|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №71 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge 01/04/2013, 140080000.10.003.017235) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების“:
1. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებია: ა) სამსახურის ადმინისტრაცია (დეპარტამენტი); ბ) პირადი დაცვის დეპარტამენტი; გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის მთავარი სამმართველო; დ) განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების დაცვის დეპარტამენტი; ე) ოპერატიული დეპარტამენტი; ვ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი; ზ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი); თ) ეკონომიკური დეპარტამენტი; ი) სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტი; კ) კადრების მთავარი სამმართველო; ლ) ესკორტირების მთავარი სამმართველო; მ) სამედიცინო მთავარი სამმართველო; ნ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო; ო) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო.“. 2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირადი დაცვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელება; ბ) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაცია მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში; გ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და სხვა დასაცავი პირების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა; დ) საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების დაცვითი ღონისძიებების განხორციელება; ვ) იმ პირთა დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაენიშნებათ პერსონალური დაცვა; ზ) საქართველოში ვიზიტად მყოფი უცხო ქვეყნების სახელმწიფო მეთაურებისა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პირების დაცვითი ღონისძიებებით უზრუნველყოფა; თ) დასაცავი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ვითარებაში მათი უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.“. 3. მე-16 მუხლს დაემატოს „21“ პუნქტი შემდეგი რედაქციით: „21. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვის მთავარი სამმართველოს ამოცანებია: ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა; გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში.“. 4. მე-16 მუხლის მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 17 ნოემბრიდან. |
|