სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
308
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-11-29
გამოქვეყნების თარიღი
2026-04-01
სარეგისტრაციო კოდი
010210040.10.003.017475
სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №308

2013 წლის 29 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

სახელმწიფო რწმუნებულის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 09.01.2019წ.

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27 2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო რწმუნებულის თანდართული დებულება.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 09.01.2019წ.
მუხლი 2
სახელმწიფო რწმუნებულებმა – გუბერნატორებმა, ამ დადგე­ნილების მიღებიდან 60 დღის ვადაში, უზრუნველყონ დადგენილებით დამ­ტკი­­ცებული დებულების შესაბამისად ადმინისტრაციების სტრუქტურუ­ლი რეო­რგანიზაციის განხორციელება, ხოლო რეორგანიზაციის დასრულებამ­დე იხელმძღვანელონ „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერ­თე­­უ­ლებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის საშ­ტა­ტო განრიგისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 ივლისის №454 ბრძა­ნებულებით.
მუხლი 3
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ფუნქციები, ამო­­ცანები და უფლებამოსილებები, ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის – გუ­ბერ­­­­ნატორის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფლე­ბა­მო­სი­ლებანი, ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული რეო­რგანი­ზა­ციის დასრულებამდე, განისაზღვრება „სახელმწიფო რწმუნებუ­ლის – გუ­ბერ­ნატორის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზი­დენტის 2007 წლის 27 ივნისის №406 ბრძანებულების შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამო­ქვე­ყნებისთანავე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლი –  ამ დადგენი­ლე­ბის მე‑2 მუხლით გათვალისწინებული რეორგანიზაციის დასრუ­ლე­ბის­თა­ნავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი




სახელმწიფო რწმუნებულის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი


მუხლი 1. სახელმწიფო რწმუნებულის დებულების რეგულირების სფერო

სახელმწიფო რწმუნებულის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსს, მის ამოცანებს, ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებათა ტერიტორიულ საზღვრებს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სტრუქტურასა და საქმიანობის წესს.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 09.01.2019წ.

მუხლი 2. სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსი და თანამდებობაზე დანიშვნა

1. სახელმწიფო რწმუნებული არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა.

2. სახელმწიფო რწმუნებულის კანდიდატურების შერჩევისა და საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის პროცედურას კოორდინაციას უწევს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო.

3. სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შერჩეული კანდიდატურების საქართველოს მთავრობისათვის წარმოდგენას უზრუნველყოფს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

4. სახელმწიფო რწმუნებული თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

5. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობისას სახელმწიფო რწმუნებული ვალდებულია, დაიცვას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილებები, ხოლო დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება, დელეგირებული უფლებამოსილებები განახორციელონ ადგილობრივ პირობებთან მისადაგებით.

6. სახელმწიფო რწმუნებული ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობის წინაშე.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 09.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 აპრილის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 01.04.2026წ.

მუხლი 3. სახელმწიფო რწმუნებულების უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები

1. სახელმწიფო რწმუნებულების უფლებამოსილებათა ტერიტორიული საზღვრები განისაზღვრება შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით:

ა) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს;

ბ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს;

გ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს;

დ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს;

ე) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს;

ვ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს;

ზ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს;

თ) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს;

ი) სახელმწიფო რწმუნებული, რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილება, აგრეთვე, ვრცელდება ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა (დევნილის სტატუსის მქონე ან დევნილის სტატუსის მაძიებელი) მიმართ, განურჩევლად მათი ფაქტობრივი თუ იურიდიული საცხოვრებელი ადგილისა.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 აპრილის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 01.04.2026წ.

მუხლი 4. სახელმწიფო რწმუნებულისა და მისი ადმინისტრაციის დაფინანსების წყარო

სახელმწიფო რწმუნებულისა და მისი ადმინისტრაციის საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 09.01.2019წ.

თავი II

სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებანი და სამართლებრივი აქტი

მუხლი 5. სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებანი

სახელმწიფო რწმუნებული:

ა) საქართველოს მთავრობის დავალებით, კოორდინაციას უწევს რეგიონული პოლიტიკის განხორციელებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეულ ღონისძიებებს;

ბ) საქართველოს მთავრობის დავალებით, შესაბამისი ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში შეიმუშავებს ან/და ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამებს და მონაწილეობას იღებს რეგიონული განვითარების ღონისძიებებში;

ბ1) რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს, საქართველოს მთავრობის დავალებით, ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთათვის (დევნილის სტატუსის მქონე ან დევნილის სტატუსის მაძიებელი) შეიმუშავებს ან/და ახორციელებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებს, აგრეთვე, კოორდინაციას უწევს, განათლებისა და კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;

გ) საქართველოს მთავრობისთვის წარმოსადგენად, ამზადებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს შესაბამისი სამოქმედო ტერიტორიის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ;

დ) საქართველოს მთავრობის დავალებით ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და სპორტის განვითარებას, კულტურისა და ისტორიული ძეგლების დაცვასა და სხვა ღონისძიებების განხორციელებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციას უწევს საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო უწყებების ურთიერთობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;

ე1) რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთათვის (დევნილის სტატუსის მქონე ან დევნილის სტატუსის მაძიებელი) სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის კოორდინაციის უზრუნველყოფას;

ე2) რომლის სამოქმედო ტერიტორია მოიცავს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს, საქართველოს მთავრობის დავალებით, მონაწილეობს ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) კონფლიქტის შედეგად ოკუპირებული ტერიტორიებისთვის საქართველოს სახელმწიფო ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით გასამართ შესაბამის ღონისძიებებში.

ვ) საქართველოს მთავრობის დავალებით კოორდინაციას უწევს საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;

ვ1) შესაბამის ტერიტორიაზე ახორციელებს სახელმწიფო უწყებების მიერ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კოორდინაციას, რაც გულისხმობს: ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერებას, შესწავლის მიზნით პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვასა და აღნიშნულის შესაბამისად, პროექტების ეფექტურად და დროულად განხორციელების მიზნით კოორდინაციის გაწევას, რის შესახებაც, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციას აწვდის საქართველოს მთავრობას ან/და შესაბამის უწყებებსა და სხვა უფლებამოსილ/კომპეტენტურ ორგანოებს;

ზ) საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენის მიზნით, საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს წინადადებებს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ;

თ) კანონის შესაბამისად, ახორციელებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სახელმწიფო ზედამხედველობას;

ი) საქართველოს მთავრობის დავალებით ან შესაბამისი სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ხელს უწყობს სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზების ღონისძიებათა განხორციელებას;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობას იღებს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით, ახორციელებს საგანგებო სიტუაციის პრევენციის, ერთიანი სისტემის მზადყოფნის, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამხარეო ოპერატიული ცენტრის საქმიანობას;

ნ) კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს ერთიანი სისტემის შესაბამისი სუბიექტების საერთო მზადყოფნასა და საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას;

ო) კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტების უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;

პ) კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს მოსახლეობის ევაკუაციას, ევაკუირებული მოსახლეობის სტაციონარული ან სხვა დროებითი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;

ჟ) კანონით დადგენილი წესით, ორგანიზებას უწევს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე რეაგირების ძალების საქმიანობასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას;

რ) კანონით დადგენილი წესით, ქმნის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მართვის დონეების შესაბამის ოპერატიულ ცენტრებს, გეგმავს და ახორციელებს სამოქალაქო უსაფრთხოების პრევენციულ ღონისძიებებს, შეიმუშავებს და ამტკიცებს რისკის მართვის გეგმებსა და საგანგებო მართვის გეგმებს;

ს) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე,  აწესებს და ხსნის ვეტერინარიულ და მცენარეთა კარანტინს ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში და წესით;

ტ) კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ტერიტორიაზე საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების აღსრულებას;

უ) უფლებამოსილია, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მთავრობის სხდომებში;

ფ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – განკარგულებებს;

ქ) იღებს გადაწყვეტილებებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ღ) საქართველოს მთავრობის დავალებათა შესასრულებლად, აგრეთვე  სახელმწიფო რწმუნებულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად უფლებამოსილია, შექმნას დროებითი კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები;

ყ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებსა და საქართველოს მთავრობის ცალკეულ დავალებებს.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 09.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №494 - ვებგვერდი, 07.11.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 აპრილის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 01.04.2026წ.

მუხლი 6. სახელმწიფო რწმუნებულის სამართლებრივი აქტი

1. სახელმწიფო რწმუნებულის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულება, რომელიც გამოიცემა საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, ამ აქტებით დადგენილ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

2. სახელმწიფო რწმუნებულის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აუქმებს საქართველოს მთავრობა.

3. სახელმწიფო რწმუნებულის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 09.01.2019წ.

თავი III

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სტატუსი, სტრუქტურა და საქმიანობის წესი

მუხლი 7. სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე და მოადგილეები

1. სახელმწიფო რწმუნებულს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო რწმუნებული.

2. სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლება-მოვალეობებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს სახელმწიფო რწმუნებული.

3. სახელმწიფო რწმუნებულის არყოფნისას ადმინისტრაციის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე.

4. სახელმწიფო რწმუნებული კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან დელეგირების საფუძველზე, მის მიერ უფლებამოსილი პირების მეშვეობით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 09.01.2019წ.

მუხლი 8. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

1. სახელმწიფო რწმუნებული თავის საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაცია) მეშვეობით, რომლის საშტატო ნუსხასა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო რწმუნებული.

2. ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ამტკიცებს სახელმწიფო რწმუნებული.

3. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი, საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 09.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 აპრილის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 01.04.2026წ.

მუხლი 9. ადმინისტრაციის სტრუქტურა

1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური;

გ) რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური.

2. ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები) კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთათვის (დევნილის სტატუსის მქონე ან დევნილის სტატუსის მაძიებელი), ამ დებულების მე-5 მუხლის „ბ1“, „ე1“ და „ე2“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად, ამავე  დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისა, შესაძლებელია, შეიქმნას შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 09.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 1 აპრილის დადგენილება №136 - ვებგვერდი, 01.04.2026წ.

მუხლი 10. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია

1. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ფუნქციებია:

ა) ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ერთიანი საქმისწარმოების (მათ შორის, საიდუმლო) უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის არქივის წარმოება;

ბ) სახელმწიფო რწმუნებულის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, რეზოლუციებისა და წერილების პროექტების ხელმოსაწერად მომზადება და სათანადო რეესტრის წარმოება;

გ) მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

დ) სახელმწიფო რწმუნებულისა და ადმინისტრაციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ე) საკადრო რესურსების მართვის მიზნით, ადმინისტრაციის თანამშრომელთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მათი პირადი საქმეების შედგენა-წარმოება;

ვ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან სახელმწიფო რწმუნებულისა და ადმინისტრაციის ურთიერთობის უზრუნველყოფა;

ზ) საზოგადოების ინფორმირება სახელმწიფო რწმუნებულისა და ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ;

თ) სახელმწიფო რწმუნებულის დავალებათა შესრულების კონტროლი;

ი) სახელმწიფო რწმუნებულთან გამართული თათბირებისა და სახელმწიფო რწმუნებულის საბჭოების, კომისიების, სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადება და ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

კ) სახელმწიფო რწმუნებულის სამოქმედო ტერიტორიაზე მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვება და სახელმწიფო რწმუნებულისა და შესაბამისი ორგანოებისათვის წარდგენა;

ლ) სახელმწიფო რწმუნებულის სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების აღსრულების კოორდინაცია და კონტროლი;

მ) ადმინისტრაციის ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ნ) ადმინისტრაციის საბიუჯეტო ასიგნებების პროექტის შემუშავება;

ო) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა;

პ) ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:

ა) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულისათვის რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიებთან კოორდინირებული მოქმედება;

ბ) თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და სამხედრო-სასწავლო შეკრებებისა და სამხედრო მომზადების ორგანიზების ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა;

გ) საქართველოს მთავრობის დავალების ან შესაბამისი სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ცალკეულ საკითხებზე ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან კონსულტაციების ორგანიზება;

დ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულისათვის სათანადო ინფორმაციისა და რეკომენდაციების მომზადება;

ვ) საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენად საკრებულოს საქმიანობის შეჩერების ან დათხოვნის შესახებ წინადადებების მომზადება.

3. რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ფუნქციებია:

ა) ამ დებულებით დადგენილ შემთხვევაში, სახელმწიფო რწმუნებულის სამოქმედო ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება;

ბ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, რეგიონული განვითარების ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

გ) საქართველოს მთავრობისთვის წარმოსადგენად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საგარეო სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა;

ე) სახელმწიფო რწმუნებულსა და საზღვარგარეთის სახელმწიფოების რეგიონებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა;

ვ) შესაბამის ინსტიტუტებსა და სპეციალისტებთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება;

ზ) საქართველოს მთავრობის დავალების შესაბამისად, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

თ) სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, ერთზე მეტ თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ვეტერინარიულ და მცენარეთა კარანტინის დაწესებისა და მოხსნის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ი) საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მელიორაციის სფეროში დაგეგმილი პროექტების ხელშეწყობა;

კ) სახელმწიფო რწმუნებულის სამოქმედო ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებების მიერ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კოორდინაციის ხელშეწყობა, რაც მოიცავს: ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერებას, შესწავლის მიზნით პროექტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვასა და აღნიშნულის შესაბამისად, პროექტების ეფექტურად და დროულად განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით სათანადო ინფორმაციის/რეკომენდაციების მომზადებასა და სახელმწიფო რწმუნებულისთვის წარდგენას შემდგომი რეაგირების მიზნით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 09.01.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №494 - ვებგვერდი, 07.11.2025წ.

მუხლი 11. ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის უფროსი

ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულს ჰყავს უფროსი, რომელიც:

ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია სახელმწიფო რწმუნებულის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვან შესრულებაზე;

ბ) განსაზღვრავს მისდამი დაქვემდებარებული მოსამსახურეების სამსახურებრივ უფლებამოსილებებს;

გ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

დ) ანაწილებს სამსახურებრივ კორესპონდენციას მისდამი დაქვემდებარებულ მოსამსახურეებზე და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;

ე) უფლებამოსილია, სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, აგრეთვე შესაბამისი დოკუმენტაცია;

ვ) უფლებამოსილია, წინადადებით მიმართოს სახელმწიფო რწმუნებულს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ;

ზ) ახორციელებს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და სახელმწიფო რწმუნებულის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 09.01.2019წ.

მუხლი 12. სახელმწიფო რწმუნებულის სათათბირო ორგანოები

1. სახელმწიფო რწმუნებული უფლებამოსილია, შექმნას სახელმწიფო რწმუნებულის სათათბირო ორგანოები – სახელმწიფო რწმუნებულის კომისიები და საბჭოები (შემდგომში – სათათბირო ორგანო).

2. სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნენ ადმინისტრაციის მოსამსახურეები, ასევე შესაბამისი თანხმობით – საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები.

3. სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელობს სახელმწიფო რწმუნებული ან მისი ერთ-ერთი მოადგილე.

4. სათათბირო ორგანოს საქმიანობის წესი, განსახილველ საკითხთა ნუსხა, წევრთა რიცხოვნობა და პერსონალური შემადგენლობა განისაზღვრება სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულებით.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 09.01.2019წ.

კრებსითი — სრული ვერსია