცენტრის მფლობელობაში არსებული ქონების დაცვაზე, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე. 

6. ცენტრის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს ცენტრს, წარმართავის მის საქმიანობას და წყვეტს ცენტრის  გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებაზე;

გ) ახორციელებს ცენტრის საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ,  მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; 

დ) ცენტრის სახელით ხელს აწერს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან დადგენილი წესით დადებულ ხელშეკრულებებს, სახელმწიფო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს, ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტების და პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ საგრანტო ხელშეკრულებებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს;

ე) ამტკიცებს ცენტრის საქმიანობის წლიურ გეგმას და წარუდგენს სამინისტროს;

ვ) უზრუნველყოფს ანგარიშების მომზადებას და წარდგენას როგორც სამინისტროსათვის, ასევე სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის; 

ზ) ხელს აწერს ცენტრის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს ან ახდენს ამ ან/და სხვა ფუნქციების დელეგირებას შესაბამის კომპეტენტურ პირებზე, ბრძანების საფუძველზე;

თ) უფლებამოსილია, სხვადასხვა უწყებიდან მოიწვიოს შესაბამისი სპეციალისტები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები;

 ი) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს დირექტორის მოადგილეთა კანდიდატურას, განსაზღვრავს მის უფლებამოსილებებს;

კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს; საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;

კ1) უფლებამოსილია ცენტრის თანამშრომლებს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისთვის ან შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, სამინისტროსთან შეთანხმებით დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი);

ლ) მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში და წესით,  სამინისტროს/მინისტრს უთანხმებს ცენტრის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს;

მ) ზრუნავს ცენტრის თანამშრომელთა პროფესიულ მომზადება/გადამზადებაზე, უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ნ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);

ო) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

პ) განსაზღვრავს ცენტრის სტრუქტურას;

ჟ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას და სახელფასო ფონდს;

რ) სამინისტროში წარადგენს ცენტრის ბიუჯეტის პროექტს;

ს) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს (საჭიროების შემთხვევაში - თანამდებობრივ ინსტრუქციებს), საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;

ტ) ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიები, საბჭოები) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;

უ) შუამდგომლობს სამინისტროს წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა ცენტრის ამოცანების შესასრულებლად;

ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა ცენტრის ამოცანების შესასრულებლად;

ქ) ცენტრის წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად;

ღ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

ყ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №01-63/ ნ - ვებგვერდი, 05.09.2014წ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №01-49/ნ- ვებგვერდი, 30.10.2015წ.

 

მუხლი 5. სახელმწიფო კონტროლი

1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ცენტრის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას.

2. მინისტრი აჩერებს ან აუქმებს ცენტრის არამართლზომიერ გადაწყვეტილებას.

3. სამინისტრო უფლებამოსილია, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.

 

მუხლი 6. ცენტრის ქონება და დაფინანსების წყაროები

1. ცენტრის ქონება შედგება  მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს, კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.

2. ცენტრის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.

3. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

გ) გრანტები და შემოწირულობის სახით მიღებული სახსრები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

4. ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და სახელფასო დანამატის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

7. ცენტრი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №01-63/ ნ - ვებგვერდი, 05.09.2014წ.

 

მუხლი 7. ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება

ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 8. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

1. ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

 

მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


კრებსითი — სრული ვერსია