საქართველოს მთავრობის
განკარგულება №284
2005 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული დუშეთის რაიონის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
მიმდინარე წლის 12-14 ივნისს დუშეთის რაიონში მოსულმა ჭარბმა ნალექებმა დააზარალა მოსახლეობა. მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო გადაუდებელი სამუშაოების უზრუნველსაყოფად სამხარეო ადმინისტრაციამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ჯგუფთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება სამშენებლო ფირმა „ თემისთან “ მოლაპარაკებით სამუშაოთა დაუყოვნებლივ დაწყების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოთა დაუყოვნებლივ დაწყებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სამშენებლო ფირმა „ თემისთან “ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ შეფასდეს, როგორც ფორსამჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ “ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
2. მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქარ-თველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება:
ა) ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დიზელის საწვავის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით მცხეთა-მთიანეთის რეგიონისათვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი 200 000 (ორასი ათასი) ლარიდან ყაზბეგის რაიონის გამგეობისათვის 46 895 (ორმოცდაექვსი ათას რვაას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ჩარიცხვისა და ამ თანხით მოხმარებული გაზის საფასურის ანაზღაურების შესახებ;
ბ) სამუშაოთა შეუფერხებლად წარმოებისათვის ყაზბეგის რაიონისათვის განკუთვნილი 41 500 (ორმოცდაერთი ათას ხუთასი) ლიტრი დიზელის საწვავის დუშეთის რაიონის გამგეობისათვის გადაცემის შესახებ.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი